ზაფხულამდე თითქმის ძველი შემადგენლობით და უკვე სიახლეებით, ბათუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის ემზადება
ზაფხულამდე თითქმის ძველი შემადგენლობით და უკვე სიახლეებით, ბათუმის „დინამო“ ახალი სეზონისთვის ემზადება
26.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საფეხბურთო კლუბი ბათუმის „დინამო" ახალი საფეხბურთო სეზონისთვის 15 იანვარს შეიკრიბა და მზადება დაიწყო. გიორგი ჭიაბრიშვილთან ერთად, ახალი მფლობელის საფარ ქვეშ, ვიდრე კლუბს ფიფა-ს „ბანი" მოეხსნება, კლუბს საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს, რომელშიც „დანარჩენი, მესამე, მეორე, პირველი ადგილი, ეს უკვე პროცესის ნაწილია", - ასე თვლის და ასეთ დავალებას აძლევს, ბათუმური კლუბის ახალი მფლობელი თემურ მიქელაძე, ანთალიაში შეკრებაზე მყოფ გუნდს, რომელსაც ის, კლუბის ახალ აქციონერებთან ერთად შეხვდა.


„თურქეთში გამართული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ შევხვდით როგორც ფან-კლუბის წარმომადგენლებს, ასევე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს. ახლა კიდევ უფრო ნათლად გავაცნობიერე, თუ რამდენად დიდ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე, რაც დამატებით მოტივაციას მაძლევს, დასახული მიზნები მეტი ძალისხმევითა და სიყვარულით შევასრულო.


ბათუმელებს ვპირდებით, რომ როგორც კი კლუბს სატრანსფერო სანქცია მოეხსნება, გუნდს შევავსებთ ღირსეული ფეხბურთელებით - ისეთებით, რომლებიც სრულად გაიზიარებენ ჩვენი კლუბის ღირებულებებს", -  ამბობს თემურ მიქელაძე.


ბათუმის „დინამოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ანტალიაში ყოფნისას, ახალმა ხელმძვანელობამ „გაცნობითი ხასიათის შეხვედრები" გამართა კლუბის ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და პერსონალთა, თუმცა, ისევე, როგორც დინამოელთა ერთგულ გულშემატკივართან, რომლებიც კლუბის საქომაგოდ, ანტალიის შეკრებაზეც ბათუმელებთან ერთად არიან. ისაუბრეს ბევრ საკითხზე, მათ შორის სამომავლო გეგმებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, ალბათ, ქართულ საფეხბურთო რეალობაში სიახლეა - თემურ მიქელაძის პირადი ინიციატივით უახლოეს მომავალში ბათუმის „დინამოს" აქციები საჯარო გაყიდვაში გამოვა, რაც ნებისმიერ მსურველს საშუალებას მისცემს კლუბის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოსო, ნათქვამია საკლუბო ცნობაში.


ამასობაში, ანტალიაში შეკრებაზე მყოფმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა, რომელიც თავდაპირველად უამინდობის გამო გადაიდო, ბოლოს მაინც გამართა ბოსნიურ „სლოგა დობოისთან" და 0-3 დამარცხდა. აჭარული გუნდის თურქული შეკრება ერთ თვეს გასტანს და ამ ხნის განმავლობაში, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი, კიდევ ექვს ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.



ფოტო: ბათუმის „დინამო"