გოგლიჩიძე მცირე სათამაშო დროით, თუმცა, მინდორზე დაბრუნდა
გოგლიჩიძე მცირე სათამაშო დროით, თუმცა, მინდორზე დაბრუნდა
27.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მე-8 სათამაშო დღე ჩამთავრდება, ქართველი ლეგიონერების კლუბების კვირისა და ორშაბათის მატჩებსაც გადავხედოთ. მითუმეტეს, რომ ორ თვეში, სანაკრებო ციებ-ცხელება განახლდება და ჩვენც, უფრო მეტად დაგვაინტერესებს მათი ფორმაში ყოფნა, არ ყოფნის საკითხები.


და დავიწყოთ იტალიის სერია A-ს 22-ე ტურით, რომელშიც „უდინეზე", გასვლით შეხვედრაში „ვერონა" 1-3 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უდინელთა განაცხადში 10 იანვრის მატჩიდან კვლავ გამოჩნდა საბა გოგლიჩიძე, რომელსაც კუნთის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, ქართველს, სათამაშო დრო არ ეძლეოდა. აი, ვერონელებთან შეხვედრაში კი, საბა მოედანზე გამოჩნდა, მხოლოდ, ბოლო რამდენიმე წუთი. ქართველი მოედანზე, მხოლოდ 89-ე წუთზე შემოვიდა, ასე, რომ მინდორზე, მატჩის ძირითადი დროის 1 და კიდევ რამდენიმეც, მსაჯის მიერ მატჩისთვის კომპენსირებული დროიდან გაატარა. 22 ტურის შემდეგ კი, „უდინეზეს" 29 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა. ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ საბას ნელ-ნელა სათამაშო დრო გაეზრდება.


საფრანგეთის ლიგა 1-ში კი, გიორგი წიტაიშვილისა და გიგი აბუაშვილის „მეცის" უიღბლო სერია გრძელდება. თუ არ ჩავთვლით, 4 იანვარს, „ლორიანთან" ფრედ დასრულებულ შეხვედრას, ქართველების გუნდს 2025 წლის 20 დეკემბრის მერე არ მოუგია. უფრო მეტიც, „მეციმ" წააგო ჩემპიონატისა და სათასო შეხვედრები. ამჯერად კი, საშინაო შეხვედრაში 2-5 განადგურდა „ლიონთან", რომელმაც თავის მხრივ „საქმე", პირველივე ტაიმში გაიტანა, როდესაც მასპინძელთა კარში 4 გოლი გაიტანა. „წიტამ" ტრადიციულად, სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. რაც შეეხება „აბუს", ის თამაშში 78-ე წუთიდან ჩაერთო. ქართველი ფეხბურთელების ქომაგებისთვის სამწუხაროდ, 19 ტურის შემდეგ, „მეცს" 12 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში, კვლავ ბოლო ადგილზეა.


ესპანურ ლა ლიგა 2-ში, დებიუტი ჰქონდა გიორგი გულიაშვილს, რომლის „რასინგმაც" გასვლით შეხვედრაში ლა კორუნიას „დეპორტივო" 0-1 დაამარცხა. ქართველი მოედანზე, 61-ე წუთზე გამოჩნდა. მისმა გუნდმა კი, გოლი სწორედ ამის შემდეგ გაიტანა. სადებიუტო შეხვედრის კვალობაზე, გულიაშვილმა კარგი შეფასება მიიღო. მის გუნდს კი, მსაჯის მიერ თამაშისთვის კომპენსირებულ მე-7 წუთზე ერთით ნაკლები ფეხბურთელით მოუწიათ შეხვედრის დასრულება. სანტანდერელებს ფეხბურთელი გაუძევეს. ლა ლიგა 2-ის 23-ე ტურში მიღწეული ამ გამარჯვების შემდეგ კი, „რასინგს" 44 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.


რადგან სიტყვამ ლა ლიგა 2 მოიტანა, გავიხსენოთ, რომ მძიმე ტრავმის გამო, საკმაოდ ბევრი დრო გაუცდება იური ტაბატაძეს. ამ ტურში, „კადიზისა" და „გრანადას" დაპირისპირებაში არ უთამაში მეორე ქართველსაც, ლუკა გაგნიძეს, რომელის სტუმართა გუნდის განაცხადში კი იყო, თუმცა, მოედანზე არ გამოსულა. შეხვედრა „გრანადამ" მოიგო, რომელსაც 26 ქულა აქვს და მე-17 ადგილზეა, აი „კადიზი" კი, 34 ქულით, მე-11 საფეხურზეა.