ესპანეთი დამარცხებულია, ნახევარფინალი თბილისშია
ესპანეთი დამარცხებულია, ნახევარფინალი თბილისშია
21.02.2026
ავტორი: რაგბის კავშირი

ბორჯღალოსნებმა 2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ქულათა მაქსიმუმით (15) პირველ ადგილზე დაასრულეს და თასის ნახევარფინალს თბილისში, საკუთარი გულშემატკვრის წინაშე გამართავენ.


2000 წლიდან დღემდე, ეს ამ გუნდების 28-ე დაპირისპირება იყო და საქართველომ 24-ე გამარჯვება (1 ფრე, 3 მარცხი) გამარჯვება იზეიმა. 2012 წლის შემდეგ, ესპანელ „ლომებს" შინ თუ გარეთ 16-ჯერ შევერკინეთ და ყველა მათგანი ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, მათ შორის შარშან ფინალში (46-28).


საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო წლის პირველი საშინაო შეხვედრა. გუნდი საკუთარი გულშემატკივრის წინაშე პირველად თამაშობდა ახალი მთავარი მწვრთნელის, მარკო ბორტოლამის ხელმძღვანელობთ და სასიამოვნოა, რომ „ავჭალის" სტადიონი პირთამდე შეივსო. გულშემატკივარს თანადგომა ჩვენმა მორაგბეებმაც დაუფასეს, თითო ტაიმში 3-3 ლელო გაიტანეს და ბონუს-ქულით გაიმარჯვეს, რითაც ქომაგებს კიდევ ერთხელ მისცეს სტადიონიდან ქომაგობის შესაძლებლობა, ამჯერად უკვე თასის ნახევარფინალში.



ჯგუფის დასკვნით შეხვედრას საქართველო და ესპანეთი ქულათა მაქსმუმით შეხვდნენ და ერთმანეთში არკვევდნენ პირველი ადგილოსნის ვინაობას. ბორჯღალოსნებმა მეტოქეს მრავალფეროვანი თამაში შესთავაზეს. ისინი დომინირებდნენ შერკინებაში, მოლსა და კონტაქტის არეში, დამაჯერებლები იყვნენ დერეფანში და საინტერესოდ უტევდნენ ხაზით.


ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, რასაც მალევე დერეფნიდან აგორებული მოლით და ვანო კარკაძის ლელოთი ვუპასუხეთ, რომელიც თედო აბჟანდაძემ გარდასახა. თანაბარი 20 წუთის შემდეგ მასპინძლების უპრატესობა გამოიკვეთა და 30-ე წუთზე მეორე ლელო გავიდა. დერეფნისა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ბურთი ხაზზე გავიდა, გიორგი კვესელაძემ პასი ზურგს უკან გააკეთა, გელა აფრასიძემ კი საქმეში დემე თაფლაძე ჩართო, რომელმაც კარის წინ მცველი ცრუმოძრაობით ჩამოიცილა და ლელოში შევიდა. აბჟანდაძემ გარდასახა.



ლუსიანო რიჩარდის გუტიერესმა მეორე ჯარიმით სწრაფად გვიპასუხა, 5 წუთში კი მესამე ლელო გავიტანეთ. მეტოქის 22-ში დანიშნული დერეფნიდან კარგი კომბინაცია გავათამაშეთ, ბურთი ხაზზე დავით ნინიაშვილამდე ჩავათამაშეთ, მან კი ორი მცველი ჩამოიცილა და მისი ლელო აბჟანდაძემ გარდასახა. სტუმრებმა ტაიმის მიწურულს მორიგი ჯარიმით ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს, 21-9.


მეორე ტაიმის საწყის წუთებში ესპანეთმა ჩვენი სიმშვიდითა და შეცდომებით ისარგებლა და კონტრშეტევაზე გატანილი ორი ლელოთი უპირატესობა მოიპოვეს. 44-ე წუთზე ცენტრალურ ზონაში ბურთი წინ გადაგვივარდა, ბაიმ ის ფეხით ძლიერად გადაიკიდა, თავად მიყვა და ლელოში დაამიწა. შეცდომებს რომ მოვუხშირეთ ესპანეთმა ბურთზე კონტროლი დაამყარა, 54-ე წუთზე ხელდახელ სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ბელტრან ორტეგას ოფლოუდის შემდეგ ლუსიანო გუტიერესმა ლელო გაიტანა. მანვე ორივე გარდასახვა გამოიყენა და ესპანეთი 2 ქულით დაწინაურდა.



ამან მასპინძლები გამოაცოცხლა და უპირატესობის დასაბრუნებლად სულ რაღარც 2 წუთი დაგვჭირდა. მრავალფაზიანი შეტევის შემდეგ, რომლის დროსაც ყოველთვის ვახერხებდით უპრატესობის ხაზის გადაკვეთას, ლუკა ივანიშვილს ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, საქმეში შეცვლაზე შესული ბაჩუკი ჭუმბაძე ჩაერთო და იქვე ლელოთი უპირატესობა დაგვიბრუნა. აბჟანდაძემ გარდასახა.


ბორჯღალოსნებმა დაიბრუნეს სათამაშო ინიციატივა და ბორონატის სინბინის შემდეგ რიცხობრივი უპირატესობა მოვიპოვეთ, რომლითაც კარგად ვისარგებლეთ. 68-ე წუთზე კარგად ნაცადი კომბინაცია გავითამაშეთ, დერეფნისა და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ, კვესელაძემ კვლავ ზურგს უკან გაიტანა ბურთი, შეცვლაზე შესულმა ლუკა მატკავამ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა.



3 წუთში ჩვენი ნახევრიდან კიდევ ერთი კარგი ხელდახელ შეტევა წამოვიწყეთ. ხაზი თორნკე კახოიძემ გაჭრა და იერიში ოთარ მეტრეველმა გააგრძელა, ესპანელებმა 22-ში ბურთი შეგვინელეს, თუმცა ფაზები ავკინძეთ და შეცვლაზე შესული ვასილ ლობჟანიძის გრძელი გადაცემის შემდეგ, თაფლაძემ ალამთან თავისი მეორე და გუნდის მეექვსე ლელო გაიტანა. მატკავა გარდასახვიდან ზუსტი იყო.


მატჩის მიწურულს უკვე ჩვენ დავრჩით კაცნაკლული. მაღალი, სახიფათო ბოჭვისთვის წითელი ბარათი ივანიშვილმა მიიღო, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, გუტიერესმა თავისი მესამე ლელო გაიტანა და გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა,  42-30 საქართველოს სასარგებლოდ.


ვინ იქნება ჩვენი მეტოქე თასის ნახევარფინალში და ვის მოუწევს საქართველოში ჩამოსვლა ხვალ გაირკვევა. ბ ჯგუფს 10 ქულთ პორტუგალია ლიდერობს, რომელიც 5 ქულით მეორე ადგილზე მყოფ რუმინეთს ხვალ ლისაბონში მასპინძლობს. ამავე ჯგუფში დღეს ბელგია, რომელიც ჯერჯერობით უქულოდაა, 4-ქულიან გერმანიას მასპინძლობს.



2026 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი

ა ჯგუფი. III რაუნდი. 21 თებერვალი (შაბათი)

თბილისი. „ავჭალა". 3000 მაყურებელი

საქართველო - ესპანეთი 42-30 (21-9)

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), 6. ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).

მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ბაჩუკი ჭუმბაძე (ექსეთერი), 19. გიორგი ჯავახია (ტულონი), 20. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (ოიონა), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

6 ლელო: კარკაძე, თაფლაძე (2), ნინიაშვილი, ჭუმბაძე, მატკავა

6 გარდასახვა: აბჟანდაძე (4), მატკავა (2)