
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მოთამაშის, ერეკლე არსენაშვილის ჯანმრთელობის „ვერდიქტი" ჯერ კიდევ კვლევის ამბავია. სანდო წყაროზე დაყრდნობით, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების წევრს, რომელიც გუშინ, საქართველოსა და შვედეთის ნაკრებების თამაშის დროს დაზიანდა, სავარაუდოდ მენისკი დაუზიანდა. თუმცა, სპორტსმენს კვლავ უტარდება კვლევა და ზუსტ დიაგნოზს და იქიდან გამომდინარე ვადას, თუ რამდენით ჩამოგვშორდა ეკე, მოგვიანებით გავიგებთ. მანამდე კი, ნათელია, რომ საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებისთვის მეტად მნიშნელოვან შეხვედრაში, ნიდერლანდების წინააღმდეგ, დიდი ალბათობით, ჩვენს გუნდს, კიდევ ერთი ძირითად მოთამაშე დააკლდება.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, მალმეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღეს, ჩვენი ნაკრები მსოფლიოს ერთ-ერთ ტიტულოვან, უძლიერეს შვედეთს დაპირისპირდა და 9 ბურთიანი სხვაობით, 29-38 დამარცხდა.
„ვფიქრობ, დღევანდელი მატჩში არ გვქონდა ის საბრძოლო სულისკვეთება. ასე იმიტომ მოხდა, რომ ცოტა უფრო დაღლილები ვიყავით. გვინდოდა, რომ ჩვენი მებრძოლი სული გვეჩვენებინა, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ეს 100 პროცენტით ვერ ვაჩვენეთ. შვედებს ჰყავთ ორი დიდებული მეკარე, რომლებსაც ვერ მოვუძებნეთ გასაღები. მათ წინააღმდეგ რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. დღეს საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით არ წარმოგვიჩენია", - ამბობს ტიტე კალანდაძე მატჩის დასრულების შემდეგ, ხელბურთის ფედერაციის (EHF) ვებ-გვერდისთვის გაკეთებული კომენტარში.
ამავე სტატიაში, რომელსაც EHF-ს ვებ-გვერდი ავრცელებს, ხაზგასმულია, რომ 2024 წელთან განსხვავებით, როდესაც ასევე ჯგუფურ ეტაპზე, შვედეთისა და საქართველოს გზები გადაიკვეთენ და მაშინაც, ის დუელი შვედების გამარჯვებით დასრულდა, ამჯერად, მოედანზე, იყო გუნდი, რომელსაც აშკარად ემჩნეოდა განვითარება და პროგრესი, რომელიც ევროპის წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით აშკარაა.
სხვთა შორის, ეს „პროგრესი" და „განვითარება" ქართველი ხელბურთელების საკლუბო ცხოვრებასაც უკავშირდება და გამომდინარე იმ ორი შეხვედრიდან, რომელიც საქართველოს ნაკრებმა მიმდინარე 2026 წლის ჩემპიონატზე აჩვენა, ვიმედოვნებთ, რომ საკლუბო დონეზე, ჩვენი მოთამაშეები, უფრო მაღალი რანგის კლუბებსა და ჩემპიონატებზე გადაინაცვლებენ.
და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ გუშინ, მრისხანე მეტოქესთან ჩვენმა ნაკრებმა თავი არ დაზოგა, ალბათ, მაინც უფრო გონივრული იყო ძალების ბოლო მატჩისთვის შემონახვა, რადგან, ამ შემთხვევაში, ტიტე კალანდაძის გუნდი, მსოფლო ჩემპიონატზე მოხვედრის და ქართული ხელბურთის ისტორიაში, კიდევ ერთი ახალი ფურცლის ჩაწერის შანსს ინარჩუნებდა. ამ შეხვედრას კი, ჩვენი ნაკრები ხვალ, 21 იანვარს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც ჯგუფში, ასევე ორი შეხვედრა აქვს წაგებული, თუმცა, სატურნირო ცხრილში, ერთი ბურთის სხვაობის ხარჯზე, ამ ეტაპზე ჩვენზე წინ არიან. ასე, რომ ხვალ ორი ბურთით, მაგრამ უნდა მოვიგოთ.





ჩვენ










