ქართული ფიგურული ციგურაობის გუნდის ისტორიული მეოთხე ადგილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
ქართული ფიგურული ციგურაობის გუნდის ისტორიული მეოთხე ადგილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე
09.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველ მედლამდე ცოტა დაგვაკლდა. დღეს მილანში, ფიგურულ მოციგურავეთა შორის მედლების პირველი კომპლექტი გათამაშდა. გუნდურ ასპარეზობაში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული აშშ-ს ნაკრები გახდა. თუმცა, მოდით დღევანდელ დღეს, თანმიმდევრულად მივყვეთ.


ქართული გუნდი, რომელმაც მოახერხა მოკლედ პროგრამის შემდეგ ფინალურ ხუთეულში მოხვედრა, 7 თებერვალს სპორტული ცეკვების შემდეგ, სადაც დიანა დევისმა და გლებს სმოლკინმა იასპარეზეს, 32 ქულით ამ ხუთეულში ბოლო, მე-5 ადგილზე იყო. თუმცა, როგორც გუშინ აღვნიშნეთ, დარჩენილ სამ დისციპლინაში, საქართველოს გუნდიდან ორი, მოქმედი ევროპის ჩემპიონი (სპორტულ ცეკვებსა და კაცებში) და ერთიც ევროპის ექს-ჩემპიონი (ქალებში) უნდა გამოსულიყო.


სწორედ ამ კომპონენტის გათვალისწინებით, ჩვენმა გუნდმა, საბოლოოდ ერთი ადგილით „მაღლა" აწევა და 56 ქულით, გუნდური შეჯიბრის მე-4 ადგილით დასრულება მოახერხა.


დარჩენილი სამი დისციპლინიდან პირველი ყინულზე სპორტული წყვილები გამოვიდნენ. ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა, ანასტასია მეტელკინამა და ლუკა ბერულავამ, მართალია, ვერც პირადი საუკეთესო მაჩვენებელი 148.07 გაიმეორეს და რამდენიმე კვირის წინ, ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ პროგრამაში ნაჩვენებ შედეგამდე, 139.80 ქულამდე ცოტა დააკლადთ, თუმცა, 136.62 ქულა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ჩვენებს 9 ქულა აეღოთ და ხუთეულში ასპარეზობა მეორე პოზიციით დაესრულებინათ. ამ შედეგით კი, ქართულმა გუნდმა კანადელებს გადაუსწრო და 41 ქულით, მე-4 პოზიციაზე აღმოჩნდა, გუნდური შეჯიბრის დასრულებამდე ორი დისციპლინით ადრე. ხუთეულის მარათონში, ანასტასიამ და ლუკამ მეორე ადგილი დაიკავეს და წინ მხოლოდ, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები რიკუ მიურა და რიუიჩი კიჰარა გადაუშვეს.  


მომდევნო ყინულზე ერთეული ქალები გამოვიდნენ. ანასტასია მეტელკინა, ალბათ, ჩვენს გუნდში ის მებრძოლია, რომელსაც მაქსიმალურად შეუძლია გუნდისთვის ბოლომდე ბრძოლა. აქვე, კიდევ ერთხელ განვმეორდები, რომ ნასტიას, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით მსაჯები არ სწყალობენ. მიუხედავად ამისა, ქართული გუნდის წარმომადგენელმა მოახერხა საკმაოდ მაღალი ქულის მიღება 140.17 (73.24/66.93)     და საკუთარ სეზონის საუკეთესო შედეგამდე (141.39) სულ ცოტა დააკლდა. სპორტული წყვილის მსგავსად, გუბანოვამაც 9 ქულა დაიმსახურა, ჩვენმა გუნდმა კი, კანადის ნაკრებთან უპირატესობა გაზარდა და 50 ქულით, იტალიას ორ ქულაში მიუახლოვდა.


ქართული გუნდი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ბოლო დისციპლინის ბოლომდე რჩებოდა. ქართული სპორტის ისტორიაში, ზამთრის სახეობაში პირველი მედლების მოსაგებად, ჩვენი გუნდის ბოლო წარმომადგენელს, ნიკა ეგაძეს, იდეალური გამოსვლა და ორ-ქულიანი სხვაობის დაფარვა ესაჭიროებოდა. აშშ-ს წარმომადგენელი, ილია მალინინის შემდეგ, ქართველის თავისუფალი პროგრამა, ხუთეულის მონაწილეებს შორის, მომდევნო იყო. ნიკას პროგრამაში ოტხი ოთხმაგი ნახტომი ჰქონდა, თუმცა, მოკლე პროგრამაში ნიკას გამოსვლიდან გამომდინარე (ქართველს აშკარად ემჩნეოდა ზედმეტი მღელვარება), იყო საშიშროება, რომ მსგავსი დატვირთვის შეჯიბრზე, ჯერ კიდევ აკლიმატიზაცია გაუვლელი ქართველი ბოლო პენალტის დარტყმის დროს იღელვებდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგაძეს გამოსვლისას სერიოზული შეცდომა არ დაუშვია, ეს ზემოთხსენებული მღელვარება მის თავისუფალ პროგრამასაც ისევე გასდევდა ლეიტმოტივად, როგორც მოკლეს. შედეგად, ნიკამ მხოლოდ, 154.79 (78.33/76.46) ქულა მიიღო, რაც მის სეზონის საუკეთესო შედეგზე (181.72), რომელმაც ორი კვირის წინ, ევროპის ჩემპიონობა მოუტანა, თითქმის მთელი 27 ქულით ჩამორჩა. ნიკამ თავისუფალ პროგრამაში, ხუთეულში ბოლო ადგილი აიღო, თუმცა, 6 ქულით, საქართველოს ნაკრებს ისტორიული გუნდური მე-4 ადგილის აღებაში დაეხმარა. ამას გარდა, შეიძინა ის გამოცდილება, რომელიც ოთხი წლის შემდეგ, მომდევნო ოლიმპიურ თამაშებზე, გუნდურ შეჯიბრში აშკარად წაადგება.


თუმცა, მანამდე ფიგურულ მოციგურავეებს წინ ინდივიდუალური შეჯიბრი აქვთ, რომელიც 9 თებერვლიდან დაიწყება და პირველად მედლებისთვის ბრძოლას დიანა და გლები დაიწყებენ.


იხილეთ სრული განრიგი.


გუნდური შეჯიბრის გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი აშშ-ს ნაკრები გახდა, ვერცხლი იაპონიას, ხოლო ბრინჯაოს მედლები იტალიელებს ერგოთ. ჩვენ, როგორც აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ფინალური ხუთეული კი, კანადის გუნდმა დახურა.


ფოტო: სეოკ / ხატია ჯიჯეიშვილი