ცივი შხაპი რიგის ყინვაში - ფუტსალის ნაკრები მარცხით იწყებს
ცივი შხაპი რიგის ყინვაში - ფუტსალის ნაკრები მარცხით იწყებს
21.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საერთო ჯამში 47 დარტყმა მეტოქის კარის მიმართულები, მათ შორის 19-ჯერ (!) კარის ჩარჩოში, მაშინ როცა, ლატვიის ნაკრებმა საერთო ჯამში, მიმართულებიან-ჩარჩოიანად საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით, მხოლოდ 20-ჯერ დაარტყეს, საიდანაც კარის ჩარჩოში 5-ჯერ წავიდა ბურთი და ოთხი გოლი გაგვიტანეს. ჩვენ - 0. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა, რანგითაც და თუნდაც, გამოცდილებითაც ბევრად სუსტ (ყოველ შემთხვევაში დღევანდელ მატჩამდე ასე ითვლებოდა) მეტოქესთან 4-0 წააგო.  


ვერ ვიტყვი, რომ თამაშის მიმდინარეობისას, განსაკუთრებით საწყის წუთებში, მატჩზე მომსახურე პორტუგალიელმა (ფუტსალში, პორტუგალია „მოსისხლე" მტრად ჩამოყალიბდა - შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის საგზურიც პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის საჩივრის დაკმაყოფილების შემდეგ ამოგაცალეს) მსაჯებმაც არ იქონიეს გავლენა, თუმცა, ეს იმდენად უმნიშვნელო იყო, იმ წვრილმანი თუ, სერიოზული შეცდომების ფონზე, რაც ჩვენს ნაკრებს მთელი შეხვედრის მანძილზე ჰქონდა, რომ სათვალავში არც უნდა მივიღოთ. მითუმეტეს, რომ ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის სასარგებლოდ, რომ სიმპათია იქნებოდა, ეს საქართველოს ნაკრებს, აპრიორშივე, ფსიქოლოგიურად უნდა გაეთავისებინა.


ავთანდილ ასათიანის გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: თორნიკე ბუკია, გიორგი ჩიმაკაძე, გიორგი ღავთაძე, ვახტანგ კეკელია და ირაკლი თოდუა. ლატვიის ნაკრებმა კი, ანგარიში ძალიან მალე და ჩვენი გუნდისთვის სრულიად მოულოდნელად, კუთხურის გათამაშების შემდეგ, გერმანს მატიუშენკოს (2'41'') გოლით გახსნა. ეს გარემოება, როგორც ჩანს, ჩვენი გუნდისთვის ცივი შხაპი გამოდგა, ლატვიაში რიგა არენას გარეთ არსებული ყინვის ფონზე კი, ჩვენი გუნდის მოქმედებები გაიყინა. იყო ძალიან ბევრი შეცდომა და პირადად ჩვენ რაც დაგვამახსოვრდა, მხოლოდ ერთი მომენტი, როდესაც მე-15 წუთზე მეკარესთან ერთი-ერთზე გასულ ნუკრი ჭუმბურიძეს შეეძლო გატანა.


ამის შემდეგ, იყო შესვენება და იმედი, რომ საქართველოს ნაკრები თავის ჩვეულ თამაშს შემოგვთავაზებდა, მითუმეტეს, რომ მეორე ტაიმი აქტიურად დავიწყეთ, თან ხშირად ყოფილა, რომ მეორე ტაიმში უფრო დიდი სხვაობით მიმდინარე თამაშებიც შემოგვიტრიალებია. თუმცა, მორიგი სტანდარტი და ედგარს ტარაკანოვსკის (24'01'') გოლი, რომელმაც ორ წუთში (26'34'') დუბლიც გაიფორმა, უკვე ჩვენი გუნდისთვის სრული ჩავარდნა და სასოწარკვეთილება იყო, რაც ხასიათში გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ ბურთს, კვლავ ჩვენ ვაკონტროლებდით და კარის მიმართულებითაც ჩვენ უფრო მეტს ვურტყამდით, გოლი ვერა და ვერ გაგვქონდა. მატჩის მიწურულს ზედმეტი ფეხბურთელის გათამაშება დავიწყეთ, რიგ მომენტებში ამას, ჩვენი მეორე მეკარე, ალი ასლანიც მშვენივრად ახერხებდა. თუმცა, ბოლო, მეოთხე გოლის მომენტში, საქართველოს ნაკრებმა ზედმეტი მოთამაშის არჩილ სებისკვერაძის ასლანით ჩანაცვლება ვერ მოასწრო და ანდრეის ბაკლანოვსკიმ (39'37'') ამ თამაშში ბოლო გოლი გაიტანა. ისე, ამ მონაკვეთში ერთი მომენტი გიორგი ღავთაძესაც ჰქონდა - მისი დარტყმული ძელს მოხვდა.


მიუხედავად იმისა, რომ მატჩის MVP-ი დუბლის ავტორი გახდა, არ ვიქნებით ორიგინალურები თუ ვიტყვით, რომ დღევანდელი თამაში  ლატვიელთა 21 წლის მეკარის რაინერს მურნიეკსის თავდადებამ უფრო წაგვაგებინა.


დღესვე, ჩვენს ჯგუფში ხორვატიისა და საფრანგეთის შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა. ამრიგად, ყველასთვის მოულოდნელად, A ჯგუფს, 3 ქულით სათავეში ლატვია ჩაუდგა. ჯგუფის მთავარ ფავორიტ საფრანგეთს 1 ქულა აქვს, ისევე როგორც ხორვატიას. ჩვენ კი, ჯერ 0 ქულით ბოლო ადგილზე ვართ და მეორე ტურში ხორვატიას, 25 იანვარს, კვლავ რიგა არენაზე დავუპირისპირდებით.


ბუნებრივია, საქართველოს ნაკრებს ჯგუფში, მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, მომდევნო ეტაპზე გასვლის თეორიული შანსი აქვს. თუმცა, ამისთვის ჩვენ დარჩენილი ორი შეხვედრა უნდა მოვიგოთ, რაც თუ ფსიქოლოგიურად არ გადავხარშეთ დღევანდელი მარცხი, ძალიან რთული გასაკეთებელი იქნება და ამასთან, ლატვიამაც, მინიმუმ ერთი მეტოქე, თავიდან უნდა ჩამოგვაშოროს.



სფფ-ის ფოტო