დღევანდელი ტურის დღე ქართველების გუნდების არ იყო, თუმცა, ვოლკოვმა გაიტანა
დღევანდელი ტურის დღე ქართველების გუნდების არ იყო, თუმცა, ვოლკოვმა გაიტანა
01.02.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღევანდელი ტურის დღე ქართველების გუნდების არ იყო, თუმცა, ვოლკოვმა გაიტანა. თუმც, მივყვეთ თანმიმდევრობით...


გერმანიის ბუნდესლიგაში რეკორდმაისტერს ყველა ბერკეტის გამოყენება მოუხდა (პირადად ჩვენთვის ამ გუნდს ტიტულებიდან გამომდინარე მიუღებელი), რათა გასვლით შეხვედრაში, ქართველი ქომაგისთვის კარგად ნაცნობი და არა მხოლოდ, „ჰამბურგში" მოთამაშე გიორგი გოჩოლეიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე სტადიონიდან, სამი ქულა წაეღო, თუმცა, ქართველის გუნდის სასიხარულოდ, „ბაიერნმა" ეს ვერ მოახერხა და საბოლოოდ, ფრეს, 2-2 დაყაბულდა. რაც შეეხება „გოჩოლას", მან სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მასპინძელთა რიგებში, მხოლოდ, 59-ე წუთზე გამოჩნდა, რა დროსაც უკვე, ტაბლოზე, როგორც მოგვიანებით გაირკვა, უკვე საბოლოო ანგარიში იყო დაფიქსირებული. სათამაშო დროის ფაქტორიდან გამომდინარე, საკმაოდ კარგი შეფასებაც მიიღო, თუმცა, ყვითელ ბარათთან (დაუმორჩილებლობის და არა უხეში თამაშის გამო) ერთად. 20 ტურის შემდეგ, „ჰამბურგს" 19 ქულა და ერთი თამაშით ნაკლები აქვს. ამ მაჩვენებლით კი, მხოლოდ მე-13 ადგილზეა.


ესპანურ ლა ლიგაში 22-ე ტურის შეხვედრა ფრედ, 2-2 ითამაშა გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა". გასვლით შეხვედრაში, „ოსასუნასთან" ქართველის გუნდმა „დაღლილი" გუნდის შთაბეჭდილება დატოვა და თუ არ ჩავთვლით პარეხოსა და მორენოს, რომელმაც დუბლი შეასრულა, „ყვითელი წყალქვეშა ნავის ეკიპაჟმა" ინერტული შთაბეჭდილება დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა, გახსნეს, პირველი ტაიმი „ოსასუნამ" მოიგო, 2-1 და ბომბარდირის გუნდს, დიდი ჯაფა დაადგა ქულის გადასარჩენადაც კი. ამ ტურის შემდეგ, „ვილიარეალი" 42 ქულით, ჯერ მშვიდად, მომავალი სეზონისთვის საჩემპიონო ლიგის ზონაშია (მე-4 ადგილით), ამასთან, ერთი თამაშით ნაკრები აქვს ჩატარებული. თუმცა, მარსელინიოს გუნდს, წარუმატებელი ევროტურნირების შემდეგ, ცოტა გონზე მოსვლა და „დაბრუნება" არ აწყენდათ.


იტალიის სერია B-ში, 22-ე ტურის გასვლით შეხვედრაში გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ" ფრედ 1-1 ითამაშა „ენტელასთან". აღსანიშნავია, რომ ქართველის გუნდი მეორე ტაიმის სტარტზე გაშვებული გოლის შემდეგ აგებდა. თუმცა, სტუმრებმა მსაჯის მიერ კომპენსირებული დროში, ბოლოს წინა, მე-4 წუთზე მოახერხეს გოლის გატანა და ქულის გადარჩენა. „ფროზინონე" 46 ქულა აქვს, მეორე ადგილზეა და კვლავ სერია A-ში დაწინაურების ერთ-ერთი კანდიდატია.


ინგლისის ჩემპიონშიპის 30-ე ტურში, გიორგი ჩაკვეტაძის „უიტფორდმა" „სუონსის" უმასპინძლა და 0-2 დამარცხდა. ქართველი, სათადარიგო სკამზე იყო და როდესაც სათამაშოდ შევიდა, 65-ე წუთზე, მისი გუნდი უკვე 0-1-ს აგებდა. მე-80 წუთზე, „ჩაკვეს" გუნდმა მეორე გოლიც გაუშვა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, 10 კაცის შემადგენლობითაც დარჩა. 30 ტურის შემდეგ, „უოტფორდს" 43 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა, თუმცა, ერთი შეხვედრით ნაკრები აქვს ჩატარებული და იქ წარმატების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მისი გუნდი მე-7 ადგილზე აინაცვლებს და სულ ერთ ქულაში იქნება ფლეი-ოფის ზონასთან.


საფრანგეთის ლიგა 2-ში ზედიზედ მეორე შეხვედრა წააგო ზურიკო დავითაშვილის „სენტ ეტიენმა". ამჯერად, საშინაო კედლებში „ბულონისთან", თუმცა, წინა მარცხის მსგავსად, 0-1. ქართველი, მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, თუმცა, ამ მომენტისთვის მასპინძლები უკვე აგებდნენ და ამასთან ერთი ფეხბურთელით ნაკლები იყვნენ მოედანზე. სამწუხაროდ, კაცნაკლულმა „სენტ ეტიენმა" მატჩის შემობრუნება ვერ მოახერხა და 21 ტურის შემდეგ, 34 ქულით, მხოლოდ მე-5 ადგილზეა.


და ბოლოს ის, სადაც ჩვენებმა იყოჩაღეს - აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის მე-18 ტურში გაიტანა დავით ვოლკოვმა. „ზირას" ქართველი ლეგიონერებმა ვოლკოვმა და გიორგი პაპუნაშვილმა ეს შეხვედრა, მეზობელი ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერის, ბაქოს „საბაჰის" წინააღმდეგ, სათადარიგო სკამიდან დაიწყეს. ჩვენები მინდორზე 62-ე წუთზე ერთად გავიდნენ და არ გავკადნიერდებით, თუ ვიტყვით, რომ ზირელთა თამაში გამოაცოცხლეს, რადგან მათი მინდორზე შესვლის მომენტში, „ზირა" საშინაო შეხვედრას, უკვე 0-3-ს აგებდა. გოლი კი, ვოლკოვმა 83-ე წუთზე გაიტანა, თუმცა, ჩვენების გუნდს, დრო აღარ ეყოთ საჭირო ქულის გადასარჩენად, რომლებიც საპრიზო სამეულში მოსახვედრად, სასიცოცხლოდ სჭირდებათ. მატჩის 1-3  დასრულდა, „საბაჰის" სასარგებლოდ. 18 ტურის შემდეგ, „ზირას" 29 ქულა აქვს, მე-5 ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილოსან „ტურანს", რომელსაც თავის მხრივ, თამაშით ნაკრები აქვს.


დანარჩენი ხვალ, თუმცა, უკვე დღეს, 1 თებერვალს, რომელსაც ზუსტად 24 საათში შევაჯამებთ.