სამი ქართული გოლი და ერთიც საგოლ გადაცემა - ქართული ლეგიონის მორიგი დღე
სამი ქართული გოლი და ერთიც საგოლ გადაცემა - ქართული ლეგიონის მორიგი დღე
09.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ინგლისის პრემიერ ლიგაში, „ლივერპულმა" კვლავ ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის გარეშე ითამაშა და ამჯერად, „მანჩესტერს სიტისთან" 1-2 დამარცხდა. ქართველის გუნდი, 39 ქულით მე-6 ადგილზეა, ჩვენ კი ვიტოვებთ, რომ სეზონის ბოლომდე, „მამარდასთვის" სათამაშო დრო გამოინახება. მანამდე კი, ქართული ლეგიონის სხვა შეხვედრებსაც გადავავლოთ თვალი.  


ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის 21-ე ტურში დიდი ანგარიშით, 5-0 დაამარცხა „მარსელი". მაშინ, როცა ფეხბურთის მოყვარულები „კვარას" ტრავმის ორკვირიანი ვადის დღეებს ითვლიდნენ, ხვიჩა პარიზელთა განაცხადში გამოჩნდა, 62-ე წუთზე დუე შეცვალა და ოთხ წუთში, დემბელეს გადაცემით გოლიც გაიტანა. პსჟ-ი 51 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია. ჩვენ კი, ის გვიხარია, რომ ხვიჩა მოედანს დაუბრუნდა და თანაც გოლის გატანის მუღამზეც არის.


დავით ვოლკოვი მწვანე მინდორზე, სოლიდური შესვენების შემდეგ, გოლებით დაბრუნდა. აზერბაიჯანის სუპერ ლიგაში მოთამაშე ქართველს, მეორე ტურია ზედიზედ, გოლი გააქვს. ამჯერად „ზირამ", რომელშიც შეგახსენებთ „ვოლკის" გარდა, გიორგი პაპუნაშვილიც თამაშობს, მე-19 ტურის გასვლით შეხვედრაში „სუმგაიტი" 2-3 დაამარცხა და ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაში, სატურნირო ცხრილში, საკმაოდ საჭირო ქულები ჩაიწერა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ შეხვედრაში ანგარიში, დავით ვოლკოვის გოლით 24-ე წუთზე გაიხსნა და „ზირა" დაწინაურდა, თუმცა, ანგარიში ორჯერ გათანაბრდა. გამარჯვების, 3-ქულიანი გოლი კი, გიორგი პაპუნაშვილმა 88-ე წუთზე გაიტანა, რომელიც დღეს თამაშში, სათადარიგო სკამიდან 66-ე წუთზე ჩაერთო. 72-ე წუთზე შეცვალეს ვოლკოვი, ასე რომ ქართველებმა ერთად, მხოლოდ რამდენიმე წუთი ითამაშეს, თუმცა, გუნდის წარმატება, სწორედ ქართველების დამსახურებაა.


ავსტრიის ბუნდესლიგაში დებიუტი ჰქონდა გიზი მამაგეიშვილს. გრაცის „შტურმის" ახალწვეული მე-18 ტურის შეხვედრაში 76-ე წუთზე შევიდა. ამ დროისთვის, „შტურმისა" და „რიდის" შეხვედრაში საყაიმო ანგარიში იყო. გრაცელთა შემადგენლობაში კი, სასტარტო შემადგენლობიდან უკვე თამაშობდა ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც შეიძლება ითქვას არ ჰქონდა გამორჩეული თამაში, თუმცა, გრაცელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი, სწორედ „კიტეს" გადაცემის შემდეგ გავიდა. 18 ტურის შემდეგ, 31 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-3 ადგილზეა.