ოთხი წლით საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებს ახალი პრეზიდენტი ჰყავთ
ოთხი წლით საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობებს ახალი პრეზიდენტი ჰყავთ
15.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ოთხი წლის ვადით ამ პოსტს დიმიტრი აბდუშელიშვილი დაიკავებს, რომელიც პარალელურად წყალბურთში მოქმედი ჩემპიონის „აპოლოს" პრეზიდენტიც არის. თუმცა, დიდი ალბათობით,  უახლოეს ხანში, „აპოლოშიც" იქნება გარკვეული ცვლილებები, სწორედ, დღევანდელი არჩევნებიდან გამომდინარე.


რაც შეეხება დღევანდელ არჩევნებს, საქართველოს საწყლოსნო სახეობების პრეზიდენტის თანამდებობაზე ორი კანდიდატი იყო წარდგენილი, ზუკა რურუა და დიმიტრი აბდუშელიშვილი. თუმცა, რურუა, ისევე როგორც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი წყალბურთის კლუბის თბილისის „დინამო" წარმომადგენლები, აღნიშნულ არჩევნებს არ დასწრებიან. საბოლოოდ კი, რურუამ არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.


რაც შეეხება საქართველოში საწყლოსნო სპორტის სახეობებისა და მათ შორის ქართული წყალბურთის განვითარებასთან დაკავშირებულ გეგმებს, ახალი პრეზიდენტი და ხელმძღვანელობა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში საჯაროს გახდის, თუმცა, მანამდე შეგვიძლია ორ პროექტზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ჩვენი აზრით, ახალი ხელმძღვანელობის პრიორიტეტი იქნება.


პირველი არის 36-თვიან პროექტი სახელწოდებით #AquaSafeKids, რომლის მიზანიც ბავშვებისათვის უფასოდ ცურვის შესწავლაა. ინიციატივაში ჩართულნი არიან European Aquatics-ის წარმომადგენლები და  ევროპის ქვეყნების ცურვის ფედერაციები. ამას გარდა, პროექტი Erasmus+ პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება და საკმაოდ მნიშნელოვანია ბავშვთა  სპორტული განათლებისა და წყლის უსაფრთხოების განვითარების მიმართულებით, მათ შორის საქართველოშიც.


რაც შეეხება მეორე პროექტს, ის წყალბურთში, ქართული კლუბების რეგიონალურ ლიგაში ჩართვას უკავშირდება. გემახსოვრებათ და ჩვენი გვერდიც იტყობინებოდა, რომ სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დროს, კლუბის ხელმძღვანელობას და კონკრეტულად დიმიტრი აბდუშელიშვილს, შეხვედრა ჰქონდათ რეგიონალური ლიგის ხელმძღვანელობასთან. ამ შეხვედრის მთავარი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, ქართული წყალბურთის კლუბებს, საშუალება ექნებათ, სერბეთის, ხორვატიისა და მონტენეგროს წამყვან კლუბებთან ერად ითამაშონ და განვითარდნენ.  რაც საბოლოოდ, ქართულ სანაკრებო წყალბურთზეც აისახება.


ამ ეტაპზე ეს არის რის თქმაც შეგვიძლია, შესაბამისად, თქვენთან ერთად დაველოდებით მოვლენების განვითარებას.