17-წლამდე გოგონებმა ჯგუფში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყეს
17-წლამდე გოგონებმა ჯგუფში ასპარეზობა დასანანი მარცხით დაიწყეს
28.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ასპარეზობა ევროპის 2026 წლის მეორე შესარჩევ რაუნდში დაიწყო ასპარეზობა. ჩვენი ნაკრები B2 ჯგუფში მინი ტურნირის მასპინძელ ჩრდ. მაკედონიასთან, ჩრდ. ირლანდიასთან და ლუქსემბურგთან ერთად ასპარეზობს.


საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა პირველი შეხვედრა სტრუმიცაში, ტურნირის მასპინძელი ჩრდ. მაკედონიის წინააღმდეგ გამართა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა.


„დასანანი მარცხის მიუხედავად, თამაშით საქართველოს ნაკრები ჯობდა, თუმცა დავმარცხდით. ვფიქრობ, ამ შეცდომებით უფრო ვისწავლით რა და როგორ უნდა გავაკეთოთ მომავალში, შესაბამისად, ამ მხრივ, თამაშს დავხვეწთ.


ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელი გვაკლდა, წიქარიძე, მარიამ გასანოვა და ნატო გუტიკაშვილი. ანანო, მოგეხსენებათ ეროვნულ ნაკრებშია გამოცხადებული, გასანოვას და გუტიკაშვილს კი ტრავმა აქვთ, ვიმედოვნებთ რომ მალე დაგვიბრუნდებიან. რა თქმა უნდა, სამივე ფეხბურთელი ჩვენი გუნდისთვის დიდი ძალა იყო, ეს თამაშზეც აისახა და დანაკლისზეც ვიგრძენით. ტრავმირებულებს, მალე გამოჯანმრთელებას და ნაკრებში დაბრუნებას ვუსურვებ რეალურად ძირითადი შემადგენლობის 5 ფეხბურთელი გვყავდა. ძირითადის ორ ფეხბურთელს ორი ყვითელი ჰქონდა და ამ თამაშზე ვერ მოვახერხეთ მათი დაყენებაც", - ამბობს ტატა მატვეევა, 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ამ მომენტში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად, საბერძნეთის წინააღმდეგ სათამაშოდ ემზადება. 


რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, რომელზეც აუცილებლად გუნდთან შეხვედრისას ტატა მატვეევა აუცილებლად ილაპარაკებს და ყველა დეტალს განიხილავს, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. რეალურადაც, ქართველებს უფრო მეტი საგოლე მომენტი ქონდათ. ალბათ ყველაზე რეალური მე-60 წუთზე იყო, როდესაც ჯერ ლიზი კაკულია ურტყამდა დამატებაზე კი, ანა დოლიშვილი, თუმცა, ჩრდ. მაკედონიელები ამ სიტუაციიდან გამოძვრნენ. 70-ე წუთზე კი, ელენე ნაუმოსკამ, როგორც ჩანს შენიშნა კარიდან ოდნავ გამოსული ქართველთა მეკარე და შორი მანძილიდან გაგვიტანა. ამ გოლის შემდეგ, თამაში ძირითადად, ჩვენი გუნდი უტევდა, თუმცა, ანგარიშის გათანაბრება და ქულის გადარჩენა ამ ჯერზე ვერ მოვახერხეთ.


მომდევნო შეხვედრას, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 3 მარტს, თბილისის დროით, კვლავ 16:00 საათზე, ჩრდ. ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს.


ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი, საქართველოს 17-წლამდე გუნდი, 6 მარტს ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.


აქვე გეტყვით, რომ შესარჩევი ჯგუფიდან მოდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი გუნდი აგრძელებს ასპარეზობას. პირველი სათამაშო დღის შემდეგ, ჯგუფს ჩრდ. ირლანდიის ნაკრები ლიდერობს, რომელმაც დღეს ლუქსემბურგის ნაკრები 4-1 დაამარცხა.