
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენი" რთული გზით, მაგრამ ტიტულის დასაცავად ბროლას აგრძელებს. „მონაკოსთან" ფრანგულ დუელშიც, ორი შეხვედრის ჯამში 5-4, გამარჯვებული სწორედ, პსჟ გამოვიდა და ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ გადამწყვეტი მე-5 გოლი, ქართველმა გაიტანა.
დღეს, „პარკ დე პრენსზე" ლუის ენრიკეს გაწვრთნილი გუნდისთვის პირველი რაუნდის შეხვედრის მსგავსად, პირველი ტაიმი ისე არ წავიდა, როგორც პარიზელებს უნდოდათ. 45-ე წუთზე კი, მანიე აკლიუშემ ხვიჩას გუნდელებს გოლი გასახდელში გაიტანა. თუმცა, მეორე ტაიმში, პსჟ, საკუთარი გულშემატკივრის გამაყრუებელი სტვენის ფონზე, სხვა გუნდი დაბრუნდა მოედანზე. ამას ისიც დაემატა, რომ სტუმრები, პირველი შეხვედრის მსგავსად, ათნი დარჩნენ. მამადუ კულიბალიმ სამ წუთში ორი ყვითელი მიიღო და შესაბამისად, მოედნის დატოვება მოუხდა. რეალურად, მონაკოელი არც იყო მოედნიდან გასული დეზირე დუეს გადაცემის შემდეგ, მარკინიოსმა, რომ გაათანაბრა 1-1. 10 კაცით დარჩენილი და გაშვებული გოლის ფაქტორმა თავისი გააკეთა, მანამდე კი, ვიდრე „მონაკო" დალაგდებოდა, პარიზელებმა ბურთი კარგად დაიჭირეს და 66-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა. ამას გარდა, ქართველმა წლევანდელ გათამაშებაში მე-4 გოლი გაიტანა. პსჟ დაწინაურდა, 2-1. სხვათა შორის ამ გოლამდე, ქართველი, პირველ ტაიმში ვერ მიწვდა ჩაწოდებულს, შანსი ჰქონდა მეორე ტაიმშიც. ზოგადად პარიზელთაგან ქართველს ყველაზე მაღალი შეფასება ჰქონდა, ყველაზე მეტჯერ შევიდა ბრძოლაში და მეტოქის საჯარიმოშიც ბურთს პროცენტულად ყველაზე მეტჯერ ფლობდა. მიუხედავად ამისა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, დუე დასახელდა.
„ჩვენ არ გაგვკვირვებია „მონაკოს" მხრიდან მსგავსი თამაში. ამ სეზონში ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია პრობლემის დაძლევისა და თამაშში დაბრუნების უნარი გვაქვს. საკმაოდ რთული შეჯიბრია, ვიცით, რომ გამოსასწორებელი გვაქვს. მომდევნო ეტაპი რთული იქნება, მნიშვნელოვანია, რომ გამოვასწოროთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მზად ვართ ნებისმიერთან სათამაშოდ", - ამბობს ლუის ენრიკე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისთვის გაკეთებულ ოფიციალურ კომენტარში.
პარიზელებს კი გამოსასწორებელი ბევრი აქვთ, თუნდაც კონცენტრაცია ბოლო წუთებზე, რადგან დღევანდელ შეხვედრაში, პირველი შეხვედრის მსგავსად, მეორე გოლი ტაიმის მიწურულს გაუშვეს. დღევანდელი შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ეს კი, მასპინძლებს აძლევდა ხელს. გამოსასწორებელზე, რომელზეც კვარას გუნდის თავკაცმა, პრეს-კონფერენციაზე აღნიშნა, ზემოთხსენებული გარდა, ალბათ, ლუის ენრიკეს სამწვრთნელო გუნდს ისიც საფიქრალი ექნება, მდევრის როლში უფრო ძლიერ მეტოქესთან, როგორ აპირებს თამაშში დაბრუნებას, თუ, მოწინააღმდეგე მატჩის ბოლომდე სრულის შემადგენლობით დარჩება.
ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფიდან პსჟ-ს გარდა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე „რეალი", „გალათასარაი", „ატალანტა", „ნიუკასლი", „ატლეტიკო", „ლევერკუზენი" და რაც ალბათ, ყველაზე მოულოდნელი იყო ნორვეგიული „ბოდო გლიმტი" გავიდნენ. ისე, საინტერესოა და ახალი ჩელენჯივით არის, რომელი კლუბი მოახერხებს „ბოდოს" შეჩერებას.
რაც შეეხება წილისყრას, 1/8 ფინალური წილისყრა პარასკევს, 27 თებერვალს გაიმართება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის სავარაუდო მეტოქეები „ბარსელონა" ან „ჩელსი" იქნებიან.
ფოტო: © UEFA





ჩვენ








