ნიკა დაგვიბრუნდა, ოლიმპიადის მეოთხე სტარტზე ქართველმა თავი იპოვა
ნიკა დაგვიბრუნდა, ოლიმპიადის მეოთხე სტარტზე ქართველმა თავი იპოვა
14.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს მილანში, ფიგურულ ციგურაობაში მედლების მეორე კომპლექტი გათამაშდა. „ალბათ" ან „რომ"-ის თეორიებით თუ, ვილაპარაკებთ და ამ ხაზს გავყვებით, დღეს ქართული გუნდის წარმომადგენელს ნიკა ეგაძეს, მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, თავისუფლად შეეძლო მედლებისთვის ბრძოლა. მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-15 ადგილზე მყოფმა ნიკამ, თავისუფალ პროგრამაში 175.16 (96.23/79.93) ქულა აიღო, რაც დღის მე-7 შედეგი აღმოჩნდა. ქართველმა ამის გაკეთება, იმისდა მიუხედავად მოახერხა, რომ პირველივე ელემენტის შესრულების შემდეგ წაიქცა.


„ახლა თავს კარგად ვგრძნობ, რადგან ასპარეზობა კარგ ნოტზე დავასრულე. შეჯიბრის დაწყებიდან თავს უფრო კარგად და კარგად ვგრძნობდი. დღეს, ლუტცის შესრულების დროს რომ დავეცი, თავს ვუთხარი, უნდა იბრძოლო. იბრძოლო აქ და ახლა. თავს ვუთხარი, არ დავნებებულიყავი და ბოლომდე მივაწექი. მართლა ძალიან განვიცდი გუნდური შეჯიბრის ამბავს, მაგრამ ეს იყო გამოცდილება რომელიც ცხოვრებისეულად დამეხმარება, არა მხოლოდ სპორტში, არამედ ისეც. გავიაზრე, რომ საკუთარ თავზე უფრო მეტი უნდა ვიფიქრო. ზოგჯერ, უფრო მეტს სხვებზე ვფიქრობ, ეს კი უფრო ცუდს მიკეთებს. მე არ მივეცი თავს უფლება თავისუფლად მესრიალა. როდესაც სხვებზე ვარ უფრო მეტად კონცენტრირებული, ძალიან დიდ ტვირთს ვგრძნობ საკუთრ თავზე", - ამბობს ნიკა, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საციგურაო გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში.


ფიგურული ციგურაობის მოყვარულებს ემახსოვრებათ, რომ იანვარში, შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ნიკამ, უზადოდ შესრულებულ თავისუფალ პროგრამაში 181.72 ქულა დაიმსახურა და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ნიკას კომენტარიდან და დღევანდელ გამოსვლამდე, ნიკას სამ სტარტს თუ გადავხედავთ ოლიმპიურ თამაშებზე, ქართველს აშკარად ემჩნეოდა ღელვა. ასე იყო, დღესაც ეგაძის ასპარეზობის პირველ წამებში, თუმცა, ქართველის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც წაიქცა, ის არ დანებდა და პირიქით, ტელეეკრანიდან რაც შეემჩნა, სტრესი მოეხსნა, ამან კი, პროგრამის კარგად შესრულების საშუალება მისცა და მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები, სხვა ელემენტებშიც ჰქონდა, ქართველმა მოახერხა შუალედური ლიდერი გამხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე აღებული ქულებისგან განსხვავებით, 6.56 ქულით ნაკლები აიღო. რეალურად, ალბათ, რომ არა პირველი სამი სტარტისას მიღებული სტრესი და თუნდაც, ინდივიდუალურ ასპარეზობისას, მოკლე პროგრამაში დაკავებული მე-15 ადგილი, დღეს ეგაძეს, თავისუფლად შეეძლო მედლებისთვის ბრძოლა. მით, უმეტეს, რომ ოლიმპიადის ოქროს მედლის ყველაზე რეალურმა კანდიდატმა, აშშ-ს სახელით მოასპარეზე ილია მალინინმა, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ, პირველ ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში, მხოლოდ,  156.33 ქულა მიიღო, რაც დღის მე-15 შედეგი აღმოჩნდა. საბოლოოდ, ილიამ მხოლოდ, 264.49 ქულა აიღო და ორი პროგრამის ჯამში, ნიკა ეგაძეს, ორი ადგილით გადაასწრო.


აღსანიშნავია, რომ ქართველმა, რომელსაც თავისუფალ პროგრამაში ოთხი ოთხმაგი ტრიალი ჰქონდა, ტექნიკური მაჩვენებლით კი, მე-5 შედეგი, ორი პროგრამის ჯამში 260.27 ქულა დაუგროვდა და ოლიმპიური თამაშები მე-10 ადგილით დაასრულა. ალბათ, ჩვენ, ქართველებს ნიკასგან ოლიმპიური მედალიც გვინდოდა, თუმცა, ჩვენი მოკრძალებული მოსაზრებით, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა, რომელსაც ევროპის ჩემპიონობით უმძიმესი ტვირთი აწვა მხრებზე, მოახერხა ამ ტვირთს გამკლავებოდა და იმ რეალობაში დაბრუნება, სადაც ყოველი სტარტის წინ სილაღე და სიმსუბუქე, თვითრწმენასთან ერთად შედეგის მომტანია. მით უმეტეს, როცა წინ ბევრი მნიშვნელოვანი სტარტია. 


ოლიმპიური ჩემპიონი კი, 21 წლის ყაზახი მიხეილ შაიდოროვი (291.58) გახდა, რომელმაც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-5 პოზიციიდან მოახერხა ოლიმპიური ოქროს მოგება.



ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სპორტის სამინისტრო