„კვარას“, „მამარდას“ და „ქოჩორას“ გუნდების მეტოქეები ცნობილია
„კვარას“, „მამარდას“ და „ქოჩორას“ გუნდების მეტოქეები ცნობილია
27.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ნიონში, უეფა-ს შტაბ-ბინაში ხვიჩა კვარაცხელიას, გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი ქოჩორაშვილის მეტოქეები გაირკვნენ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე. ბუდაპეშტამდე, სადაც 2025-2026 წლების ფინალი გაიმართება, ქართველ ლეგიონერთა გუნდებიდან, ყველაზე არაპროგნოზირებადი და უხერხული მეტოქის, „ბოდო/გლიმტის" ბარიერის დაძლევა, „ქოჩორას" სპორტინგს მოუწევს.


ლუის ენრიკემ უნდა თქვას, ვინატრე და ამისრულდაო, რადგან ხვიჩა კვარცხელიას პსჟ, „ჩელსის" დაუპირისპირდება. ალბათ, აქ, ერთი კითხვის ნიშანია - იმ არასტაბილური თამაშის ფონზე, რასაც ბოლო თვის მანძილზე პარიზული კლუბი გვთავაზობს, საინტერესოა, როგორ განვითრდება მოვლენები ორრაუნდიანი დაპირისპირების საპასუხო სერიაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ ენრიკეს გუნდის გეგმები, ისე არ წავიდა, როგორც ესპანელს უნდოდა.


აი „ლივერპულს" კი, რა თქმა უნდა თუ „იუვენტუსივით" არ გაირთულებს პირველ თამაშში ამოცანას, საპასუხო შეხვედრის სახლში თამაშის უფლების მიღებით, ნამდვილად გაუმართლა. „გალა" - „ლივერპულის" დაპირისპირებაში ისღა დაგვრჩენია ვისურვოთ, რომ მერსისაიდელების კარს, ჩვენი გიორგი მამარდაშვილი იცავდეს.


დღევანდელმა წილისყრამ,  1/8-ფინალური წყვილები კი, რომლებიც შეხვედრებს 10/11  და 17/18 მარტს გამართავენ, ასე გადანაწილდნენ:


პსჟ - „ჩელსი"

„გალათასარაი" - „ლივერპული"

„რეალი" - „მანჩესტერ სიტი"

„ატალანტა" - „ბაიერნი"

„ნიუკასლი" - „ბარსელონა"

„ატლეტიკო" - „ტოტენჰემი"

„ბოდო/გლიმტი" - „სპორტინგი"

„ლევერკუზენი" - „არსენალი"


თუ ქართველების გუნდები წარმატებით დაძლევენ მერვედფინალურ ეტაპს, საკმაოდ საინტერესო წყვილი გველის. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე  1/4-ფინალური შეხვედრები 7/8 და 14/15 აპრილს ჩატარდება და ამ ეტაპზე, შესაძლოა „კვარას" და „მამარდას" გუნდები გადაეყარონ ერთმანეთს.


პსჟ/"ჩელსი" - „გალათასარაი"/"ლივერპული" (1)

„რეალი"/"მანჩესტერ სიტი" - „ატალანტა"/"ბაიერნი" (2)

„ნიუკასლი"/"ბარსელონა" - „ატლეტიკო"/"ტოტენჰემი" (3)

„ბოდო/გლიმტი"/"სპორტინგი" - „ლევერკუზენი"/"არსენალი" (4)



1/2 ფინალის პირველი მატჩები 28/29 აპრილსა და 5/6 მაისს გაიმართება.

მეოთხედფინალი 1 - მეოთხედფინალი 2

მეოთხედფინალი 3 - მეოთხედფინალი 4


და ბოლოს  შეგახსენებთ, რომ ფინალი, 30 მაისს ბუდაპეშტში, „პუშკაშ არენაზე" ჩატარდება.