„ახლა დავფიქრდი, როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი“ - ანასტასია გუბანოვა
„ახლა დავფიქრდი, როგორ მოვახერხე ეს ყველაფერი“ - ანასტასია გუბანოვა
20.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობა დაასრულა. ჩვენი ოლიმპიური გუნდიდან ბოლოს ფიგურულმა მოციგურავე ქალმა ანასტასია გუბანოვამ იასპარეზა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 138.22 (71.39/66.83) ქულა დაიმსახურა და მე-11 ადგილი დაიკავა. ჩვენს სპორტსმენს, მისსავე საუკეთესო შედეგამდე (141.39) სულ ცოტა დააკლდა, თუმცა, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩვენმა წარმომადგენელმა თამამად შეიძლება ვთქვათ რომ ოთხი სტარტი წარმატებულად აიღო და დაასრულა.


„ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს და ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ მოვახერხე ორი წარმატებული პროგრამის შესრულება. ორივე ღამით, ფოკუსირებული ვიყავი ჩემს პროგრამებზე. ბოლოს, როდესაც დავასრულე, დავფიქრდი როგორ მოვახერხე ამ ყველაფრის გაკეთება და ასე კარგად გამოსვლა.


მართლა ვამაყობ საკუთარი თავით. რა თქმა უნდა ასეთი გრძელი შეჯიბრის შემდეგ, დაღლილი ვარ. თავს ბევრად უფრო კარგად, გუნდური შეჯიბრისას ვგრძნობდი. რაც შეეხება ჩემს სამომავლო გეგმებს, ამ ეტაპზე სწავლაზე ვარ ორიენტირებული. ვსწავლობ სპორტის უნივერსიტეტში სამწვრთნელო ფაკულტეტზე. ამის შემდეგ, ვაპირებ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას. აი, ამის შემდეგ რა იქნება, ჯერ არ ვიცი", - ამბობს ანასტასია გუბანოვა, თავისუფალი პროგრამის დასრულების შემდეგ, Golden Skate-სთვის გაკეთებულ კომენტარში.


გუბანოვამ ჯამში, 209.99 ქულით, მე-9 ადგილით დაასრულა ასპარეზობა მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ოლიმპიური ჩემპიონი კი, აშშ-ს წარმომადგენელი ალისა ლიუი. ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ ანასტასიამ ერთი, რომ ევროპის მასშტაბით მე-3 შედეგი დააფიქსირა და კიდევ, ერთი ადგილით გააუმჯობესა პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მისივე დაფიქსირებული შედეგი. შეგახსენებთ, რომ დღევანდლამდე, ქალთა შორის საქართველოს ორ წარმომადგენელს ელენე გედევანიშვილსა და ანასტასია გუბანოვას მე-10 შედეგი ჰქონდათ დაფიქსირებული.


და ბოლოს, მილანი-კორტინას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები ისტორიულია, ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ პირველად მოახერხეს ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის სახეობებში მედლების მოპოვება.


ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ