ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდეს - ლუკა ბერულავა
ყველაფერს გავაკეთებ, რომ საქართველოში სპორტის ეს სახეობა განვითარდეს - ლუკა ბერულავა
17.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


2026 წლის 17 თებერვალი, ქართული სპორტის ისტორიაში ჩაიწერება. ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მილანსა და კორტინაში ჯერ ისევ მიმდინარეობს ქართული ფიგურული ციგურაობის ახალი თავი დაიწერა. ფეხბურთის შემდეგ, იტალიური გარემო, თუმცა, ისევე როგორც ბრიტანული, წარმატებული გამოდგა ჩვენი ფიგურული მოციგურავეებისთვის. ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოგებიდან ერთ თვეში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლები მოიგეს. მოიგეს ბრძოლაში და დიდ კონკურენციაში.


„დიდი პატივია და წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი სახელები ჩაიწერება, როგორც ზამთრის ოლიმპიური თამაშების პირველი ქართველი მედალოსნების. უდიდესი პატივია! ჩვენთვის ეს იყო გრძელი გზა და ჩვენ წარმოუდგენლად ბედნიერები ვართ. პროგრამის ბოლოს შვება ვიგრძენით.


ეს იყო წარმოუდგენელი შვება, რადგან მისია შევასრულეთ. ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ საერთო ჯამში, ოთხი პროგრამა შევასრულეთ და ახლა, ცოტა ხანი შეგვიძლია დავისვენოთ.


ვფიქრობ ჩვენს შემდეგ, საქართველოს გუნდი გაიზრდება - ჩვენ გვეყოლება მეორე, მესამე, მეოთხე წყვილები და ეს მოგვცემს საშუალებას, ჩემპიონატი მოეწყოს საქართველოში. კარიერის დასრულების შემდეგ, ამაზე ვიზრუნებ, რადგან მე მიყვარს ფიგურული ციგურაობა და მინდა ყველაფერი გავაკეთო რომ სპორტის ეს სახეობა საქათველოში განვითარდეს", - ამბობს ლუკა ბერულავა „გოლდენ სქეითისთვის" გაკეთებულ კომენტარში შეჯიბრის დასრულების შემდეგ.


 „ვფიქრობ, რომ საქართველოს ფედერაცია ნამდვილად იმსახურებდა მედალს, რადგან მათ შეგვიქმნეს ყველა პირობა იმისთვის რომ გვევარჯიშა და მოგვეგო მედლები. ასევე მადლიერები ვართ მთლიანად საქართველოსი და ქართული ფედერაციის, რადგან მათი დამსახურებაა აქ რომ ვართ ახლა ამ მედლებით, ამ თამაშებზე. მართლა მინდოდა ყინულზე მალე გავსულიყავი, რადგან ნამდვილად რთულია (ლაპარაკია მოკლე პროგრამის შემდეგ). ეს თამაშები ჩვენთვის პირველი მსგავსი ტურნირი იყო, სადაც გუნდური ასპარეზობის შემდეგ, საკმაოდ დიდ ხანს უნდა შეგვენარჩუნებინა ფორმა. ეს მენტალურად საკმაოდ რთული არის, რადგან რელაქსაციას ვერ ახერხებ და მას შემდეგ, რაც უკვე ოთხი პროგრამა ვისრიალეთ, ვგრძნობთ, რომ ოდნავ დავიღალეთ. საბოლოოდ, მე ბედნიერი ვიყავი, რომ ეს ყველაფერი დასრულდა, რომ ჩვენ ეს მაღალ დონეზე დავასრულეთ, რომ ყველაფერი ჩავდეთ ყინულზე ყოფნისას და არაფერზე გვწყდება გული", - ამბობს ანასტასია მეტელკინა.


ქართულმა წყვილმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ მეორე ადგილს იკავებდა,  თავისუფალ პროგრამაში 146.29 (76.28/70.01) ქულა დაიმსახურეს, რაც ქართული წყვილის სეზონის საუკეთესო შედეგთან, რომელიც 2025 წელს თბილისში, თრიალეთის თასზე დააფიქსირეს (148.07) საკმაოდ ახლოს იყო. ანალოგიურად, მეტელკინასა და ბერულავას წყვილის ოლიმპიური ჯამური ქულაც - 221.75,  ახლოს იყო სეზონის საუკეთესო ჯამურ ქულასთან 225.20.  წყვილმა თავისუფალ პროგრამაშიც მეორე და ჯამურადაც, მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიგო.



ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სსეო