ქართული გოლების გარეშე დღეს ლეგიონის მორიგი სათამაშო დღე იყო
ქართული გოლების გარეშე დღეს ლეგიონის მორიგი სათამაშო დღე იყო
23.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართული ლეგიონიდან, რომელთა წარმომადგენლებს, ნაწილს მაინც, ალბათ ერთ თვეში, თბილისში, სანაკრებო შეკრებაზე ვიხილავთ, რამდენიმეს გუნდმა ითამაშა. თავიდანვე ვთქვათ, რომ „შახტარის" შემადგენლობაში იყო, თუმცა, სათამაშოდ არ გამოუსა ირაკლი აზაროვი. მისმა გუნდმა კი, 3-0 დაამარცხა ლვოვის „კარპატი" და სატურნირო უკრაინის პრემიერ ლიგის ცხრილში, 17 ტურის შემდეგ, 38 ქულით მეორე ადგილზეა. განაცხადში არ ყოფილან „ჰაიდენჰაიმში" ბუდუ ზივზივაძე, „ლოზანაში" კი, გაბრიელ სიგუა. ტრავმის გამო ავსტრიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრა გამოტოვა ოთარ კიტეიშვილმაც.


„კიტეს" გარეშე კი, გრაცის „შტურმმა" კაცნაკლული შემადგენლობით, „ლინცი" დაამარცხა საშინაო შეხვედრაში 1-0 და მეტად საჭირო სამი ქულა მოიპოვა. გრაცელთა რიგებში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში გიზი მამაგეიშვილმა, რომელიც 67-ე წუთზე შეცვალეს. 20 ტურის შემდეგ, „შტურმს" 34 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა.


ფრედ, 2-2 დასრულდა შეხვედრა სლოვაკეთში, ნაიკის ლიგის 21-ე ტურში, რომელშიც გურამ კაშიას „სლოვანმა" გასვლაზე, „რუზომბეროკის" წინააღმდეგ ითამაშა. ვეტერანი ქართველი, ვლადიმირ ვაისმა, 73-ე წუთზე შეუშვა მოედანზე. ამ მომენტში, „სლოვანი" უკვე კაცნაკლული იყო, თუმცა, 1-2-ს იგებდა. ბრატისლაველებმა გოლი 82-ე წუთზე გაუშვეს. ამ ტურის შემდეგ, „სლოვანს" 43 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია. 


ხორვატიის HNL-ის 23-ე ტურში თორნიკე მორჩილაძის „რიეკა" გასვლით შეხვედრაში 1-0  დამარცხდა სპლიტის „ჰაიდუკთან". „მორჩილა", რომელსაც გასულ კვირას, უეფა-ს კონფერენს ლიგის ფლეი-აუთის ეტაპზე დებიტი ჰქონდა და მომდევნო კვირას, დისციპლინარულის გამო, საპასუხო შეხვედრას გამოტოვებს, დღეს თამაშში 77-ე წუთიდან ჩაერთო, რა დროსაც მისი გუნდი უკვე კარგა ხანი 10 ფეხბურთელით თამაშობდა. ქართველის მოედანზე შესვლის შემდეგ, „ჰაიდუკმა" ჯერ გაიტანა, შემდეგ, კი კაცი მასაც გაუგდეს. თუმცა, დარჩენილ დროში, უკვე თანაბარ რაოდენობაში, „რიეკამ" ქულის გადარჩენა ვერ მოახერხა. ამ ტურის შემდეგ, „ჰაიდუკმა" „რიეკასთან" უპირატესობა 14 ქულამდე გაზარდა. ქართველის გუნდი კი, 32 ქულით მე-3 საფეხურზეა.


რუმინეთის ჩემპიონატს 56 ქულით ლიდერობს კრაიოვას „უნივერსიტატია". ანრი მექვაბიშვილის გუნდმა, სუპერლიგის 23-ე ტურში, გასვლით შეხვედრაში „უნირეა სლობოჟია" 0-3 დაამარცხა. ქართველმა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. ამასთან, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.


დღის ბოლო მატჩი ქართველის მონაწილეობით, ესპანურ ლა ლიგაში გაიმართა. 25-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა" ერთბურთიანი სხვაობით 2-1 „ვალენსია" დაამარცხა. გოლები ამ შეხვედრაში პირველ ტაიმში გავიდა, სამი, აქედან ორი პენალტი - ჯერ მასპინძელთა კარში, ტაიმის ბოლოს კი, სტუმართა კარში. რაც შეეხება ქართველს, ბომბარდირმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და სრული შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ჟორჟი, ტრადიციულად აქტიური იყო, მიღებული ყვითელი ბარათის გამო, მას არც თუ მაღალი შეფასება მისცეს. თუმცა, შეხვედრის მიწურულს, ალბათ, გოლი, რომ გაეტანა, რომელთანაც ახლოს იყო, ქართველის ეს მაჩვენებელი მოიმატებდა. ასეა თუ ისე, „ვილიარელმა" მოიგო და 25 ტურის შემდეგ, 51 ქულით, სატურნირო ცხრილში, კვლავ მე-3 ადგილზეა.