
დღეს ვერონაში, არენა დი ვერონაზე ზამთრის 2026 წლის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მილანსა და კორტინაში მიმდინარე თამაშებმა შეგახსენებთ ოფიციალურად სტარტი 7 თებერვალს აიღო, სწორედ ამ დღეს გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი და დღეს, 22 თებერვალს დაიხურა.
ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, საერთო ჯამში მედლების 116 კომპლექტი გათამაშდა. სულ ბოლო ოქროს მედლები ყინულის ჰოკეიში, აშშ-ს ნაკრებმა მოიგო, რომელმაც დაძაბულ ფინალში კანადა დამატებით დროში დაამარცხა და 1980 წლის შემდეგ, პირველად მოახერხა ოლიმპიური თამაშების მოგება.
მილანი-კორტინას ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილე 92 ქვეყნიდან მედლების მოგება, მხოლოდ 29 ქვეყანამ მოახერხა და ამდენად, საქართველოს წარმომადგენლების მიერ მოპოვებული ისტორიული ვერცხლის მედლები, ბევრად უფრო ფასეული ხდება. საერთო ჯამში თამაშებში მონაწილეობა 2,871 (1,533 კაცმა, 1,338 ქალმა) მიიღო.
ყველაზე მეტი, 41 მედალი (18 ოქრო, 12 ვერცხლი და 11 ბრინჯაო) ნორვეგიის ნაკრებმა მოიგო, 33 (12, 12, 9) მედალი აშშ-ს ანგარიშზეა, 20 მედალი (10, 7, 3) მედალი ნიდერლანდების ანგარიშზეა, თუმცა მათზე მეტი 30 მედალი (10, 6, 15) იტალიელებს, 26 მედალი (8, 10, 8) გერმანიას და 23 მედალი (8, 9, 6) საფრანგეთს აქვთ მოგებული, თუმცა, მაღალ ადგილას ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, დაჯამების შემდეგ, რომელთა მიერ მოგებული ოქროს მედალია მეტი, შემდეგ, ვერცხლისა და ბოლოს ბრინჯაოს.
შეგახსენებთ, რომ პირველად, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს წარმომადგენლებმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ვერცხლის მედლები მოიგეს. უშუალოდ თამაშებზე საქართველო 8 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, ორი სამთო-მოთხილამურით (ნინო წიკლაური და ლუკა ბუჩუკური) და ექვსი ფიგურული მოციგურავით (სპორტული ცეკვები - დიანა დევისი და გლებ სმოლკინი მე-13 ადგილი, ერთეული კაცები - ნიკა ეგაძე მე-10 ადგილი, ერთეული ქალები - ანასტასია გუბანოვა მე-9 ადგილი, სპორტული წყვილები - ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მე-2 ადგილი).
2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე საქართვლოს დროშა, მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუკა ბერულავამ და ხუთ გზის ოლიმპიელმა ქალმა მოთხილამურემ ნინო წიკლაურმა გამოიტანეს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2030 წელს საფრანგეთში გაიმართება.





ჩვენ








