„აპოლოს“ ევროპის უძლიერეს ლიგაში დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან იასპარეზებს
„აპოლოს“ ევროპის უძლიერეს ლიგაში დიდი ალბათობით მომავალი სეზონიდან იასპარეზებს
21.01.2026
ავტორი: TSFF.Ge

კონტინენტების პირველობებზე, მხოლოდ კონკრეტულ სახეობებში გამარჯვებულები არ ვლინდებიან. მნიშნელოვანი ფორუმების დროს, სხვა სამუშაო პროცესიც მიმდინარეობს და ერთ-ერთი ასეთი, სერბეთში გაიმართა. წყალბურთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის დღეებში, ქართული წყალბურთისთვის საკმაოდ მნიშნელოვან სიახლეს ჩაეყარა საფუძველი.


საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბელგრადში საქმიანი ვიზიტით მყოფი, წყალბურთში, საქართველოს მოქმედი ჩემპიონის კლუბი „აპოლოს" წარმომადგენლები რეგიონალური ლიგის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. საუბარი კი, საკლუბო დონეზე „აპოლოს" ევროპის უძლიერეს ლიგაში მონაწილეობაა, სადაც სერბეთის ხორვატიის და მონტენეგროს წამყვანი გუნდები ასპარეზობენ.


მონტენეგროსა და სერბეთის წყალბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას „აპოლოს" ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ლიგაში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი, ქართული კლუბის პრეზიდენტის დიმიტრი აბდუშელიშვილის ინფორმაციით, სიტყვიერი შეთანხმება არის, რაც იმედს იძლება, რომ უკვე მომავალი სეზონიდან „აპოლო", რეგიონალურ ლიგაში იასპარეზებს.


ქართული მხარე, ამ მომენტში დადასტურებით ვერ ლაპარაკობს, თუმცა, არ გამორიცხავს, რომ აღნიშნულ ლიგაში „აპოლოს" მონაწილეობის შემთხვევაში, თბილისში, წყალბურთის გულშემატკივარი და მომავალი თაობა იხილავს, წამყვანი წყალბურთელების თამაშს ცოცხლად, რაც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას წაადგება.



ფოტო: სსსფ-ის ფოტო