ქალი ფეხბურთელების დამოკიდებულება და მენტალიტეტი დადებითისკენ არის შეცვლილი
ქალი ფეხბურთელების დამოკიდებულება და მენტალიტეტი დადებითისკენ არის შეცვლილი
22.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2026 წელს პირველად შეიკრიბა. ირის ანტმანის გუნდს, დაახლოებით თვენახევარში მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უწევთ - 3 მარტს, გასვლაზე, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ. საერთო ჯამში აღნიშნულ შესარჩევ ციკლში, სადაც საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები C დივიზიონის 3- გუნდიან ჯგუფში მოხვდა, ბერძნებთან ორი დაპირსპირების გარდა, კიდევ ორი შეხვედრა ელით ფარერის კუნძულების ქალთა ნაკრებთან. აღნიშნული შესარჩევის შემდეგ, ჯგუფის გამარჯვებულები ფლეი-ოფის ფორმატში გააგრძელებენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას, თუმცა, ამას გარდა 2027 წლის ქალთა შორის ერთა ლიგის B დივიზიონშიც დაწინაურდებიან.


სხვათა შორის, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდიც, ასე, რომ ამ მხრივ, საქართველოს ქალთა ნაკრებს საინტერესო გაზაფხული ელის.


„ჩვენ უკვე შეკრებაზე ვართ, რადგან გვჭირდება, რომ ფეხბურთელები საკვალიფიკაციო თამაშებამდე სათანადო ფორმაში იყვნენ. ამჟამად, 24 ფეხბურთელით ვართ შეკრებილი და მათ შორის, რამდენიმე ძალიან ახალგაზრდაც გვყავს. კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აქვს, ზოგი ავადაა. „ბასაზე" ვართ შეკრებილები თუმცა, თბილისში მოსული დიდი თოვლის გამო, კასპში ვვარჯიშობთ", - ამბობს ანტმანი TSFF.Ge-სთან ლაპარაკში.


მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ქალთა ლიგაში მოასპარეზე გუნდები არ არიან დაკომპლექტებულები და აქედან გამომდინარე, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ფეხბურთელებს ახალ სეზონში, ახალი კლუბების არჩევის შესაძლებლობა კიდევ აქვთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრადიცია არ ირღვევა და ნაკრებში ძირითადად, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის „ნიკე ლუსოსა" (9) და ვიცე-ჩემპიონის „ლანჩხუთის" (8) წარმომადგენლები სჭარბობენ. საინტერესოა, რომ ირის ანტმანის 24-ფეხბურთელიან განაცხადში არიან ძლიერთა შორის დაბრუნებული სოხუმის „დინამოს" (2) წარმომადგენლებიც. იანვრის შეკრებაზე იმყოფებიან „კვარტალის", „ელიტასა" და „ბათუმის" თითო მოთამაშე. აი ორი, ფეხბურთელი კი, მართალია, ამ ეტაპზე გუნდის გარეშეა, თუმცა, ანტმანმა მათ ნაკრებში მაინც მოუხმო.


მეკარე: თათია გაბუნია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სვეტლანა გაბელაია („ლანჩხუთი"), ლიკა ცუხურკაიძე („კვარტალი"), ეკა თაბაგარი; დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნატა კვირკვაია („ელიტა", თბილისი), სოფიკო ნარსია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ელენე ბოლქვაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანი აკობიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ნათია წოწერია („ბათუმი"); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („ლანჩხუთი"), ნათია დანელია („ლანჩხუთი"), ტატა მატვეევა („ლანჩხუთი"), კესო მეტონიძე („ნიკე-ლუსო", თბილისი),  ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ლიზი კაკულია („დინამო", სოხუმი), ლიზი მწყერაშვილი („ლანჩხუთი"), ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი"), ნათია ჯოჯუა („დინამო", სოხუმი), ნინო ბუხრიკიძე („ლანჩხუთი"), ანანო წიქარიძე.


 „ამ შეკრების ჩატარება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული ჩემპიონატი ამ მომენტში არ მიმდინარეობს. გუნდებსაც ჯერ არ დაუწყიათ საწვრთნელი პროცესი. თუმცა, ფეხბურთელებს დაახლოებით დეკემბრის შუა რიცხვებიდან, ჰქონდათ მიცემული პროგრამები რათა ინდივიდუალურად ევარჯიშათ. ახლა ამ „საშინაო დავალების" შემდეგ, ჩვენ გვაქვს ტესტები და რა თქმა უნდა ვცდილობ, რომ საუკეთესო ფორმაში იყვნენ მარტისთვის. მანამდე, ვიდრე ქალთა ლიგა დაიწყება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელებს ეს მომენტი კარგად ესმით. მიცემულ დავალებებს ასრულებდნენ სახლში, რადგან მათ, მართლა უნდათ ჰქონდეთ წარმატება და ეს არის მაგალითი, რამდენად არის გამოსწორებული მათი დამოკიდებულება და მენტალიტეტი", - ამბობს ირის ანტმანი.


ქალთა ეროვნული ნაკრები შეკრებას 31 იანვარს დაასრულებს. თუმცა, მცირე შესვენების შემდეგ, გამომდინარე იქიდან, თუ ქალთა კლუბები როდიდან შეუდგებიან მზადებას, არაა გამორიცხული, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კვლავ უხმოს ნაკრებს.


აქვე გეტყვით, რომ ქალთა ეროვნული ნაკრების პარალელურად, შეკრებაზე არიან გოგონათა 17 და 19 წლამდე ნაკრებებიც.