საგოლე მომენტები, რომელიც სამ თამაშს ეყოფოდა, თუმცა, ცხრილში ნულები
საგოლე მომენტები, რომელიც სამ თამაშს ეყოფოდა, თუმცა, ცხრილში ნულები
22.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი წარუმატებლად დაწყო. ავთანდილ ასათიანის გუნდი სათამაშო, ბურთის ფლობის და თუნდაც კარში დარტყმების (47-ჯერ დავარტყით კარის მიმართულებით, აქედან 19-ჯერ კარის ჩარჩოში / სანაცვლოდ მოწინააღმდეგემ სულ 20-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით და მხოლოდ 5-ჯერ კარის ჩარჩოში) თვალსაზრისით ბევრად კარგად გამოიყურებოდა მეტოქეზე, თუმცა, მატჩის შემდეგომ პრეს-კონფერენციაზე, სწორედ მას მოუხდა წაგებულის პოზიციიდან ლაპარაკი:


„ძალიან დასანანი მარცხი იყო. ანგარიშიდან გამომდინარე ნამდვილად არ იმსახურებდა ჩემი გუნდი ასეთ წაგებას. ერთი სამ თამაშს გვეყოფოდა იმდენი საგოლე მომენტი გვგქონდა. რეალიზაციაში მოვიკოჭლებთ. რა თქმა უნდა ჩანს, რომ სამუშაო გვქვს. საწყენია, სტარტზე ასეთ თამაშს რომ წააგებ. არადა, ვქმნიდით მომენტებს, ნამუშევარი გვგქონდა ბევრი, კარგად გვყავდა ლატვია ნაკრები შესწავლილი. უბრალოდ, ისეთი დინამიური თამაშია ფუტსალი, შეიძლება ისეთი ანგარიში იყო, რომელსაც არ იმსახურებ.


უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. არ უნდა ჩამოვყაროთ ყურები. ძალიან რთული ორი თამაში გველოდება და უნდა ვეცადოთ, რომ ეს შეცდომები რაც დღეს იყო, იმ ორ თამაშში გამოვასწოროთ", - ამბობს ავთანდილ ასათიანი მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე.


ქართული ფუტსალის გულშემატკივარს ემახსოვრება, რომ ლატვიის ნაკრებს ჩვენი გუნდი გუშინდლამდე, 2024 წელს ორ ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ, ორივე თამაში თბილისში გაიმართა - 6 ნოემბერს ფრედ, 2-2 ვითამაშეთ. აი, მეორე შეხვედრაში, რომელიც 7 ნოემბერს გაიმართა 2-6 დავმარცხდით. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ჯგუფში ლატვია გვყავდა, მოსამზადებელ ეტაპზე ერთ-ერთ მეტოქედ ესტონეთი შეირჩა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბალტიისპირული ქვეყანა, ლატვიას კლასით ბევრად ჩამოუვარდებოდა, ჩვენების აზრით, ძალისმიერი სტილიდან გამომდინარე, შეგვეძლო მთელი რიგი დეტალების დახვეწა.


„მთელი გუნდის სახელით ბოდიშს ვუხდი საქართველოს ამ შედეგისთვის. ნამდვილად არ იმსახურებდა ჩვენი ქვეყანა ამ ანგარიშს ტაბლოზე. თუმცა, ბუნებრივია, თამაშიდან გამომდინარე ვინც უყურა, ნახა, რომ უამრავი მომენტი იყო, რომელიც ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, რეალობა ესაა და შემდეგ თამაშებში ვეცდებით, რომ ჩვენი გატეხილი სახელი, სახელი რამაც აქამდე მოგვიყვანა აღვიდგინოთ. ის, ერთიანობა აღვადგინოთ, რაც მოედანზე არის აუცილებელი", - ამბობს ირაკლი თოდუა, ეროვნული ნაკრების კაპიტანი.


ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის სასტარტო მატჩში, ჩვენმა გუნდმა მოახერხა ძალისმიერი ბარიერის გადალახვა, თუმცა, ჩავვარდით ე.წ. დამუშავებული სტანდარტების შემდეგ დაცვაში თამაშით. ორი გოლი სწორედ, სტანდარტულებს მოჰყვა. ბუნებრივია, იყო არ გამართლებაც, მოწინააღმდეგის მეკარის იღბალთან ერთადაც, თუმცა, ეს უკვე გუნდის ანალიტიკოსების სამუშაოა.  


„პირველ რიგში მინდა ჩვენს გულშემატკივარს, ჩვენს ოჯახებს, მთელს საქართველოს აი ამ ანგარიშის გამო ბოდიში მოვუხადო. მართლა ყველაფერი ჩავდეთ ამ თამაშისთვის, ვემზადებოდით, გამოვედით, ვითამაშეთ. არის ის დღეები, როცა არ გიმართლებს. ვინც ამ თამაშს უყურა, დამეთანხმება, რომ ბევრ დეტალში ძალიან არ გაგვიმართლა. სამწუხაროდ, ფეხბურთი ასეთა. დღეს, დავმარცხდით და ძალიან დამწუხრებულები ვართ, რადგან ყველას დადებითი შედეგი გვინდოდა. ვეცდებით, რომ შემდეგ თამაშზე გვქონდეს ის შედეგი, რისი მიღწევაც დღეს გვინდოდა", - ამბობს ვახტან ჯვარაშვილი.


ავთანდილ ასათიანის გუნდი, მომდევნო შეხვედრას კვლავ რიგაში, 25 იანვარს, ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. აი, ამ შეხვედრისთვის, ანალიტიკოსების მიერ გაკეთებული დასკვნების გარდა, ალბათ აუცილებელია ქართული გუნდის ფსიქოლოგიური მდგრადობა, რადგან ევროპის ჩემპიონატის მხოლოდ პირველი ტური ვითამაშეთ და თეორიული შანსი, მომდევნო ეტაპზე მოხვედრის, მით უმეტეს მეორე ადგილით, ჩვენ ისევ გვაქვს. ამისთვის კი, ქულების მაქსიმუმის აღებას უნდა შევეცადოთ, თუმცა, ნაწილობრივ, ლატვიის თამაშზეც დამოკიდებულები ვართ.



სფფ-ის ფოტო