
ქართული სპორტული წყვილი, ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა მილანი-კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამის შემდეგ 75.46 (41.45/34.01) ქულით მეორე ადგილზე არის. მოქმედი ევროპის ჩემპიონები, მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, რიგით მესამე სტარტზე, რომელშიც ამჯერად ინდივიდუალურ ასპარეზობაში დაიწყეს მედლებისთვის ბრძოლა, ყინულზე 19 მონაწილეს შორის ბოლო ჯგუფში გამოვიდნენ. მათ შემდეგ, ყინულზე მასპინძლები, იტალიელები, ასევე ევროპის ჩემპიონატზე უშუალო კონკურენტი გერმანელები და მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები იაპონური წყვილი რჩებოდა. თავისუფალ პროგრამაში კი, ხსენებული 19 წყვილიდან, ასპარეზობას 16 აგრძელებდა.
„ყოველთვის მაქსიმალისტი ვარ, ასე რომ დღევანდელი გამოსვლით ვერ ვიქნები კმაყოფილი. შეცდომა დავუშვი ელემენტზე, რომელიც ტრადიციულად ჩემი დამახასიათებელია. ხვალ შევეცდები ყველაფერი სუფთად შევასრულო. აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ იმით, რაც დღეს ჩემმა პარტნიორმა შეასრულა. ასევე მადლობელი ვარ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის, ჩემს მიმართ იჩენს. ბუნებრივია, გუნდური ასპარეზობის შემდეგ, ცოტა დაღლილი ვარ. კარგი იყო, რომ გუნდური შეჯიბრის შემდეგ, შევძელით ყინულის გატესტვა. თუმცა, მეორე მხრივ, საკმაოდ რთულია შეინარჩუნო თავი ტოპ დონეზე, მენტალური და ფიზიკური თვალსაზრისით, ასეთი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. ხვალ, ფინალური დღეა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მეტი აღარ ვინანოთ", - ამბობს ანასტასია მეტელკინა ერთ-ერთ საციგურაო ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.
ქართველი გულშემატკივრისთვის უკვე კარგად ნაცნობ კომპოზიციაზე, მილოშ კარადაგიჩის „ბოლეროზე" შესრულებული მოკლე პროგრამა, რომელსაც ასევე კარგად იცნობს ქართველი ქომაგი, ჩვენი სპორტული წყვილისთვის კარგად და მსუბუქად დაიწყო, თუმცა, მესამე ელემენტზე, სამმაგ ფლიპში გადაგდებისას ნასტიამ შეცდომა დაუშვა, გადავარდა მეორე ფეხზე და ტექნიკურმა პანელმა ელემენტი დაახარვეზა. მიუხედავად ამისა, წყვილმა მაღალი ტექნიკური ქულა დაიმსახურა და ალბათ, რომ არა ის შეცდომა, დღეს, საქართველოს წარმომადგენლები მოკლე პროგრამას პირველი ადგილით დახურავდნენ. თუმცა, თუკი კაცებში მოასპარეზე აშშ-ს წარმომადგენლის ილია მალინინის „პრაქტიკას" გავიხსენებთ, მაშინ იქნებ, უკეთესიც იყოს, რომ ჩვენებს ბოლო გამომსვლელის ტვირთი არ დააწვებათ.
მოკლე პროგრამის შემდეგ სპორტულ წყვილებში გერმანელები, მინერვა ფაბიან ჰასესა და ნიკიტა ვოლოდინის წყვილი ლიდერობს და ჩვენს წყვილს 5 ქულით უსწრებს. თავის მხრივ, ჩვენი წყვილი, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს, იაპონელებს რიკუ მიუროსა და რიუიჩი კიჰარას წყვილს, რომლებიც ამ ეტაპზე მე-5 ადგილზე არიან და ხვალ მაქსიმუმს გააკეთებენ, თითქმის სამი ქულით უსწრებს.
ასე, რომ ხვალ მშვიდად სრიალისა და სუფთად შესრულებული პროგრამის შემთხვევაში ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა ოლიმპიური მედლის მოგებას მოახერხებენ.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ





ჩვენ








