
მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს მედლების პირველი კომპლექტი ფიგურულ ციგურაობაში გათამაშდა. ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები სპორტულ ცეკვებში ფრანგული წყვილი გახდა - ლორენს ფურნიე ბოდრისა და გილიომ სიზერონი წყვილმა, მილანში, ინდივიდუალურ ასპარეზობაში ორივე პროგრამა მოიგო და საბოლოოდ, ორი პროგრამის ჯამში 225.82 ქულა დააგროვა.
რაც შეეხება აღნიშნულ დისციპლინაში, თავისუფალ პროგრამაში, საქართველოს წარმომადგენლებმა დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა 118.87 (66.93/51.94) ქულა დააფიქსირეს, რაც თბილისში, თრიალეთის თასზე ნაჩვენებ, წყვილის სეზონის საუკეთესო შედეგზე, 123.04 ქულასთან შედარებით ნაკლები იყო, თუმცა, მილანში მიმდინარე ტურნირის დონისა და კონკურენციის კვალობაზე, დღეს ნაჩვენები შეფასება, საკმაოდ კარგ შედეგაც შეიძლება ჩაითვალოს. თავისუფალ პროგრამაში დიანამ და გლებმა მოახერხეს მე-11 შედეგის ჩვენება. ორი პროგრამის ჯამში კი, 196.02 ქულა დააგროვეს და მე-13 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა. მცირე დეტალი, დიანამ და დევისმა ხუთი დღის მანძილზე, ოთხჯერ იასპარეზეს, რაც საკმაოდ დიდი დატვირთვაა.
აქ, ჩვენს სუბიექტურ მოსაზრებას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ - ფიგურული ციგურაობის ოთხ დისციპლინას შორის, სპორტული ცეკვები, ის დისციპლინაა, რომლშიც მეტ-ნაკლებად მსაჯების პირადი სიმპათია წყვეტს ბევრ რამეს. ამას გარდა, ტრადიციული წყვილები, რომლებსაც მსაჯები წლებია აკვირდებიან, ხშირად, ახალბედებთან შედარებით, უფრო პრიორიტეტში არიან. ჩვენი წყვილი კი, სწორედ, ახალბედების კატეგორიას განეკუთვნება.
აქვე გეტყვით, რომ სპორტულ ცეკვებში საქართველოს ზამთრის 2010 და 2022 წლებზე ჰყავდა თავისი წარმომადგენლები, თუმცა, 2026 წელს დიანას და გლების გამოსვლა და მოპოვებული ადგილი ამ ეტაპზე საუკეთესოა.
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სეოკ





ჩვენ








