
დღეს თბილისში, სპორტულმა ჟურნალისტებმა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დააჯილდოვეს. ქვეყნის სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ გამოკითხვაში, რომელიც ათვლას 1964 წლიდან იწყებს, წელს 100-ზე მეტმა ჟურნალისტმა საუკეთესოები (სამეულები) ექვს სხვადასხვა ნომინაციაში დაასახელა.
წლის საუკეთესო სპორტსმენებად ქალებში ეთერ ლიპარტელიანი, ხოლო კაცებში ხვიჩა კვარაცხელია დასახელდნენ. ბუნებრივია, როდესაც წელს აჯამებ, ყველა წარმატება მნიშნელოვანია, თუმცა, ჟურნალისტების შემთხვევაში ეს არჩევანი, ყველაზე ახლოს არის ხალხის ხმასთან.
დასახელდნენ საუკეთესო პარალიმპიელებიც. აქ, ქალთა შორის საუკეთესო ნინა თიბილაშვილი გახდა, კაცებში კი, გიორგი ქალდანმა გაიმარჯვა.
ჟურნალისტებმა გამოავლინეს 2025 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელიც ამჯერად ვახტანგ ლოლუა გახდა.
ბოლო სამი ჯილდო ჯუდოკებმა მიიღეს, თუმცა, მთელი წლის მანძილზე ნაჩვენები შედეგების გათვალისწინებით, სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო. საუკეთესო გუნდი - ძიუდოს ნაკრები გახდა, საუკეთესო მწვრთნელი - ლაშა გუჯეჯიანი, საუკეთესო ფედერაციად კი, ძიუდოს ფედერაცია დაასახელა.
სხვათა შორის დაჯილდოვებულთა შორის მოხვდა ახალგაზრდა ტყვიით მსროლელთა გუნდიც. ჯილდო, სახელწოდებით „პერსპექტივა", ლეგენდარულმა ტყვიით მსროლელმა, ნინო სალუქვაძემ ჩაიბარა.
და ბოლოს, TSFF.Ge-მ, რომელიც 2005 წლიდან ცდილობს ქართველი სპორტსმენების მონაწილეობით ყველა მნიშვნელობანი ღონისძიების შესახებ გიამბოთ, საკუთარი არჩევანიც გააკეთა. მაშ ასე ჩვენს სამეულებს გთავაზობთ:
საუკეთესო სპორტსმენთა სამეული (კაცები) - ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი), სანდრო ბაზაძე (ფარიკაობა), გიორგი სარდალაშვილი(ჯუდო);
საუკეთესო სპორტსმენთა სამეული (ქალები) - ეთერ ლიპარტელიანი(ჯუდო), მარიამ აბრამიშვილი (სროლა), მარია ალავიძე (მხატვრული ცურვა).
საუკეთესო გუნდი (სამეული) - ჯუდოს ნაკრები, U21 ფეხბურთი, ფიგურული ციგურაობა (გუნდური ოლიმპიური ლიცენზია)
საუკეთესო ახალგაზრდა (21 წლამდე) სპორტსმენი (სამეული) - ვახტანგ ლოლუა (ბრ ჭიდაობა), სანდრო მაჭავარიანი (მშვილდოსნობა), საბა ხარებაშვილი (ფეხბურთი).
საუკეთესო მწვრთნელი (სამეული) - რამაზ სვანაძე (ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატი), ლაშა გუჯეჯიანი, ტიტე კალანდაძე
საუკეთესო ქალი და კაცი პარასპორტსმენი - ანა ჯაფარიძე და გიორგი ქალდანი
როგორც ხედავთ, ჩვენი რჩეულებიდან მხოლოდ ორში არ დაემთხვა ჩვენი და დანარჩენი ქართული მედიის აზრი, თუმცა, ჭეშმარიტება ხომ აზრთა მრავალფეროვნებაში იბადება.
წარმატებას ვუსურვებთ, ყველა გამარჯვებულს, ნომინირებულებს და 2026 წელს უფრო წარმატებულ წელს ვუსურვებთ.





ჩვენ








