ქართველი ჯუდოკები სეზონს პარიზის გრან სლემით გახსნიან
ქართველი ჯუდოკები სეზონს პარიზის გრან სლემით გახსნიან
21.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქართველი ჯუდოკები 2026 წლის სეზონს პარიზის გრან სლემზე გახსნიან. რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს ჯუდოს ფედერაციამ იმ სპორტსმენების სია გამოაქვეყნა, რომლებიც 7-8 თებერვალს IJF-ის წლის პირველ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას. საფრანგეთში ქართველები ქალების გარეშე გაემგზავრებიან, თუმცა, არაა გამორიცხული, პარიზის გრან სლემის მსვლელობის დროს 2025 წლის საუკეთესო ქალი ჯუდოკა სწორედ ჩვენი, ეთერ ლიპარტელიანი გახდეს. ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციის გამოკითხვის შედეგები, სწორედ პარიზის გრან სლემის დღეებში გამოცხადდება.


2026 წლის პირველ შეჯიბრში კი, საქართველოს ღირსებას, ტატამზე 10 ჯუდოკა ექვს წონით კატეგორიაში დაიცავს. ჩვენ არ გვეყოლება წარმომადგენელი -60 კგ წონით კატეგორიაში, სამაგიეროდ ოთხი წონა (-66, -73, -81 და +100) გაორებული გვექნება.


-66 კგ - ვაჟა მარგველაშვილი, თორნიკე გიგაური

-73 კგ - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

-81 კგ - კოტე კაპანაძე, ზაურ დვალაშვილი

-90 კგ - ლუკა მაისურაძე

-100 კგ -ნიკა ხარაზიშვილი

+100 კგ -  ირაკლი დემეტრაშვილი, საბა ინანეიშვილი