გიორგი კვერნაძემ მორიგი გოლი გაიტანა და სხვა ამბები ლეგიონიდან
გიორგი კვერნაძემ მორიგი გოლი გაიტანა და სხვა ამბები ლეგიონიდან
15.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ქართული ლეგიონის ნაწილისთვის მორიგი სათამაშო დღე იყო, თუმცა, ამ ლეგიონიდან ორს, გაბრიელ სიგუას („ლოზანა") და ნოდარ ლომინაძეს („ეშტორილი") ტრავმის გამო თამაშების გამოტოვება მოუხდათ. აი, გიორგი კვენაძემ კი, კვლავ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, მივყვეთ თანმიმდევრობით.


გიორგი კვერნაძემ მორიგი გოლი გაიტანა. იტალიის სერია B-ს 25-ე ტურში, ქართველის გუნდი გასვლით შეხვედრაში „სპეციას" დაუპირისპირდა. სტადიო ალბერტო პიკოზე, ანგარიში მე-20 წუთზე ქართველმა გახსნა ფარეს გედიემისის გადაცემით. მისმა „ფროზინონემ" კი, პირველი ტაიმი 0-1 მოიგო. სტუმართა უპირატესობა მეორე ტაიმშიც აშკარა იყო. 56-ე წუთზე უკვე გედიემისმა მოახერხა გოლის გატანა, ამჯერად საგოლე გადაცემა, კვერნაძემ გაუკეთა. საბოლოოდ, „ფროზინონემ" 0-2 გაიმარჯვა და ახლა, სატურნირო ცხრილში 52 ქულით მეორე ადგილზეა. რაც შეეხება კვერნაძეს, ის მსაჯის მიერ თამაშის კომპენსირებული ხუთი წუთიდან, პირველ წუთზე შეცვალეს.


გერმანული ბუნდესლიგის 22-ე ტურში ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი" გასვლით შეხვედრაში, „აუგსბურგს" დაუპირისპირდა. ქართველი სათადარიგოთა სკამზე იყო და მინდორზე მხოლოდ, 81-ე წუთზე შევიდა. თუმცა, ამ მომენტში ანგარიში 1-0 იყო, ბუდუს მინდორზე შესვლამდე წამებით ადრე გატანილი 11-მეტრიანის წყალობით. პირველ ტაიმში მიუხედავად იმისა, რომ ბურთს ფლობდა, ბუდუს გუნდისთვის გოლების გარეშე დასრულდა. თუმცა, ისევე, როგორც მასპინძლებისთვის. „ჰაიდენჰაიმი" აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა მეორე ტაიმშიც, თუმცა, ქართველის გუნდელებმა ეს უპირატესობა გოლში ვერ გარდასახეს. რაც შეეხება ბუდუს, ბურთთან მხოლოდ 4 შეხება ჰქონდა ორთაბრძოლაში ორჯერ შევიდა. ამას გარდა, მატჩის მიწურულს, ყვითელი ბარათიც მიიღო. „ჰაიდენჰაიმი" კვლავ 13 ქულით, კვლავ ბოლო ადგილზეა.


ბოლო ადგილზეა სამი გიორგის „მეციც", რომელიც დღეს, ფრანგული ლიგა 1-ის 22-ე ტურში „ოსერთან" მე-4 წუთზე გაშვებული სწრაფი გოლის შემდეგ, მარცხდებოდა. სამი გიორგიდან, სასტარტო შემადგენლობაში ორნი იყვნენ - ტრადიციულად წიტაიშვილმა და აბუაშვილმა, რომლებიც პირველ ტაიმში მეცელთაგან, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით საუკეთესოები იყვნენ. დაახლოებით მე-60 წუთზე, შანსი ჰქონდა წიტაიშვილსაც, სადაც ალბათ, უკეთესი იქნებოდა ქართველს თანაგუნდელზე ეთამაშა, თუმცა, სხვაგვარად მოიქცა და ანგარიშის გათანაბრების შანსი გაანიავა. 70-ე წუთზე მოედანზე „მეცის" შემადგენლობაში მესამე გიორგიც, ქვილითაია, გამოჩნდა. თამაშის გადასარჩენად, ქართველებს გუნდს, მხოლოდ 20 წუთი ჰქონდა, თუმცა, გოლი, კვლავ მათ კარში გავიდა. მე-80 წუთზე დაარტყა „აბუმაც", თუმცა, ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ამის შემდეგ, აბუაშვილი შეცვალეს, თუმცა, ჩვენი მოკრძალებული აზრით, ქართველებს შორის დღეს, საუკეთესო სწორედ ის იყო. 89-ე წუთზე შორიდან უძლიერესად დაარტყა ქვილითაიამაც, თუმცა, „ოსერის" მეკარე ადგილზე იყო. ამ მომენტის შემდეგ, „ოსერმა" მესამე გოლი გაიტანა და რეალურად, თამაშიც „დაასრულა". თუმცა, „მეცმა" უშუალო კონკურენტს ბოლო წამებზე პრესტიჟის გოლი მაინც გაუტან, შეხვედრა კი, 1-3 დასრულდა.  


რუმინეთის სუპერ ლიგის 27-ე ტურში, კრაიოვას „უნივერსიტატიამ" ბუქარესტის „სტიაუას" უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. კრაიოველთა ქართველი ნახევარმცველი, ანრი მექვაბიშვილი, დღეს სათადარიგო შემადგენლობაში იყო და მინდორზე, 65-ე წუთზე გამოჩნდა. ამ მომენტისთვის „მექვაბას" გუნდი 1-0-ს იგებდა პირველი ტაიმის შემდეგ. ქართველმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და იმ დროის გათვალისწინებით, რაც სათამაშოდ მიეცა, საკმაოდ მაღალი შეფასებაც დაიმსახურა. „მექვაბამ" ორჯერ დაარტყა კარის მიმართულებითაც და იყო შანსიც გოლი გაეტანა. 27 ტურის შემდეგ, „უნივერსიტატიას"  53 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა.


ხვალ, 16 თებერვალს, ქართული ლეგიონიდან, ალბათ,  „სპორტინგის" თამაშია მნიშვნელოვანი, სადაც იმედი გვაქვს, გიორგი ქოჩორაშვილსაც ვიხილავთ.