მეორე მოგებული სპარინგი და ცოტა დრო, დეტალების დასახვეწად, 17-წლამდე გოგონების ნაკრები ოფიციალური თამაშებისთვის ემზადება
მეორე მოგებული სპარინგი და ცოტა დრო, დეტალების დასახვეწად, 17-წლამდე გოგონების ნაკრები ოფიციალური თამაშებისთვის ემზადება
09.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ზამთრის შეკრების მეორე ამხანაგური შეხვედრაც მოიგო. ამჯერად, ტატა მატვეევას გუნდმა აზერბაიჯანის 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 4-0 (შეგახსენებთ, პირველი შეხვედრა 6-0 მოვიგეთ) დაამარცხა.  სფფ-ის დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრში მისულმა გულშემატკივარმა კი, ანანო წიქარიძის მორიგი ჰეთ-თრიქი იხილა.


წინა შეხვედრის მსგავსად, დღევანდელ თამაშშიც ანგარიში, სწორედ ანანო წიქარიძემ გახსნა მე-14 წუთზე თეკლა ბერიძის გადაცემის შემდეგ. პირველ ტაიმში, მეტი გოლი აღარ გასულა, თუმცა, მსაჯს, თამთა შენგელიას, თამაშს სიხისტიდან გამომდინარე სამი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა, ერთი ჩვენი, ორი კი, მეტოქე გუნდისთვის. მეორე ტაიმი წიქარიძის დუბლით დაიწყო - ანანომ, ერთწუთიან (47', 48') შუალედში ორი გოლი გაიტანა. მეორე, ნინიკო ჩხეტიანია გადაცემის შემდეგ გაიტანა. მანამდე კი, წიქარიძემ ბურთი, პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია მეტოქის კარში. როგორც აღვნიშნეთ, შეხვედრა საკმაოდ ხისტ ხასიათს ატარებდა და ერთ მომენტში, მსაჯი, იძულებული გახდა თითო გუნდიდან ორ-ორი მოთამაშე გაეძევებინა, ასე, რომ თამაში, ორივე გუნდმა არასრული შემადგენლობით დაასრულა. თუმცა, ამ მოცემულობაშიც კი, ქართველმა ფეხბურთელმა გოგონებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. შეხვედრაში, თამარ მარუაშვილის გადაცემის შემდეგ, ბოლო გოლი, ნინიკო ჩხეტიანმა გაიტანა.


„მოსამზადებლად შედარებით ცოტა დრო გვქონდა და ვეცადეთ ამ დროში ძირითადი ტაქტიკური მონახაზი გაგვეკეთებინა აზერბაიჯანთან სათამაშოდ, რაც ბავშვებმა კარგად აითვისეს და გადაიტანეს თამაშზე. რა თქმა უნდა ხარვეზები იყო, თუმცა, ჩვენ სტაფის წევრები კმაყოფილები ვაართ მათი შესრულებით, მონდომებითა და ბრძოლისუნარიანობით. აზერბაიჯანის ნაკრები საკმაოდ ხისტი და მებრძოლი გუნდია და ვფიქრობ, ორივე ნაკრებმა  გამოაჩინა ბრძოლისუნარიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ ორი თამაშის მოგება, რადგან წინ ოფიციალური თამაშები გველოდება რისთვისაც ეს მოსამზადებელი თამაშები წაგვადგება შევაფასებთ და განვიხილავთ ჩვენს შეცდომებს. სამუშაო კიდევ ბევრია და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო უკეთესად მოვემზადოთ", - ამბობს ტატა მატვეევა, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელი.


საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ამ სპარინგების შემდეგ, ძალიან მალე, კვლავ მოუწევს შეკრება რადგან, ჩვენი გუნდი, 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, უეფა-ს 17-წლამდე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მოუწევს ასპარეზობა. ტატა მატვეევას შეგირდები საკვალიფიკაციო ეტაპზე, II ჯგუფში ჩდრ. მაკედონიის, ჩრდ. ირლანდიისა და ლუქსემბურგის ნაკრებებთან ერთად მოუწევთ ასპარეზობა.  


„რა თქმა უნდა, შესარჩევ ჯგუფში, ბევრად უფრო ძლიერი მეტოქეები არიან,  ვიდრე აზერბაიჯანის ნაკრები იყო. თუმცა, ჩვენ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ მოედანზე და რაც მთავარია, ვიბრძოლებთ", - ამბობს ტატა, რომელიც გუნდში საკმაოდ ავტორიტეტი და მოტივატორია.


შეგახსენებთ, რომ ორ სპარინგში ჩვენმა გუნდმა 10 გოლი გაიტანა, თან ისე, რომ საკუთარ კარში არც ერთი არ მიუღია.


აღნიშნულ შეკრებაზე 17-წლადე ნაკრებში შეკრებას გადიოდნენ: მეკარეები: ელენე ბონდარევა („კვარტალი", თბილისი), თინიკო ჯაიანი („ბათუმი"), ანასტასია გოგელია („კოლხეთი", ხობი); დაცვის ხაზი: ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინი ვეკუა („ნორჩები", თბილისი), ნინო ნადარაია („კვარტალი", თბილისი), ანასტასია მარგიანი („თეთრიწყარო"), ბარბარე მანაგაძე („მართვე", ქუთაისი), სესილი სვანიძე („კოლხეთი", ხობი), ანი გოდერიძე („მართვე", ქუთაისი); ნახევარდაცვა: მარიამ დარჩიაშვილი („კვარტალი", თბილისი), თამარ მარუაშვილი („მართვე", ქუთაისი), ნინიკო ჩხეტიანი („კვარტალი", თბილისი), ანა დოლიშვილი („კვარტალი", თბილისი),  ანასტასია ბუჩუკური („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნატო გუტიკაშვილი („რუსთავი"), მარიამ ჯოჯუა („დინამო", სოხუმი), სესილი მასხარაშვილი („რუსთავი"); თავდასხმა: თეკლა ბერიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანა გრიგალაშვილი („თეთრიწყარო"), ანი დავითულიანი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ბარბარე ბერუაშვილი („თეთრიწყარო"), ანანო წიქარიძე (თავისუფალი აგენტი).