დღის პირველ ნახევარში ქართულმა გუნდებმა წააგეს
დღის პირველ ნახევარში ქართულმა გუნდებმა წააგეს
21.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, კონფერენს ქაფის მორიგი საასპარეზო დღე დაძაბული იყო ქართული გუნდებისთვის. „აპოლომ" და „დინამო თბილისმა" დღეს, 2-2 შეხვედრა ჩაატარეს.


დღის პირველი ნახევარში C ჯგუფში „აპოლო",„დე აკერ თიმს" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში 15-16 (თამაშის ტექნიკური ჩანაწერი) დააგო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე ტურნირის ჯგუფურ შეხვედრაში, ეს ქართული გუნდისთვის ზედიზედ მესამე შეხვედრაა, რომელშიც ჩვენს გუნდს, ქულის ასაღებად პენალტების სერია დასჭირდა. სამწუხაროდ, ამ შეხვედრაში არ გაგვიმართლა - სადაც პირველი და ბოლო 5-მეტრიანი დარტყმა დმიტრი ალექსეევმა და სრდან ვუკსანოვიჩმა გააცუდეს და შესაბამისად, დრაგოლიუბ როგაცის, ვარგასა და იოან სარიჩის გარჯა, რომლებმაც ზუსტად შეასრულეს პენალტები, წყალში ჩაყარეს. თან სარიჩის დარტყმის შემდეგ, 15-14-ს ვიგებდით კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, პენალტების სერიაში 3-4 დავმარცხდით. რაც შეეხება შეხვედრის ძირითად დროს, აქ, „აპოლომ" პირველი და მესამე პერიოდები მოიგო (5-3, 3-1), თუმცა, მეორე და ბოლო, მეოთხე პერიოდები, ერთნაირი ანგარიშით (2-4, 2-4) წააგო. შესაბამისად ძირითდი დრო ფრედ, 12-12 დასრულდა.


ამ შეხვედრაში, ქართული გუნდიდან გატანილი გოლების ავტორები არიან სრდან ვუსკანოვიჩი (3), დმიტრი ალექსეევი (3), ანდრია ბითაძე (2), დრაგოლიუბ ბოგაჩი (1), ხვიჩა ჯახაია (1), ნინო მუდრაჟია (1) და მილოშ ვუკიჩევიჩი (1).  


შეგახსენებთ, მომდევნო შეხვედრას, უფრო ზუსტად ორ მატჩს, დღის ბოლოს, ქართული კლუბი „მონპელიეს" წინააღმდეგ ითამაშებს. გეტყვით იმასაც რომ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო სპორტ მენეჯმენტი",  C ჯგუფში, იტალიურ „დე აკერ თიმთან", უნგრულ „ენდო პლუს სერვიჩესთან", ფრანგულ „მონპელიესთან" და ხორვატულ „პრიმორიესთან" ერთად ასპარეზობს. შესაბამისად, ფრანგულ კლუბთან დაგეგმილი მატჩი, ჩვენი გუნდისთვის ბოლო იქნება.


დღის ამავე მონაკვეთში პირველი შეხვედრა ჩატარა D ჯგუფში „დინამო თბილისსაც". საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი წყალბურთში, სერბულ „ცრვენა ზვეზდას" დაუპირისპირდა. შეხვედრის პირველ ტაიმში გუნდებმა პერიოდები გაცვალეს, პირველი სერბებმა მოიგეს 4-1, მეორე კი ჩვენ, 2-4, თუმცა, ერთით მეტი გატანილი გოლის წყალობით, პირველი ტაიმი „ცრვენა ზვეზდამ" მოიგო 6-5. ერთბურთიანი სხვაობა და შესაბამისად, ბოლო წუთამდე დაძაბულობა შენარჩუნდა ამ გუნდების დაპირისპირების მეორე ტაიმშიც, სადაც მესამე პერიოდი ფრედ, 3-3 დასრულდა. შესაბამისად, ბოლო პერიოდის წინ, ტაბლოზე ანგარიშ 9-8 იყო. აი, ბოლო მონაკვეთში კი, რომელშიც ყველაზე ცოტა გოლი გავიდა და მხოლოდ 2-1 დასრულდა, სერბებმა მოახერხეს და თამაში გამარჯვებამდე მიიყვანეს  11-9 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი).


ამ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლები ფიოდორ ავერკამ (4), ნიკოლა ბუჩანმა (3) და საბა ტყეშელაშვილმა (2) გაიტანეს.


დღის ბოლოს კი, ესპანურ „მატაროს" დაუპირისპირდებიან. თუმცა, „აპოლოსგან" განსხვავებით, ამ თბილისურ კლუბს ხვალ კიდევ ერთი მატჩი რჩება ჩასატარებელი.


იხილეთ ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილი


კონფერენს ქაფის მომდევნო ეტაპზე, ოთხი ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო გადის.



ფოტო: „აპოლო" / თამუნა ყულუმბეგაშვილი