„ლატვიას წარმატებას ვუსურვებ, მხოლოდ, არა ხვალინდელ თამაშში“- ავთანდილ ასათიანი მატჩის წინ
„ლატვიას წარმატებას ვუსურვებ, მხოლოდ, არა ხვალინდელ თამაშში“- ავთანდილ ასათიანი მატჩის წინ
20.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ, თბილისის დროით 22:00 საათზე, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე აიღებს სტარტს. ავთანდილ ასათიანის გუნდი, მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელი ქვეყნის ლატვიის ეროვნულ ნაკრებს, რიგა არენაზე გადატენილი ტრიბუნების წინ დაუპირისპირდება. დარბაზში, სადაც ჩვენი გუნდისთვის ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო მატჩის წინ, მეორედ ივარჯიშა და უეფა-ს პროტოკოლით გათვალისწინებული MD1-ის ყველა პროცედურა გაიარა, მათ შორის მატჩამდე პრესკონფერენციაზე, ქართული და ადგილობრივი მედიის კითხვებსაც უპასუხა.


„დადგა ის მომენტი, რისთვისაც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ამხანაგურ თუ შესარჩევ მატჩებში ყველაფერს ვაკეთებდით. ვფიქრობ, ჩემი გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის. რთული მატჩები გვექნება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია სირთულეების დაძლევა. პირველი მატჩი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ლატვიის ნაკრები ბოლო წლებში ძალიან პროგრესირებს და კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავს. რა თქმა უნდა, მათ წარმატებას ვუსურვებ, მხოლოდ, არა ხვალინდელ თამაშში", - ამბობს ავთანდილ ასათიანი.


საბრძოლო განწყობაზე და შემართებაზე ლაპარაკობს ჩვენი ფეხბურთელი ირაკლი თოდუა, რომელიც ხვალ, საქართველოს ნაკრებს მოედანზე კაპიტნის რანგში გამოუძღვება.


„შესანიშნავი გარემოა. ევროპის ჩემპიონატს ფიზიკურად და მენტალურად სრულ მზადყოფნაში ვხვდებით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პირველი სამი ქულა მოვიპოვოთ და წარმატებით დავიწყოთ ტურნირი. ქართული სული ქვია იმ ყველაფერს, რაც ამ გზის თანმდევია, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ვეცდებით, რომ ახლა უკვე ევროპის ჩემპიონატზე გავაგრძელოთ ჩვენი წარმატებული სვლა და ჯგუფიდან გავიდეთ", -  ირაკლი თოდუა.


აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისიდან გამგზავრებამდე, ჩვენი ნაკრების კიდევ ერთ გამოცდილ წევრს, შოთა თოფურიას მცირე ტრავმა აწუხებდა და მას გუნდთან ერთად არ უვარჯიშია, თუმცა, თოფურიამ რიგაში ყველა ვარჯიში გუნდთან ერთად ჩაატარა. ასე, რომ გუნდში ყველა კარგადაა!


ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები უეფა-ს რეიტინგში მე-14 პოზიციაზეა, ეს მთელი იმ „ქარ-ცეცხლის" შემდეგ, რაც ჩვენმა გუნდმა წინა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გამოიარა და შეიძლება სიამაყით ითქვას, ფერფლიდან აღსდგა და ზედიზედ მეორე ასპარეზობს კონტინენტის მთავარ პირველობაზე, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ლატვიის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებები იმყოფებიან. და რადგან სიტყვა, რეიტინგი მოიტანა გეტყვით, რომ ფრანგები დღევანდელი მოცემულობით, აღნიშნულ რეიტინგში, მე-6 პოზიციაზე არიან, ხორვატები მე-7-ზე, ხოლო ლატვიელები 27-ე ადგილზე.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ევროპის ჩემპიონატისთვის შემდეგი 14-კაციანი განაცხადი გააკეთა: მეკარეები: თორნიკე ბუკია და ალი ასლანი; წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ჯანო კვარაცხელია, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, ჯანიკო გიორგაია, გიორგი ღავთაძე, შოთა თოფურია.


„ევრო 2026"-ზე საქართვლოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის თამაშების კალენდარი ასეთა:

21 იანვარი / ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი / ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი / საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)