მიზანი - ლიგაში კარგი თამაშის ჩვენება
მიზანი - ლიგაში კარგი თამაშის ჩვენება
13.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2026 წლის შემოდგომაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის რიგით მე-5 გათამაშებაში დაიწყებს ასპარეზობას. ქართველთა გუნდი, B დივიზიონში, მეორე ჯგუფში უნგრეთის, უკრაინისა და ჩრდ. ირლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. თამაშები სექტემბრიდან ნოემბრის ჩათვლით, ექვს სათამაშო დღეს გაიმართება, თუმცა, კალენდარი მოგვიანებით გაირკვევა. მოგვიანებით გაირკვევა, ჩვენი ნაკრების მოსამზადებელი ეტაპის დეტალებიც. მანამდე კი, ბრიუსელში გამართულ წილისყრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი დაესწრნენ.


„ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი, ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ", - ამბობს ვილი სანიოლი.


სხვათა შორის, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი სპეციალისტი ჩვენი გუნდის მიზნებზე ლაპარაკობს, ყოველთვის ხაზს უსვამ ერთ გარემოებას - გუნდის შენების გრძელვადიან პროცესში სტაბილურ გუნდზე, სტაბილური შედეგით. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები ევრო 2024-ის შემდეგ, გარკვეულ საკადრო ცვლილებებს განიცდის, რომელიც, დიდი ალბათობით, ამ შესარჩევ ციკლშიც გაგრძელდება. უფრო ზუსტად დაიხვეწება.


„გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში - ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.


შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი 26 მარტს თბილისში, მიხეილ მესხზე ისრაელის, ხოლო 29 მარტს კაუნასში, ლიეტუვას ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ ორ ამხანაგურ სპარინგს ჩაატარებს.