
ხვალ, თბილისის დროით 19:30 საათზე (ლიეტუვას დროით, 16:30) საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჯგუფის ბოლო შეხვედრას გამართავს. ავთანდილ ასათიანი გუნდი, ბოლო მატჩს, არა რიგაში, არამედ ლიეტუვაში, კაუნასში გამართავს და საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელთანაც, საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებსაც აქვს თამაშის გამოცდილება. შეგახსენებთ, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეინ რაუნდში, თბილისში, ფრედ, 3-3 დასრულებული შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ჩვენ კი, მაშინ გზა ოდნავ გავიგრძელეთ და მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სლოვენიასთან გამართული ორ-რაუნდიანი ფლეი ოფის გავლით მოვხდით.
„ბიჭების შრომამ მოგვიტანა ის, რომ ხორვატიასთან ფრემ დაგვტოვა საქმეში. ანუ ჩვენს თავზე ვართ დამოკიდებული. მეორე ის, რომ ვეთამაშებით მსოფლოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს. ეს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კარგია, რომ შანსი გვაქვს, ვეცდებით, ეს ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. ვიცით, ძალიან რთული იქნება, მაგრამ მაქსიმალურად ბოლომდე უნდა ვცადოთ მისი გამოყენება. იმიტომ, რომ როდესაც ბოლომდე მიგყავს და ასე ვთქვათ, ფინალის ტოლფასი თამაში იქნება, ეს, უკვე კარგია. უნდა ვეცადოთ, რომ ამ თამაშის წინ გაწეული შრომაც არ დაიკარგოს,"- ამბობს ავთანდილ ასათიანი, სანაკრებო გვერდის მიერ გავრცელებულ კომენტარში. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ვებ-გვერდმა ამ ჯერზე ვერ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება და აქედან გამომდინარე, მხოლოდ ოფიციალური კომენტარებით შემოვიფარგლებით.
საქართველოს ფუტსალის ნაკრებში თვლიან, რომ ხვალინდელი დაპირისპირება იქნება რთული, მაგრამ კარგი გამოწვევა ჩვენი გუნდისთვის, რადგან ხორვატებთან უკვე მოხერხდა იმის დამტკიცება, რომ ქართული ფუტსალი ვითარდება და ამ მხრივ სწორ გზას ადგას. შესაბამისად, გუნდი საფრანგეთთან მატჩშიც შეეცდება, მაქსიმუმის გაკეთებას - ყველაფრის გაკეთებას რაც ჩვენს ძალებს არ აღემატებაო, ამბობს ასათიანი, ჩვენს კოლეგებთან საუბრისას, რომლებთანაც, ჩვენის მხრივ, ჩვენი ვებ-გვერდი მუდმივ კონტაქტზეა. სხვათა შორის, მათივე თქმით, რიგასთან შედარებით, კაუნასში არც ისე ცივა, თუმცა, ლიეტუვაში გადაუღებლივ თოვს. მიუხედავად ამისა:
„გუნდში კარგი განწყობაა, ყველა საბრძოლველად ვართ მზად. თითოეულ ფეხბურთელს გააზრებული გვაქვს რა დონისა და სირთულის თამაში იქნება. ვფიქრობ, მზად ვართ. ჩვენს მეტოქეზე, საფრანგეთზე რის თქმაც შემიძლია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, უძლიერესი გუნდია, თუმცა, ეს არ გვაბრკოლებს და მაქსიმუმს შევეცდებით. დანარჩენს, თამაშზე ვნახავთ რა გამოვა", - ამბობს ნიკოლოზ გაბრიჩიძე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.
ხვალინდელ თამაშზე შოთა თოფურიას გარდა, რომელიც ტრავმირებულია, საქართველოს ნაკრებს ირაკლი თოდუაც ვერ დაეხმარება. გემახსოვრებათ, ხორვატებთან მატჩში, ჩვენი ნაკრების კაპიტანმა, ჩვენს კარში დანიშნული პენალტის მომენტში, ყვითელი ბარათების ლიმიტი ამოწურა, შესაბამისად, თოდუას მატჩის გამოტოვება უწევს. ბუნებრივია, ამ გადმოსახედიდან, საქართველოს ნაკრებს დაცვაში თამაში გაურთულდება, თუმცა, გუნდი, მოედანზე 3 ქულისთვის გავა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახერხებს საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან გასვლას.
ბუნებრივია, ჩვენ თამაში ყველა ვარიანტში მოსაგები გვაქვს, თუმცა, ნაწილობრივ მეორე წყვილზე, ლატვიისა და ხორვატიის მატჩის შედეგზეც ვართ დამოკიდებული. ორივე შეხვედრა ერთსა და იმავე დროს გაიმართება. ჩვენი და ხორვატიის მოგების შეთხვევაში, მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ჩვენ და ხორვატია ვაგრძელებთ. ლატვიისა და ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე ჩვენ და ლატვია გავალთ, მხოლოდ ჩვენ ჯგუფში მეორე ადგილით, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო, ფლეი-ოფის შეხვედრას კვლავ კაუნასში, სომხეთის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, ერთი ტურით ადრე, ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე, უკვე გასულია ფლეი-ოფში, რადგან ჩვენს მეზობლებს გამსვლელი, 6 ქულა აქვთ.

|
|
|





ჩვენ







