მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთო
მილანსა და კორტინაში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ცეცხლი აინთო
07.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს იტალიის სამ ლოკაციაზე, მილანში, კორტინასა და ლივინიოში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში გაიმართა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გუნდი, რომელიც 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე რვა სპორტსმენით არის წარმოდგენილი, ღონისძიებაში სამივე ლოკაციაზე მიიღეს მონაწილეობა.


კორტინაში, ქართული გუნდიდან სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური იყო წარმოდგენლი, რომელიც პირველადი ინფორმაციით კორტინაში, ჩვენი მედროშე უნდა ყოფილიყო, თუმცა, ნინომ, მწვრთნელთან ერთად, მხოლოდ აღლუმში მიიღო მონაწილეობა. ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, დროშებს, მხოლოდ მილანში, სან სიროზე გაიტანდნენ, თუმცა, მიუხედავად ამისა რამდენიმე ქვეყანა არა თუ კორტინაში, ლივინიოშიც კი, მედროშეებთან ერთად ჩაიარა აღლუმზე. რაც შეეხება ნინოს, რომელიც 15 და 18 თებერვალს გიგანტურ სლალომსა და სლალომში სცდის ძალებს, მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები, რიგით მეხუთეა. შესაბამისად, ეს ზამთრის სახეობების წარმომადგენელთა შორის, თავისებური რეკორდია.


14 და 16 თებერვალს, გიგანტურ სლალომში და სლალომში იასპარეზებს ლუკა ბუჩუკური, რომლისთვისაც ნინოსგან განსხვავებით, მილანი-კორტინას ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა. სამთო-მოთხილამურემ, რომელმაც გამგზავრებამდე თბილისში, ოლიმპიურ კომიტეტში, ნინოსთან ერთად, ქართული გუნდის სპორტსმენების სახელით ფიცი დადო, დღევანდელ გახსნის ცერემონიაში ლივინიოში, აქტიური სპორტიდან სამწვრთნელო გუნდში გადასულ გალო ჯაფარიძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.



ქართული გუნდის ყველაზე დიდი (რა თქმა უნდა საერთო მონაწილეებიდან გამომდინარე, თორემ რამდენიმე ქვეყანას, მხოლოდ მონაწილე ჰყავს 100-ზე მეტი) მილანში, სან სიროზე გამოჩნდა. მათ კი, ქართველი მოციგურავეები, ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტანტი დიანა დევისი და მოქმედი ევროპის ჩემპიონი ფიგურულ ციგურაობაში, ლუკა ბერულავა გამოუძღვნენ საქართველოს დროშით. მოგეხსენებათ, ლუკასთვის ეს მეორე ოლიმპიური თამაშებია. ისევე, როგორც ქალთა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ანასტასია გუბანოვასთვის. თუმცა, მათგან განსხვავებით, ლუკას მეწყვილე ანასტასია მეტელკინასთვის, დიანას მეწყვილე გლებ სმოლნიკისთვის და კაცთა შორის ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ნიკა ეგაძესათვის, მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიური თამაშები სადებიუტოა. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა დღეს, გუნდურ შეჯიბრში დაიწყო გამოსვლა და ბოლო დისციპლინამდე  (იხილეთ ვრცლად) ფინალში გადასვლის კარგი შანსი აქვს.


რაც შეეხება თავად გახსნას, როგორც ორგანიზატორები აანონსებდნენ, ის სრულად იტალიურ მოტივებზე  (Made in Italy) იყო აგებული, იყო სადა, გემოვნებიანი, მარტივი და შინაარსიანი. რა თქმა უნდა იტალიურ ტემპერამენტთან ნაზავი. ბუნებრივია, გემოვნებაზე არ დაობენ, თუმცა, ჩვენ მოგვეწონა. ოლიმპიური ცეცხლი კი, გახსნის ცერემონიის მთელი გაწერილი მუხლების შემდეგ, კვლავ ანონსის შესაბამისად ორ ადგილას მილანში, მშვიდობის თაღის ქვეშ და კორტინაში, ქალაქის მთავარი მოედნის ცენტრში დაინთო.


კიდევ ერთი დეტალი, რაც ალბათ, დაკვირვებულ თვალს არ გამორჩა, როდესაც სან სიროზე იტალიის გუნდი გამოჩნდა, თანხმლებ ფონად ცნობილი „ფიგარო" აჟღერდა და მართლაც, თუკი, ოლიმპიური თამაშების მასშტაბებს გავითვალისწინებთ, ამ დღეს „ფიგარო" იყო ყველგან, ყოველ შემთხვევაში სამ ლოკაციაზე...


ფოტო: ოლიმპიური კომიტეტი / ხატია ჯიჯეიშვილი