თოკო შენგელია ევროლიგის მორიგ ტურში ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა
თოკო შენგელია ევროლიგის მორიგ ტურში ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა
07.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თორნიკე შენგელიას „ბარსელონა", ქართველისთვის კარგად ნაცნობ „ბასკონიას" დაუპირისპირდა და 91-97 (მატჩის ტექნიკური ჩანაწერი) დაამარცხა. განსხავებით ბოლო მატჩებისგან, საქართველოს ნაკრების კაპიტანს ამჯერად, სასტარტო ხუთეულიდან თამაში არ დაუწყია, თუმცა, თითქმის 28 წუთი დაჰყო და გუნდს, 16 ქულა (5 ორქულიანი, 1 სამიანი და 3 საჯარიმო სროლა) შესძინა. ამას გარდა თოკომ, ყოფლ გუნდს  4-ჯერ მოუხსნა,  თანაგუნდელებს 3-ჯერ ქულების აღებაში დაეხმარა და კიდევ, თითო ჩაჭრა და 1 დაფარებაც მიითვალა.


ზოგადად 2026 წელს ჩატარებულ შეხვედრებში, ტრადიციად ჩამოყალიბდა, კატალონიელები „მძიმედ" იწყებენ და შემდეგ, სრული მობილიზება სჭირდებათ, თამაშის გადასარჩენად. გამონაკლისი არც დღევანდელი შეხვედრა ყოფილა, თუმცა, დღეს „ბარსელონას" მხარეს ალბათ, იღბალიც იყო. გუნდმა, პირველი მეოთხედი 27-17 წააგო. „ტრადიციულად", წააგო ბოლო მონაკვეთიც, 23-21. თუმცა, საბედნიეროდ, მეორე (24-31) და განსაკუთრებით მესამე (17-28) მეოთხედებში, ქულების იმ რაოდენობის დაგროვება მოახერხა, რამაც „ბასკონიასთან" მოგება გაუადვილა.    


სხვათა შორის, დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონამ" კვლავ მოახერხა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში დაბრუნება და 27 ტურის შემდეგ, მეოთხე საფეხურზეა. მომდევნო ტურის შეხვედრას კი, კატალონიელები 12 თებერვალს საკუთარ კედლებში „პარიზის" წინააღმდეგ გამართავენ.