
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დღეს, მოახერხა ევროპული რეიტინგის ნომერ მეშვიდე გუნდთან ფრედ, 2-2 ეთამაშა და ევროპის 2026 წლის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი დაიტოვა. ვიდრე დღევანდელ შეხვედრას დავუბრუნდებით, აქ, საქართველოს ნაკრებისთვის, მომდევნო ეტაპზე მოსახვედრად, სამი სცენარი განვიხილოთ:
იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფრანგებს მოუგებს, ხოლო ხორვატები მასპინძელ ლატვიელებს, მაშინ გათამაშების მომდევნო ეტაპზე ხორვატიისა და საქართველოს ნაკრებები გავლენ.
არის კიდევ ერთი ვარიანტი, თუ საქართველოს ნაკრები საფრანგეთს მოუგებს, ხოლო ლატვია ხორვატებს, მაშინ გათამაშების მომდევნო ეტაპზე ლატვია და საქართველოს ნაკრებები გავლენ.
მოკლედ, ჩვენ ყველა ვარიანტში უნდა მოვიგოთ, რადგან არის კიდევ ერთი, მესამე ვარიანტი - თუ პარალელური შეხვედრა ხორვატიასა და ლატვიას შორის ფრედ დასრულდა, გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, საფრანგეთს, ლატვიასა და საქართველოს ნაკრებებს თანაბარი, 4-4 ქულა დაუგროვდებათ. ამ შემთხვევაში, ჯგუფის ორ საუკეთესო გუნდს, ურთიერთშეხვედრები და მიღებულ-გაშვებული გოლები გადაწყვეტს.
ამრიგად, ჩვენ ყველა ვარიანტში, საფრანგეთთან მოგება გვინდა და დანარჩენი ლატვია-ხორვატიის წყვილზე ვიქნებით დამოკიდებულნი.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს ნაკრებს ემჩნეოდა, რომ ევროპის ჩემპიონატის სასტარტო თამაშის შთაბეჭდილებებიდან ჯერ გამოსული ბოლომდე ვერ იყო. თუმცა, ავთანდილ ასათიანის ფეხბურთელები დღეს უფრო დალაგებულად თამაშობდნენ დაცვაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრების ფერეიდნელი ქართველების წარმომადგენელ მეკარეს, ალი ასლანს 33-ჯერ (!) მოუხდა ბურთის მოგერიება. მოვლენებს წინ გავასწრებთ და გეტყვით, რომ თამაშის ბოლოს, მატჩის MVP-იდ სწორედ, ქართველთა ნაკრების მეკარე აღიარეს.
„დიდებული თამაში იყო. იმის გათვალისწინებით, რომ ცუდად დავიწყეთ (ლატვიასთან განცდილი მარცხის 4-0 შემდეგ), დღეს ყველაფერი კარგად იყო. როდესაც კარგად ვთამაშობ, ნიშნავს, რომ მთელი გუნდი კარგად თამაშობს. ეს გუნდური სპორტია და არა ერთი მოთამაშის. მადლობა მინდა გადავუხადო თანაგუნდელებს, რომლებიც ჩემი მეგობრები და ძმები არიან. მომდევნო შეხვედრაში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და იქნებ, მომდევნო ეტაპზე მოვახერხოთ კვალიფიკაცია. საფრანგეთის ნაკრებს დიდ პატივს ვცემ. ვიცით, რომ არის კარგი გუნდი და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ჩვენ, საქართველო ვართ. ჩვენ უშიშარი ხალხი ვართ. არ ვიცი, საფრანგეთთან რა შედეგი დაფიქსირდება, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენ, ყველაფერს შევეცდებით", - ამბობს ალი ასლანი, თამაშის დასრულებისა და MVP-ის ტროფეის ჩაბარების შემდეგ, უეფა-ს ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ ფლეშ-კომენტარში.
უეფა-ს ვებ-გვერდზე მატჩის სტატისტიკას თუ ჩავხედავთ, ხორვატიის ნაკრებს საქართველოს კარის მიმართულებით 60 დარტყმა ჰქონდა, ჩვენ, მხოლოდ 15. აქედან, ხორვატებს, კარის ჩარჩოში, 35-ჯერ, ჩვენ კი, 6-ჯერ გვქონდა დარტყმული. ჩვენი მოწინააღმდეგის სასარგებლოდ არის ჩანაწერი ჩამოწოდებული კუთხურების თვალსაზრისითაც, 17/5... თამაშის დასრულების შემდეგ, ხორვატიის ნაკრების მოთამაშე დავიდ მატაია აღნიშნავს, რომ მის გუნდს, მინიმუმ 15-ჯერ შეეძლო ქართველთა კარის აღება და ხაზს იმ გარემოებასაც გაუსვამს, რომ 40 წუთის მანძილზე მათი უპირატესობის მიუხედავად, ხორვატიის ნაკრებმა, საქართველოს ვერ მოუგო.
ხორვატიასთან მატჩში, დომინანტები რომ ჩვენი მეტოქეები იქნებოდნენ, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, აპრიორშივე იცოდა. თუმცა, აქ ასათიანს და მის სტაფს, უფრო მეტი საფიქრალი ჰქონდა - ერთი, მოკლე დროში უნდა მოეხერხებინა, სასტარტო მარცხიდან გუნდისთვის სტრესული ფონი მოეხსნა და ეს, რომ ასე იყო, ჩვენი გუნდის თამაშს, სასტარტო სასტვენის შემდეგ ნელ-ნელა დაეტყო და მეორე, მაშინ, როცა დაგეგმილი 3 ქულა „გავმაზეთ", საქართველოს ნაკრებს, ჯგუფის დარჩენილ ორ თამაშში, ორ უძლიერეს მეტოქესთან, უნდა მოეხერხებინა ძალების გადანაწილება, თან ისე, რომ დღეს, თამაში არ წაეგო.
ლატვიასთან სასტარტო შეხვედრისგან განსხვავებით დღეს, ასათიანმა სასტარტო ხუთეულში მხოლოდ მეკარე ჩაანაცვლა - ალი ასლანი, ირაკლი თოდუასთან, გიორგი ჩიმაკაძესთან, გიორგი ღავთაძესთან და ვახტანგ კეკელიასთან ერთად გამოუშა. თამაშის მიმდინარეობას, არ ჩავუღრმავდებით, უბრალოდ გეტყვით, რომ ჩვენი გუნდი, ალბათ, უფრო ხორვატებისთვის მოულოდნელად, შეხვედრის 5'42'' წუთზე, ქართველთა გუნდის კუთხურს მოჰყვა. ვახტანგ ჯვარაშვილმა კუთხურიდან პირდაპირ კარში ჩაახვია. თუმცა, ბოლო მომენტში ბურთი ხორვატ სეკულიჩს შეეხო და ამიტომ, უეფა-ს ოფიციალურ გვერდზე, ავტოგოლი სწორედ ხორვატს მიაწერეს. ტაიმის მიწურულს, 15'52'' წუთზე, ქართველ მცველებს წამიერად უყურადღებოდ დარჩათ კუსტურა, რომელმაც არ დააყოვნა და ანგარიში გაათანაბრა. მორე ტაიმის სტარტზე კი, ასლანმა ვერ გვიშველა და ლიმამ (22'33'') ხორვატები დააწინაურა. ამის შემდეგ, გიორგი ღავთაძეს ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების საშუალება თუმცა, ქართველმა 25-ე წუთზე პენალტი ვერ გამოყენა. ამის შემდეგ კი, 34'13'' ღავთაძემ საკმაოდ უხერხული პოზიციიდან ჩააწოდა ბურთი ხორვატთა მეკარის ბაქანში, სადაც ბურთს ვახო კეკელია ელოდა და საქართველოს ნაკრებმა, ანგარიში გაათანაბრდა. სხვათა შორის, ამ გოლის შემდეგ, ასათიანის შეგირდებმა, უბრალოდ, იგრძნეს სათამაშო მუხტი და გააქტიურდნენ კიდეც, თუმცა, ამის ფონზე, მსაჯებმა არ „გაგვიტარეს" და VAR-თან „კონსულტაციის" შემდეგ, პენალტი ჩვენს კარში დანიშნეს. თან 38-ე წუთზე და ალბათ, რომ გასულიყო, ქულის გადასარჩენად ცოტა გვრჩებოდა. თუმცა, საბედნიეროდ ამჯერად, ხორვატებმა გააცუდეს პენალტი და შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.
ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში 1 ქულით, კვლავ ბოლო ადგილზეა. თუმცა, ჩვენი გუნდის შანსებზე, სტატიის დასაწყისში მოგახსენეთ.
საქათველოს ნაკრები ხვალ დილით, რიგას დატოვებს და ლიეტუვაში, კაუნასში გადაბარგდება. სადაც 29 იანვარს, საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ფოტო: (c) UEFA

|
|
|





ჩვენ







