„მექვაბას“ საგოლე, „კაშოს“ და დვალის გუნდების მშრალი ტური
„მექვაბას“ საგოლე, „კაშოს“ და დვალის გუნდების მშრალი ტური
01.03.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

მორიგი უქმეები და ქართული ლეგიონის მორიგი სათამაშო დღე საკმაოდ საინტერესო გამოდგა


აქვე ვთქვათ ისიც, რომ ტრავმის გამო „ჰაიდენჰამის" მატჩი გამოტოვა ბუდუ ზივზივაძე. ტრავმის გამო გამოტოვა საშინაო შეხვედრა გიორგი ქოჩორაშვილმაც, რომლის „სპორტინგმაც" დღეს ნოდარ ლომინაძის „ეშტორილს" უმასპინძლა. სხვათა შორის, „ლომინაც" ტრავმის შემდეგ უბრუნდება გუნდის შემადგენლობას, თუმცა, ქართველი მხოლოდ განაცხადში იყო. „შახტარის" შემადგენლობაში იყო, თუმცა,  არ უთამაშია ირაკლი აზაროვს, ისევე, როგორც „ლივერპულის" შემადგენლობაში გიორგი მამარდაშვილს...


ესპანურ ლა ლიგაში „ბარსელონამ" 4-1 დაამარცხა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი". ქართველს, „ყვითელ წყალქვეშა ნავში", მაღალი შეფასება ჰქონდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ორ შემთხვევაში, უკეთეს პოზიციაში მყოფ „ბომბარდირს" ბურთი არ მიაწოდეს. მატჩის ბედი კი, ალბათ და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში, ლამინე იამალის დუბლმა გადაწყვიტა, რომელმაც საბოლოოდ, ამ შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა. კიდევ ერთი გოლი კატალონიიდან, „ყვითლებს" რობერტ ლევანდოვსკიმ გაატანა. 26 ტურის შემდეგ, „ვილირეალს" 51 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა. აქვე ალბათ უნდა აღვნიშნოთ, რომ ჟორჟი, ლა ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 


საფრანგეთის ლიგა 1-ში 24-ე ტური დაიწყო. დღეს, ქართველების გუნდებიდან პსჟ-მ ითამაშა. პარიზელები „ლე ავრის" დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით 0-1 გაიმარჯვეს. ერთადერთი გოლი ბარკოლამ გაიტანა. ხვიჩა კვარაცხელია კი, ტრადიციულად აქტიური იყო პარიზელთა რიგებიდან, გოლის გატანის მცდელობებიც, ბუნებრივია, რომ ჰქონდა, თუმცა, დღეს ქართველი, აშკარად სხვაგან ურტყამდა. თუმცა, ისევე, როგორც მთლიანად სტუმართა გუნდიც, რომელმაც უამრავი მომენტი გაანიავა. ამ შეხვედრის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ტური ჯერ არ დასრულებულა, პსჟ, 57 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია და 4 ქულით უსწრებს „ლანსს", რომელმაც გუშინ „სტრასბურგთან" ფრედ 1-1 ითამაშა და შესაბამისად საჭირო ქულები დაკარგა.


საფრანგეთის ლიგა 2-ში, ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა" გასვლით შეხვედრაში „პაუ" დაამარცხა 0-3. ქართველმა ბუნებრივია, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და ტრადიციულად, აქტიური იყო, თუმცა, 25-ე ტურში გოლი არ გაუტანია. ის, მე-80 წუთზე შეცვალეს. ქართველის გუნდი, 46 ქულით, მინიმუმ  2 მარტამდე სატურნირო ცხრილის სათავშია.


ინგლისის ჩემპიონშიპის 35-ე ტურში, გასვლაზე ითამაშა „უოტფორდმაც" და უშუალო კონკურენტი კონკრეტულ მოცემულობაში, „ბრისტოლ სიტი" 1-2 დაამარცხა. ანგარიში პირველ ტაიმში სტუმართა გუნდმა გახსნა, თუმცა, ტაიმი ფრედ დასრულდა. გამარჯვების გოლი გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის გუნდელებმა 77-ე წუთზე გაიტანეს. რაც შეეხება საბასა და გიორგის, ორივე სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა, გოგლიჩიძე 69-ე წუთზე იძულებით შეცვალეს, იმედს ვიტოვებთ, რომ ტრავმა არ იქნება სერიოზული. „ჩაკვე" კი, 86-ე წუთზე ჩაანაცვლეს. ამ მომენტში, ქართველების გუნდს, 51-ე ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.


რუმინეთის სუპერლიგას 59 ქულით, ერთპიროვნულად ლიდერობს კრაიოვას „უნივერსიტატია". ანრი მექვაბიშვილის გუნდმა, 29-ე ტურში ბუქარესტის „მეტალოგლობუსს" უმასპინძლა და 2-1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ქართველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში, მაღალი შეფასება დაიმსახურა. პირველი გოლი სტუმრებმა მე-3 წუთზე გაიტანეს. მეორე ტაიმის სტარტზევე კი, მექვაბიშვილის გადაცემით, ანდრიან რუსიმ გაათანაბრა.  79-ე წუთზე კი, სტუმრება ავტოგოლი გაიტანეს.


სლოვაკეთის ნაიკის ლიგის 22-ე ტურში, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში ვეტერანმა ქართველმა ლეგიონერმა გურამ კაშიამ, რომელსაც აქვე დავამატებთ, სრული შეხვედრა ჩაატარა და ამასთან გუნდის კაპიტანიც იყო.  „სლოვანმა" კი, საშინაო შეხვედრაში გიორგი მოისწრაფიშვილისა და ლუკა ხორხელის „ტრნავა" გაანადგურა, 4-0. სტუმარი გუნდის ქართველები შეცვლაზე შევიდნენ, გიორგი 66-ე, ლუკა კი, 78-ე წუთზე. 22 ტურის შემდეგ, „სლოვანი" 46 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, „ტრანვას" კი, 37 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა.


სხვათა შორის სლოვაკეთის ჩემპიონატში, 22-ე ტურში კიდევ ერთი „ქართული დერბი" შედგა - ალექსანდრე ნარიმანიძის „ჟილინამ" ფრედ, 0-0 ითამაშა საშინაო შეხვედრა ცოტნე კაპანაძის „დუნაისკა სტრედასთან". „ჟილინა" 40 ქულით მესამე ადგილზეა, „დუნაისკა სტრედას" კი, 43 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. როგორც ხედავთ, ამ ლიგაში, პირველ ოთხ ადგილს, სწორედ, ქართველი ლეგიონერების კლუბები იყოფენ.


ბულგარეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ლიგაში 23-ე ტურში, ლაშა დვალის „ცსკა 1948"-ი გასვლით შეხვედრაში ასევე სოფიას წარმომადგენლ „სლავიას" დაუპირისპირდა და 0-2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში ორივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. რაც შეეხება ქართველს, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და სრული მატჩი ჩაატარა. 23 ტურის შემდეგ, მის გუნდს 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.


აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, „ზირამ" გასვლით შეხვედრაში „აზალ პფკ"-ს შეხვდა და 0-1 დაამარცხა. ტრადიციულად 2026 წელს განახლებული სეზონიდან ორივე ქართველი, დავით ვოლკოვი და გიორგი პაპუნაშვილი „ზირას" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში ჯერ, „პაპუნა" (59'), შემდეგ კი, ვოლკოვი (73') შეცვალეს. 22-ე ტურის შემდეგ, „ზირას" 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში, მე-4 ადგილზეა.