
საქართველოს ჯუდოს შემადგენლობაში, განსაკუთრებით ალბათ, ისეთ ტურნირებზე როგორიც საფრანგეთის გრან სლემია, ბუნებრივია, მოგებული მედლები კარგია, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, ახალგაზრდების ინტეგრირება, მით უმეტეს, რომ ოლიმპიური ლიცენზიების წელი ახლოვდება და სპორტი კი, ისეთი სფეროა, სადაც სახელი სახელად ფასობს, შეიძლება მსაჯმაც გაგიტაროს რაიმე, მაგრამ თუ სპორტსმენს გონება უჭრის, მცირე ასაკისაც კი, ამ „სახელსაც" მშვენივრად მოერევა. რეინჰოლდ მესნერს, ცნობილ მთამსვლელს ნათქვამი აქვს, მთაში, მთავარია იპოვო შენი შესაძლებლობების ზღვარიო. ამ შესაძლებლობის ზღვარის შემდეგ კი, თუ თავს აღარ გრძნობ კარგად, მთავარია მწვერვალზე ასვლას, საბანაკე ადგილას დაშვება არჩიო, თავიც გადაარჩინო და შენს გვერდით მყოფებიც. ალბათ, ზოგადად სპორტში ასეა - როდესაც ხარ მწვერვალზე, იმ ზღვარზე ხარ, რასაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა ჰქვია. შესაბამისად, ამ ზღვარის შესანარჩუნებლად, ალბათ, სპორტიდანაც ისე უნდა წახვიდე, რომ ეს სიყვარული და პატივისცემა შეინარჩუნო.
დღეს პარიზში, IJF-ის 2026 წლის მსოფლიო ტურნე დაიწო, ტრადიციული პარიზის გრან სლემით, რომელზეც ხვალ გასული 2025 წლის საუკეთესოები დასახელდებიან და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამარჯვებულებს შორის ქართველიც იქნება. თუმცა, ამის შესახებ ხვალ. მანამდე კი, დღეს, პარიზის გრან სლემის პირველი საასპარეზო დღე იყო, სადაც ფინალურ ბლოკში, ქართული, მხოლოდ „მსოფლიო ჯდუოს ხმა" გიორგი ჭანიშვილი იყო.
არადა ქართული გუნდი, აღნიშნულ ტურნირზე, ახალბედა და გამოცდილი ჯუდოკებისგან დაკომპლექტებული საკმაოდ საინტერესო გუნდით გაემგზავრა და რაღა დაგიმალოთ და ოქროს თუ არა, ტურნირის პირველ დღეს, ერთ მედალს მაინც მოველოდით. ხომ გაგიგიათ, მადა ჭამაში მოდისო, ჰოდა, ჯუდოც სპორტის ის სახეობაა, სანაკრებო ფეხბურთთან ერთად, სადაც თამასა საკმაოდ მაღლა არის აწეული. ისიც ბუნებრივია, რომ ყველა ტურნირზე, ყველაზე მეტ მედალსაც ჩვენ ვერ მოვიგებთ, მაგრამ...
დღეს, ქართული გუნდიდან ოთხმა ჯუდოკამ, ორ წონით კატეგორიაში (-66, 73 კგ) იასპარეზა, რომელთაგან ყველაზე წარმატებულად, ალბათ, 19 წლის თორნიკე გიგაურის ასპარეზობა ჩავთვალოთ. -66 კგ წონაში მოასპარეზე თორნიკემ ორი შეხვედრა მოიგო და 1/8 ფინალში, საბოლოოდ, ტურნირის პრიზიორთან, აზერბაიჯანელ რუსლან პაშაევთან იპონით დამარცხდა. ამავე წონაში, პირველივე შეხვედრა წააგო გამოცდილმა ვაჟა მარგველაშვილმა. -73-კგ-ში კი, საწყის ეტაპზევე გამოერთო ასპარეზობას გიორგი ჩიხელიძე. აი, დღევანდელ დღეს და ზოგადად, პარიზში მყოფ გუნდში, ყველაზე გამოცდილი და პირადად ჩემთვის ყველაზე ღირებული ლაშა შავდათუაშვილი კი, ტურნირს ისე „ჩაეხსნა" რომ ტატამზე არც გამოსულა.
ფორმატიდან გამომდინარე, ხვალ პარიზის გრან-სლემის ბოლო დღეა და იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველი ფოტოგრაფი თამუნა ყულუმბეგაშვილი, აუცილებლად აღბეჭდავს ქართველთა წარმატების კადრებს. ხვალ მედლები, ვაჟთა შორის ოთხ წონით კატეგორიაში გათამაშებდა. პარიზის გრან სლემზე კი, ამ ჯერზე, მხოლოდ ბიჭები გვყავს გაგზავნილი.
-81 კგ - ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე
-90 კგ - ლუკა მაისურაძე
-100 კგ - ნიკა ხარაზიშვილი
+100 კგ - საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი
ფოტო: (c) IJF/ Di Feliciantonio Emanuele





ჩვენ








