საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა
28.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა.  სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა სამ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აიღო, თუმცა, დააგროვა გამოცდილება, რომელიც მომავალ ტურნირებზე და ძალიან მალე მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება, აუცილებლად გამოადგება. სწორედ, ამ დეტალზე გაამახვილა, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის დასრულებისთანავე ყურადღება ავთანდილ ასათიანმა.


„ჩვენ, ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ ვითამაშეთ. ვამაყობ, რომ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. მთელი თამაში შანსს ველოდებოდი. ამას გარდა, 2-1 გვგქონდა კარგი მომენტები. ვერ მოვახერხეთ გაგვეთანაბრებინა. ასეთ თამაშებში დიდ გამოცდილებას იძენ.


ნამდვილად ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით. ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლეს. მათთვის ეს ევროპის ჩემპიონატი დიდი გამოცდილება იყო. ეს არის ახალგაზრდა თაობა, რომელიც ამ გამოცდილებაზე გაიზრდება, ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან აქ და კიდევ ბევრჯერ ითამაშებენ. დიდი მადლობა უეფა-სა და მასპინძელ ქვეყნებს ამ ტურნირის ორგანიზებისთვის", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, ფლეშ-ინტერვიუში, რომელიც ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა თამაშის დასრულებისთანავე უეფა-სთვის გააკეთა.


ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე ფრანგებს, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ხელს, ფრეც აძლევდა. აი, საქართველოს ნაკრებს კი, მხოლოდ გამარჯვება აძლევდა ხელს, ისიც თუ, პარალელურ შეხვედრაში, ხორვატია, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ლატვიის დამარცხებას მოახერხებდა. აქვე ვთქვათ, რომ ხორვატიამ მოახერხა გამარჯვება, 1-4 და 5 ქულით ჯგუფში მეორე ადგილით, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გავიდა. აი, ჩვენს წყვილში კი, საფრანგეთმა იმარჯვა, 1-3 (მატჩის ტექსტური ჩანაწერი).


რთული სათქმელია, როგორ წარიმართებოდა თამაში, რომელშიც საქართველოს ნაკრებს წამყვანი მოთამაშეები, ტრავმირებული შოთა თოფურია და დისციპლინარული სასჯელის გამო ირაკლი თოდუა აკლდნენ, რომ არა 2'20'' წუთზე ვახო კეკელიას ავტოგოლი, რომელმაც ჩვენი გეგმებიც არია და განწყობაც. რაც თითქმის მთელი თამაში გაგვყვა. ამაზე, მეტყველებს პირველ ტაიმში გიორგი ჩიმაკაძისა და გიორგი ღავთაძის გამოუყენებელი შანსებო. ზოგადად, ამ მონაკვეთში, ფრანგებს ჩვენი კარის მიხედვით 34-ჯერ (ქედან კარის ჩარჩოში 8-ჯერ) ჰქონდათ დარტყმული. ალბათ, ბევრი ფიქრი არაა საჭირო, რომ გამოვიცნოთ, ასეთ გარემოში ვინ გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში - რა თქმა უნდა ჩენი ფერეიდნელი ალი ასლანი. თუმცა, ავტოგოლის გარდა, მას პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაუტანეს - 17'32'' წუთზე ეს, სუეილ მუჰუდინიმ გააკეთა.


თამაშის დასრულების შემდეგ ფრანგებმა აღიარეს, რომ განსაკუთრებით მეორე ტაიმში მათ გაუჭირდათ გოლის გატანა, რამეთუ, საქართველოს საკმაოდ რთული გუნდიაო. ამ რთულმა გუნდმა კი, 32'44" ერთი გოლი გაქვითა.  ჯანიკო გორგაიას გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ გაბრიჩიძემ გაიტანა. სხვათა შორის იმავე გორგაიას თავადა ჰქონდა გოლის გატანის საუკეთესო შანსი, როდესაც ქართველმა მოედნის ცენტრიდან იბრძოლა და ბოლოს, მაინც მოახერხა დარტყმა, თუმცა ფრანგებმა მოიგერიეს.  ამ მომენტის გარდა, ალბათ, რაზეც გული გწყდება, გიორგი ღავთაძის (მეკარემ აუღო), გიორგი ჩიმაკაძის (ააცილა) და კიდევ ერთი მომენტი იყო, როდესაც ორი ერთზე გავედით მეკარესთან, მაგრამ... ამასობაში, აბდესამად მოჰამედიმ ამ შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.


ბუნებრივია, გამოცდილება გამოცდილებად, თუმცა, მშვიდ გონებაზე, ალბათ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, დაფიქრდება, როგორ შეიძლება გამოსწორდეს ჩვენი ნაკრების აქილევსის ქუსლი - დიდი რაოდენობით გამოუყენებელი მომენტები.


და ბოლოს გეტყვით, რომ ჩვენი ჯგუფიდან, გათამაშების მომდევნო ეტაპზე საფრანგეთი და ხორვატია გავიდნენ. შესაბამისად, მომდევნო ეტაპზე ფლეი-ოფში კაუნასში ხორვატების სომხეთს (რომელმაც ჯგუფი 9 ქულით მოიგო), ხოლო რიგაში ფრანგები, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.


ფოტო: © UEFA