
მილანი-კორტინას 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებზე საკმაოდ გრძელი და მარათონული შეჯიბრი ფიგურულ ციგურაობაში ფინიშის სწორზე გავიდა. ხვალ, მილანში დაისვენებენ, 19 თებერვალს კი, მედლების ბოლო კომპლექტი გათამაშდება, სადაც მედლის მოგების შანსი, ჩვენი გუნდის წარმომადგენელს ანასტასია გუბანოვას აქვს.
დღეს ჩვენმა წარმომადგენელმა San Sanana კომპოზიციაზე, საკმაოდ მსუბუქად შეასრულა ყველა დაგეგმილი ელემენტი და 71.77 (38.28 /33.49) ქულით, მოკლე პროგრამა მე-6 შედეგით დაასრულა. სხვათა შორის ანასტასიამ, ამ შედეგით, პირადი რეკორდიც (69.81) გააუმჯობესა და სეზონის მისეული საუკეთესო შედეგიც (68.08). გამომდინარე ბოლო შეჯიბრების გამოცდილებიდან, ანასტასია, უკეთესად, თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობს. ერთი წლის წინ, მას თავისუფალ პროგრამაში 141.39 ქულა აქვს დაფიქსირებული, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე კი, გუნდური ასპარეზობისას, გუბანოვამ მე-2 შედეგი აჩვენა 140.17 ქულით.
„წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ გამოსვლით. შთამბეჭდავი იყო, უფრო მეტი, ვიდრე ამას მოველოდი. ის, რომ ინდივიდუალურ შეჯიბრში ბოლო ჯგუფში მომიხდა ასპარეზობა სიამაყით მავსებს. ძალიან მეამაყებოდა, რომ ჩემს მშობლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შვილი, ოლიმპიურ თამაშებზე, ამ უძლიერეს ჯგუფში ეხილათ. ეს რაღაც ახდენილ ოცნებას ჰგავს. მოხარული ვარ, რომ ასეთ ასპარეზზე სუფთად სრიალი მოვახერხე.
გუშინ, მე აქ ვიყავი, რათა ქართული გუნდისთვის მხარი დამეჭირა, რომელთა წყვილიც მედლებისთვის იბრძოდა და მივხვდი, რომ ბორტთან დგომა და სხვისთვის ნერვიულობა, ბევრად უფრო რთული ყოფილა, ვიდრე საკუთარი გამოსვლისას. გუშინ მოგებული მედალი, ქართული გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ეს პირველი მედალია ზამთრის სახეობებში საქართველოსთვის და მე ვამაყობ ჩემი ქვეყნით. არ მეგონა, რომ ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლაში, ასე რთული იქნებოდა, მხარი დამეჭირა და მენერვიულა ვინმეს გამო", - იტყვის ანასტასია გუბანოვა, Golden Skate-სთვის გაკეთებულ კომენტარში შეჯიბრის დასრულების შემდეგ.
სხვათა შორის, დღეს ანასტასია გუბანოვამ კიდევ ერთხელ აჯობა თავის უშუალო კონკურენტს ბოლო წლებში ბელგიელ ლეონა ჰენდრიქს. ზოგადად, თუკი, მოკლე პროგრამის შედეგებს გადავხედავთ და არ ჩავთვლით, ნეიტრალური ქვეყნის წარმომადგენელს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებზე დაუშვეს, ევროპის კონტინენტიდან გუბანოვა ლიდერობს.
საქართველოდან ევროპის პირველი ჩემპიონი, რომელსაც წლევანდელ ევროზე, მედლამდე ძალიან ცოტა დააკლდა თავისუფალ პროგრამაში, ბოლო ჯგუფში იასპარეზებს. მის შემდეგ, ყინულზე პირველ ხუთ ადგილზე მყოფი მოციგურავეები გამოვლენ: ადელია პეტროსიანი (ნეიტრალური ათლეტი), იაპონელები ჩიბა მონე, კაორი საკამოტო, ამი ნაკაი და ამერიკელი ალისა ლიუ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ





ჩვენ








