საქართველოს თასის გათამაშების ფორმატში ცვლილებაა
საქართველოს თასის გათამაშების ფორმატში ცვლილებაა
24.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2026 წლის გათამაშების ფორმატში ცვლილებაა. ამის შესახებ ინფორმაცია სფფ-ის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა. გადაწყვეტილება კი, დღეს, ფედერაციაში გამართულ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.  


„დებულების შესაბამისად, კვლავ ერთმატჩიანი იქნება დაპირისპირება ყველა ეტაპზე, მაგრამ მოხდება გუნდების განთესვა. წლის დასაწყისშივე შედგება ბადე და ყველა გუნდს თავის პოტენციური მეტოქე ეცოდინება, იმ ბადის შესაბამისად, რომლის წილისყრაც მხოლოდ ერთხელ იქნება, წლის დასაწყისში", - ამბობს დავით მუჯირი, სფფ-ის გენერალური მდივანი სხდომის დასრულების შემდეგ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასი, წლებია ერთმატჩიანი შეხვედრების ფორმატით ტარდება, სადაც ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის რამდენიმე (საერთო ჯამში 10) გუნდი, გათამაშებაში 1/16 ფინალიდან იწყებს ასპარეზობას. აქვე შეგახსენებთ, რომ ბრმა წილისყრის შემდეგ ხშირად ყოფილა, რომ გათამაშების საწყის ეტაპზევე (ვგულისხმობთ 1/16 ფინალებს) ზედა ეშელონის გუნდებს დროზე ადრე დაუსრულებიათ მთავარი ტროფეისთვის ბრძოლა.


ფორმატში შეტანილი ცვლილებებისა და წინასწარ შედგენილი ბადის საფუძველზე, რომელიც გასული სეზონის, ამ შემთხვევაში, 2025 წლის საქართველოს ეროვნული ლიგის და შესაბამისად ქვედა ლიგების საბოლოო შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს თასის ფინალამდე, ქვეყნის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი ერთმანეთს ვერ გადაეკვეთებიან. ამავე პრინციპით, ქვეყნის მთავარი ჩემპიონატის პირველ ოთხ ადგილზე გასული გუნდიც, 1/2 ფინალამდე ერთმანეთს არ შეხვდებიან.


უფრო დეტალურად და ბუნებრივია, კლუბების წარმომადგენელთა შესაბამისი კომენტარებით, ჩვენ თემას მოგვიანებით კვლავ დავუბრუნდებით.