„მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ლუის ენრიკემ „კვარაზეც“ ილაპარაკა
„მონაკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ლუის ენრიკემ „კვარაზეც“ ილაპარაკა
24.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, ხვალ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფის საპასუხო შეხვედრას გამართავს „მონაკოს" წინააღმდეგ. მატჩი თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება. მანამდე კი, თამაშში მონაწილე გუნდებისთვის უეფა-ს პროტოკოლით გათვალისწინებული MD1 (მატჩის წინა დღე) ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკესა და ფეხბურთელის დეზირე დუეს შეხვედრა ადგილობრივ და მატჩზე აკრედიტებულ მედიასთან.


ლუის ენრიკემ, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ხვალ საკმაოდ რთული თამაშის მოლოდინშია. ილაპარაკა ფეხბურთელებზე თუ ვის აქვთ პენალტების დარტყმის პრიორიტეტი, ცალკეული ფეხბურთელების პლუს-მინუსებზე და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიაზეც. მით უმეტეს, რომ დარბაზში მეორე კითხვა, სწორედ კვარას შესახებ დაისვა - „ჩემი შეკითხვა „კვარას" ეხება. ის უკვე ერთი წელია გუნდშია. რას გამოყოფდით მასში განსაკუთრებულად, მის ხასიათს, მის ტექნიკას? შეგიძლიათ მის შესახებ გვითხრათ?", კითხულობს ჟურნალისტი, რაზეც პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი ასე პასუხობს: „ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავია. ის, ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი ფეხბურთელია, კლუბში მოსვლის დღიდან. ის არის განსხვავებული ფეხბურთელი, რადგან მას აქვს უნარები გაიტანოს გოლი, აქვს კარგი დრიბლინგი და კარგია დაცვაში თამაშისას. ძალიან რთულია იყო პსჟ-ს ფორვარდი, ჩვენ, მოხარული ვართ, რომ ის ჩვენი გუნდის წევრია".


შეგახსენებთ, რომ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიას 8 შეხვედრა აქვს ჩატარებული. მინდორზე კი, 512 წუთი გატარებული, რაც საშუალოდ, მატჩში 64 წუთი გამოდის. ქართველს მეტოქის კარის აღების 24 მცდელობა აქვს და აქედან 3 გოლი აქვს გატანილი, ასევე, 3 საგოლე გადაცემაა მის ანგარიშზე. ხვიჩას პასების სიზუსტე 90.13% არის, მაქსიმალური სიჩქარე საშუალოდ მატჩებში 32.18 კმ/სთ, 1 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.



ფოტო: (c) PSG / UEFA