მეორე „ლატარია“ „აპოლომ“ მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა
მეორე „ლატარია“ „აპოლომ“ მოიგო და მნიშვნელოვანი ქულები ჩაიწერა
21.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „აპოლომ" კონფერენს ქაფის C ჯგუფში, მეორე შეხვედრა გამართა და ამჯერად მოიგო. ამჯერად, რადგან გუშინდელი შეხვედრის მსგავსად, დღესაც გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა. ამჯერად, ქართული გუნდი ხორვატულ „პრიმორიეს" დაუპირისპირდა და 23-22 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) გაიმარჯვა.


შეხვედრა საკმაოდ თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ქართველთ გუნდი, რომელსაც ზედიზედ მეორე დღე მოუხდა ასპარეზობა, თანაც პირველი ხანგრძლივი მატჩის შემდეგ, ბევრ შანსს ანიავებდა. მიუხედავად ამისა პირველი ტაიმი „აპოლომ" 5-4 (2-2, 3-2) მოიგო. ბურთი ბურთში წარიმართა მესამე მეოთხედის საწყისი წუთებიც, თუმცა, მიწურულს ხორვატებმა მოახერხეს კონკრეტულად ამ მონაკვეთში, ორბურთიანი უპირატესობის მოპოვება და 3-5 მოგვიგეს. გადამწყვეტი, მეოთხე მეოთხედის წინ, ანგარიში 8-9 იყო, „პრიმორიეს" სასარგებლოდ. ბოლო პერიოდი ქართული გუნდის გოლით გაიხსნა და რეალურად, „აპოლომ" მოახერხა, რომ ხორვატები მდევრის როლში ყოფილიყვნენ, თუმცა, შეხვედრის ძირითადი დროის ამოწურვამდე, 2:37 წუთით ადრე, „პრიომორიემ" მოახერხა დაწინაურება და მდევრის როლში ჩვენ აღმოვჩნდით. უფრო მეტიც, საფინალო სასტვენამდე, 5 წამით ადრე, წინ სწორედ ხორვატები იყვნენ. თუმცა, დენეშ ვარგამ უმნიშვნელოვანესი და თითქმის კურიოზული გოლი (უფრო „ლელო") გაიტანა და თამაშის პენალტების სერიაში გადაყვანა მოახერხა. მატჩის ძირითადი დრო 1-1 დასრულდა. დღევანდელ შეხვედრაში ქართული გუნდიდან გოლები გაიტანეს: როგაგ დრაგოლიუბმა (4), დმიტრი ალექსეევმა (3), იოვან სარიჩმა (2), სრდან ვუკსანოვიჩმა (2), ხვიჩა ჯახაიამ (1) და დენეშ ვარგამ (1).  


ისევე როგორც გუშინდელ შეხვედრაში, დღესაც გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა პენალტების სერია, რომელიც საერთო ჯამში 10-10 შესრულდა. აი აქ კი, ქართული გუნდიდან თავი გამოიჩინეს დმიტრი ალექსეევმა (2), როგაგ დრაგოლიუბმა (2), დენეშ ვარგამ (2),  იოან სარიჩმა (2), სრდან ვუკსანოვიჩმა (2).


ამ მომენტისთვის „აპოლოს" 3 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილზეა.


შეგახსენებთ, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „აპოლო სპორტ მენეჯმენტი",  C ჯგუფში, იტალიურ „დე აკერ თიმთან", უნგრულ „ენდო პლუს სერვიჩესთან", ფრანგულ „მონპელიესთან" და ხორვატულ „პრიმორიესთან" ერთად ასპარეზობს. მომდევნო შეხვედრას, უფრო ზუსტად ორ მატჩს, ქართული კლუბი ხვალ, 21 თებერვალს, ჯერ „დე აკერ თიმის", დღის ბოლოს კი, „მონპელიეს წინააღმდეგ" გამართავს.


და ბოლოს გეტყვით, რომ ხვალვე D ჯგუფში ორი შეხვედრა ელის „დინამო თბილისსაც". დინამოელები დღის პირველ ნახევარში სერბულ „ცრვენა ზვეზდას", დღის ბოლოს კი, ესპანურ „მატაროს" დაუკავშირდებიან.

 

ფოტო: აპოლო