
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა განახლდა. განახლდა ქართული გოლით, შესაბამისად ქართველი ფეხბურთელების გუნდებისა და ჩვენი ლეგიონის მონაწილეობით. თუმცა, დღეს, მხოლოდ გიორგი ქოჩორაშვილის გუნდმა იზეიმა.
ისე მოხდა, რომ ზამთრის არდადეგების შემდეგ, განახლებულ ჩემპიონთა ლიგის პირველ სათამაშო დღეს, ჩვენი ლეგიონის სამი წარმომადგენლის გუნდმა ითამაშა, თუმცა, ქართველები სამივე კლუბში სათადარიგო შემადგენლობაში იყვნენ. დავიწყოთ ყვითელი წყალქვეშა ნავით, რომლის შეხვედრაც ესპანეთში, ხმელეთზე დატრიალებული ტრაგიკული მოვლენის გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. „ვილიარეალმა" „აიაქსს" უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში უპირატესობისა და საშინაო კედლების ფაქტორისა, შანსები ვერ გამოიყენა, მეორე ტაიმში კი, მოახერხა ანგარიშს გახსნა, თუმცა, გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, ნიდერლანდელებმა 12 წუთში ანგარიში გაათანაბრეს, რეალურად მასპინძელთა ავტოგოლის წყალობით და ნელ-ნელა ბურთიც გააკონტროლეს. ქართველი მოედანზე, მხოლოდ 72-ე წუთზე შემოვიდა, თუმცა, ძირითადად უბურთოდ იყო. რა თქმა უნდა თუ არ ჩავთვლით მომენტს, როდესაც, ალბათ, უმჯობესი იყო, ჟორჟს ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო და თანაგუნდელისთვის გაკეთებული პასის სანაცვლოდ, თავად დაერტყა და „ვილიარეალი" დაეწინაურებინა. თუმცა, ასე არ მოხდა. შეხვედრის ძირითადი დროის ბოლო წუთზე კი, „აიაქსის" ნორვეგიელმა ოლივერ ედვარდსენმა სტუმრების სასიხარულოდ, 3-ქულიანი გოლი გაიტანა. „აიაქსმა" 1-2 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვედრის შანსი დაიტოვა. ბომბარდირის გუნდი კი, რომელიც ესპანური ლა ლიგის წლის სამეულშია, გათამაშების ამ ეტაპს ბოლო ტურის წინ, რომელსაც 29 იანვარს, გასვლაზე „ლევერკუზენის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მოგების გარეშეა.
ვიდრე ჩვენი ლეგიონერების მონაწილეობით, მომდევნო შეხვედრაზე გადავალთ და იქიდან გამომდინარეც, რომ სიტყვამ ნორვეგიული გოლი მოიტანა, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, ნორვეგიული „ბოდო/გლიმტის" გამარჯვება ტიტულოვან „მანტჩესტერ სიტიზე", შეხვედრაში, რომელშიც სკანდინავიელებმა კასპერ ჰოგის (22', 24') დუბლითა და იენსა ჰაუგე (58') უშანსოდ დაამარცხეს პეპ გვარდიოლას გუნდი 3-1 და რეალურად, ფლეი-ოფის ზონაში (16-24) ადგილებზე მყოფ გუნდებს ბოლო ტურში და თუნდაც დღეს, შემთხვევით ფეხი დაუცდებათ, ინარჩუნებენ ფლეი-ოფში მოხვედრის შანსს, თუმცა, ამისთვის ბოლო მე-8 სათამაშო დღის შეხვედრა, მათაც მოსაგები აქვთ. ესეც შენი „ბოდო/გლიმტი", რომელთან თამაშსაც რამდენიმე წლის წინ ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდში თამაშს ნატრობდა...
ლოგიკურად, ისევ ქართულ რეალობასთან დავბრუნდით და სიამაყით ვიტყვით, რომ დღევანდელ ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონის მე-7 სათამაშო ტურში მორიგი გოლი გაიტანა საფრანგეთის ჩემპიონი გუნდის მე-7 ნომერმა. ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ, ამ დღეს გასვლით შეხვედრაში პორტუგალიაში, გიორგი ქოჩორაშვილის „სპორტინგს" დაუპირისპირდა და 2-1 დამარცხდა. ორივე ქართველი სათადარიგო შემადგენლობაში იყო. შეხვედრა კი, სტუმართა უპირატესობით მიმდინარეობდა, მხოლოდ კარში ფრანგულმა კლუბმა 28-ჯერ დაარტყა (!), თუმცა, გოლი 66-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა ქართველმა 79-ე წუთზე გაიტანა და პარიზელებს მორიგი გამარჯვებისთვის სტიმული მისცა, მითუმეტეს, რომ წელს პსჟ-ს ბოლო წუთებზე ხშირად უმართლებს. ამჯერად, ასე არ მოხდა და იღბალი მასპინძლების მხარეს იყო - კოლუმბიელი ლუის სუარესი (74', 90') დუბლის წყალობით, „სპორტინგმა" მნიშნელოვანი შეხვედრა მოიგო. თუმცა, ისევე, როგორც პსჟ, პორტუგალიელთა „ბედიც" პირდაპირ მოხვდებიან თუ არა 1/8 დიდი ალბათობით, ბოლო ტურში გაირკვევა, რომელშიც, „ქოჩორას" გუნდი ბილბაოში „ატლეტიკოს" დაუპირისპირდება. 29 იანვარსვე, ხვიჩა კვარაცხელიას სახლში მიიღებს „ნიუკასლს". არადა, პარიზელი ქართველის გუნდს, აშკარად შეეძლო, დღეს, ურთულესი გრაფიკიდან, თავის ასატკივებელი რაუნდი ამოეგდო განრიგიდან.
აქვე, შეგახსენებთ, რომ 21 და 22 იანვრების მიჯნაზე, ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურის შეხვედრას გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული" გამართავს. ჩვენ კი, იმედს ვიტოვებთ, რომ ქართველ მეკარეს, „მარსელის" წინააღმდეგ თამაშის შანსი მიეცემა.





ჩვენ










