სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა 17-წლამდება ჩრდ. მაკედონიასთან ორი სპარინგი გამართეს
სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა 17-წლამდება ჩრდ. მაკედონიასთან ორი სპარინგი გამართეს
26.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები 2026 წლის გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში იასპარეზებს. თამაშები 10-16 აპრილს სან მარინოში გაიმართება. ჩვენი ნაკრების მეტოქეები კი, მასპინძელი სან მარინოს, უელსისა  და ანდორას ასაკობრივი ნაკრებები იქნებიან. ამ ტურნირზე წარმატების შემთხვევაში 17-წლამდე „საქმეს" შემდეგი ასაკობრივი კატეგორიის გუნდისთვის გააკეთებენ  და ევროპის მომავალი ჩემპიონატის წილისყრაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრები უკეთეს დივიზიონში იასპარეზებს.


ამ შესარჩევი ციკლის მზადების ფარგლებში კი, სანდრო კობახიძის გაწვრთნილმა 17-წლამდე ნაკრებმა 24 და 26 თებერვალს, რუსთავსა და თბილისში, ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა ჩრდ. მაკედონიის ნაკრების წინააღმდეგ. პირველი სპარინგი ფრედ, 0-0 დასრულდა (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


დღეს კი, თბილისში, სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში, ქართველმა 17-წლამდებმა, რომლებმაც სასტარტო შემადგენლობაში მცირედი ცვლილებები დაიწყეს შეხვედრა, ანგარიში მე-15 წუთზე გახსნეს. გიორგი ჯამარაულის გადაცემით, გოლი დავით ცქვიტაიამ გაიტანა. მეორე ტაიმის 2 წუთიან მონაკვეთში ჩვენებმა ორი გოლი გაიტანეს, აქედან ერთი საკუთარ კარში. 66-ე წუთზე, რეზი გაზდელიანმა ანგარიში ორამდე გაზარდა, 68-ე წუთზე კი, საკუთარ კარში ანზორ ცირამუამ ჩაჭრა.  საბოლოოდ მეტ-ნაკლებად ჩვენი უპირატესობით წარმართული მატჩი საქართველოს 17-წლამდე ნაკრების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ირლანდიური „შემროკ როვერსის" ქართველი ფეხბურთელის, მათე ისაკაძის დებიუტიც შედგა.


თებერვლის ამხანაგური შეხვედრებისთვის სანდრო კობახიძეს შემდეგი ფეხბურთელები ჰყავდა გამოძახებული - მეკარეები: გივი წიკლაური („ლოკომოტივი", თბილისი), მათე ჭელიძე („დინამო თბილისი"), საბა ცარციძე („კოლხეთი" ფოთი); მცველები: ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი"), იოანე გოგიჩაიშვილი („დინამო თბილისი"), საბა კილაძე  („იბერია 1999", თბილისი), დავით ცქვიტაია („დინამო თბილისი"), ალიკა გეთიაშვილი („დინამო თბილისი"), საბა ხუციშვილი („ინტერის აკადემია", თბილისი), ანდრია ლოლუა („დინამო თბილისი"), ანზორ ცირამუა („დინამო თბილისი"); ნახევარმცველები: გიორგი გერგედავა („ტორპედო", ქუთაისი), საბა შარვაშიძე („დინამო  თბილისი"), საბა ავდოევი („იბერია 1999", თბილისი), გიორგი ლაგვილავა („ტორპედო" ქუთაისი), ლუკა კნოევი („ოსნაბრუკი", გერმანია), რეზი გაზდელიანი („ბოლნისი" სიონი), ბექა ბარამიძე („დინამო", ბათუმი), გიორგი ჯამარაული („მეშახტე" ტყიბული), მათე ისაკაძე („შემროკ როვერსი", ირლანდია); თავდამსხმელები: სანდრო მიქაუტაძე („დინამო თბილისი"), ედვინ მხოიანი („ინტერის აკადემია", თბილისი), სანდრო კუნჭულია („იბერია 1999", თბილისი), გიორგი გორგაძე („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ხატოიანი („ტორპედო" ქუთაისი).


რაც შეეხება აპრილში დაგეგმილი თამაშების განრიგს ასეთია:

10 აპრილი, სან მარინო - საქართველო (ეციო კონტი, დოგანა)

13 აპრილი, ანდორა - საქართველო (აკვავივა სტედიუმი, აკვავივა)

16 აპრილი, უელსი - საქართველო (აკვავივა სტედიუმი, აკვავივა)