
ბრაზილიამდე გზა გრძელია, თუმცა, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირის ანტმანი, ალბათ, უარს არ იტყოდა მისი გუნდისთვის იქ გასამგზავრებელად, თვითმფრინავის ბილეთები ეყიდა. მანამდე კი, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის სამი წლისთავზე, ანტმანი, საპრესკონფერენციო ფორმატში ქართული მედიას პირველად შეხვდა. თემა, ქალთა ნაკრების სამზადისი იყო მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებამდე.
„ახალი შესარჩევის დაწყების წინ, ყოველთვის ვფიქრობთ და გვინდა კვალიფიკაციის გავლა. გვინდა თამაშების მოგება. ამჯერად, ორივე გუნდი, რომლებსაც ვეთამაშებით, ჩვენზე რეიტინგით წინ არის. თუმცა, რეიტინგი ყოველთვის გადამწყვეტი არაა. განსაკუთრებით, ამ მხრივ, ბერძნებს გამოვყოფდი, რომლის ფეხბურთელებიც სხვადასხვა ქვეყნის ძლიერ კლუბებში თამაშობენ. შარშანაც შესარჩევი ჩვენ დავიწყეთ თებერვალში, ასეთ დროს დაწყება ყოველთვის გამოწვევაა ჩვენთვის. ასე რომ თუ, პასუხისმგებლობით მოვეკიდებით საქმეს, ახლაც შეგვიძლია ამის გაკეთება. განსაკუთრებით, ბერძნებთან თამაშზე გვინდა აქცენტის გაკეთება, თუ მათ სისუსტეებს საჩვენოდ გამოვიყენებთ, ვითამაშებთ ჩვენს თამაშს, შესაძლოა ეს თამაშიც მოვიგოთ და ზოგადად ყველა თამაში. რაც შეეხება მიზანს, ალბათ უფრო რეალური და მისაღებიც იქნება ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა", - ამბობს ირის ანტმანი.
ჩვენი გვერდის მკითხველმა იცის, რომ ახალ შესარჩევ ციკლში, რომელსაც ჩვენი ნაკრები 3 მარტიდან დაიწყებს და სამ გუნდიან, C4 ჯგუფში საერთო ჯამში ოთხ შეხვედრას ჩაატარებს, საქართველოს ნაკრების მეტოქეები საბერძნეთისა და ფარერის კუნძულების ნაკრებები იქნებიან. ამავე სტატიებიდან ჩვენ გიამბობდით, რომ ქალთა ეროვნული პირველად, 2026 წლის იანვარში შეიკრიბა, შემდეგ კი თებერვალში. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე, ანტმანი შეეცადა აეხსნა თუ, რატომ იყო მსგავსი შეკრებების აუცილებლობა.
„გამომდინარე იქიდან, რომ ზამთრის პერიოდში ადგილობრივი ჩემპიონატი არ ტარდება, ჩვენ ამ სახით ვცდილობთ, ფეხბურთელებს ფორმა შევუნარჩუნოთ. ბუნებრივია, ეროვნულ ჩემპიონატში არაა ის სისწრაფეები, როგორსაც სანაკრებო თამაშები მოითხოვს. საჭიროა ტაქტიკური დისციპლინაც. გუნდი, როდესაც მუშაობს ფიზმომზადების მწვრთნელთან ერთად, მუშაობს დარბაზში, ეს ყოველთვის ემჩნევა. ამ მხრივ ორი წლის წინანდელ მდგომარეობას რომ შევადაროთ, ძალიან დიდი სხვაობაა. ჩვენ სრულად ვერ გამოვასწორებთ, ფეხბურთელების ფიზიკურ კონდიციებს სანაკრებო შეკრებების დროს, თუმცა, ვაძლევთ საგანგებოდ შედგენილ პროგრამებს, რომლებზეც სახლში ინდივიდუალურად მუშაობენ. ნაკრებში კი, ტესტებს ვუტარებთ. ემჩნევათ, რომ ფეხბურთელები ამას აკეთებენ, ბოლო წლებში, 95%-მა ამის ხარჯზე დაკარგა ზედმეტი წონაც", - ამბობს ანტმანი.
იანვრის შეკრების შემდეგ, რომლის დროსაც ქალთა ეროვნულმა ძირითადი ყურადღება მაინც, ალბათ უფრო ფიზიკურ მომზადებას დაუთმო, 19 თებერვლიდან კი, გუნდმა, კონკრეტულად ბერძნებთან, გახსნითი შეხვედრისთვის დაიწყო მზადება. სხვათა შორის, ბერძნებმა სანაკრებო მზადება მხოლოდ 24 თებერვლიდან დაიწყეს. მიუხედავად ამისა, ანტმანს მიაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი მოწინააღმდეგისთვის ეს პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
„ჩვენგან განსხვავებით ბერძნები შუა სეზონში არიან. მათი ლიგა სექტემბერში დაიწყო. მართალია, გუნდი, მხოლოდ 24 რიცხვში შეიკრიბა როდესად ოფიციალური სანაკრებო ფანჯარა დაიწყო. თუმცა, ჰყავთ გამოცდილი მოთამაშეები და კიდევ, ახალი მწვრთნელი, რომელსაც მოთამაშეების გაცნობაც სჭირდება. საქართველოს ნაკრები, არავისთვის არის იოლი ლუკმა. თუმცა, ჩვენთვის პირველი შეხვედრა არის დიდი გამოწვევა", - ამბობს ქალთა ეროვნული მთავარი მწვრთნელი, რომელსაც ახალი შესარჩევი ციკლის სასტარტო შეხვედრაში ანა ჩემინავას გარდა, რომლის ტრავმის თაობაზეც უკვე ვწერდით, გამოაკლდენ თეონა ბაქრაძე, სალომე გასვიანი, უშუალოდ შეკრების პერიოდში კი, ანი აკობიძე და ანასტასია ბოლქვაძე გამოაკლდნენ. ეს კი, ანტმანის ფორმაციის გუნდისთვის უდიდესი ძალაა. ქართველთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ერთ-ერთ ასეთ გამოთავისუფლებულ ადგილზე, ანანო წიქარიძე გამოიძახა. 16 წლის ფეხბურთელი, რომელიც ამ ბოლო დღეებში, ინტერნეტ-სივრცეში განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
„საქართველოს ნაკრებში მოსვლის დღიდან, გუნდში ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელს მივეცი თამაშის საშუალება. ისინი, ვინც ახერხებს მენტალიტეტის ჩამოყალიბებას, ახერხებს გამარჯვებასაც. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქათველოში დაიწყო ახალგაზრდული ლიგა - 15-წლამდე ლიგას ვგულისხმობ, სადაც ბევრ ნიჭიერ მოთამაშეს ვხედავ. ანანო, ჯერ მხოლოდ 6 წლისაა და 17-წლამდე ნაკრებში ის, ლიდერია. მან იცის როგორ აიყოლიოს გუნდი. ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე, როგორც წესი ეროვნულ ნაკრებში სკამიდან იწყებს კარიერას, მაგრამ ანანოს აქვს შანსი, ძირითადშიც გამოჩნდეს. ასე იწყებდა თიკო ამბალიაც, რომელიც ახლა ჩეხეთში თამაშობს. რაც შეეხება ანანოს ტრანსფერს, როგორც ვიცი, ის 18 მარტს უნდა ჩავიდეს იტალიაში და იქ, კვირის ან უფრო მეტი დროის მანძილზე, მონაწილეობა მიიღოს გუნდის (ლაპარაკია „რომაზე") ვარჯიშებსა და თამაშში, სადაც მას დააკვირდებიან. იტალიელი სელექციონერები ანანოს ასაკის ბევრ ფეხბურთელს არჩევენ სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის ჩემი ქვეყნიდან, ისრაელიდანაც არის ერთი. საბოლოოდ, საუკეთესოებთან კონტრაქტს აფორმებენ. ამ ეტაპზე პრობლემა ისაა, რომ ფეხბურთელი მხოლოდ 16 წლისაა და 18 წლამდე გართულდება მისი გადაყვანა, თუმცა, თუკი უნდათ ეს ფეხბურთელი, მაშინ რაღაც გამოსავალი უნდა მოძებნონ. მას აქვს ყველა მონაცემი და თუკი ბიჭებში არის „კვარა", რატო არ შეიძლება ანანო გახდეს გოგო „კვარა", - ამბობს ირის ანტმანი.
აქ არის ძალიან ბევრი „ტალანტი" ფეხბურთელი, აქ, საქართველოში (ქვეყნის დასახელებას, ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი რამდენჯერმე, ხაზგასმით ქართულად წარმოთქვამს) ამბობს ანტმანი და გოგოებში „კვარას" გამოჩენას აანონსებს. თუმცა, მანამდე ჩვენი, მედიის დახმარებით, სთხოვს ყველას, რომ ყურადღება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს, თამარ ტატუაშვილს მიაქციონ.
„ტატუ, ჩემთვის ლეგენდაა. ალბათ, 10 წლის შემდეგ, როდესაც საფეხბურთო კარიერას დაასრულებს ამას ყველა აღიარებს. დაბრუნდა ურთულესი ტრავმის შემდეგ, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ის ისრაელში, „აკაბი ხოლონი"-ში გადაბარგდა. როდესაც მიდიოდა, იცოდა, რომ იქ დიდი ხელფასი არ იქნებოდა. გასაუბრებაზე კი, გუნდის მესვეურებს უთხრა, რომ მას ფეხბურთის თამაში უნდოდა. ასკის (სარედაქციო - ფეხბურთელი 34 წლისაა) მიუხედავად, მას უნდოდა თამაში უკეთეს გუნდში. ტრადიციულად მის ასაკში, ბევრი „ფულს აკეთებს", მაგრამ „ტატუს" უნდა თამაში და შეიძლება ეს გუნდი, ტრამპლინიც იყოს მისთვის. რეალურად 17 წლის ასაკიდან ის ლეგიონერია, როგორც საფეხბურთო, ისე პიროვნული თვისებებით, ჩემთვის ლეგენდაა. არის გუნდის კაპიტანი, რასაც ნამდვილად იმსახურებს და ის არის, მისაბაძი მაგალითი", - ამბობს ანტმანი.
შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა მედიასთან საბერძნეთში, კრეტაზე გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, ჩვენი ნაკრები საბერძნეთისკენ და ახალი თავგადასავლისკენ გზას 1 მარტს დაადგება.
ფოტო: სფფ





ჩვენ








