
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, მამლოში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური შეხვედრა წააგო, მასპინძელ შვედებთან. თუმცა, მსოფლიოს ერთ-ერთი ტიტულოვან და უძლიერეს გუნდთან E ჯგუფის ამ შეხვედრაში, ტიტე კალანდაძის ხელბურთელები, რამდენიმე მომენტში ხუთგზის ევროპის ჩემპიონებთან ლიდერობდნენ კიდეც. მოვლენებს წინ გავასწრებთ და ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ საბოლოოდ, ჩვენი ნაკრები 9 ბურთიანი სხვაობით, 29-38 დამარცხდა, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცხოვრებაძე დასახელდა, რომელმაც დღევანდელ შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა 16 შესაძლებლობიდან.
ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში მეტოქეების გარკვევისთანავე ცხადი იყო, რომ ჩვენი მთავარი მატჩი ნიდერლანდების წინააღმდეგ იქნებოდა, რადგან ამ წყვილში საუკეთესოს მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი გაუჩნდებოდა. თუმცა, ხორვატებთან თანაბარმა თამაშმა, ქართველებს მადა გაგვიღვიძა და დღევანდელი მატჩის პირველი ტაიმიც, ბოლო წუთებს თუ არ ჩავთვლით, ასეთი ოცნების საბაბს გვაძლევდა. თუმცა, შვედებმა ტაიმის ბოლოს, ტაბლოზე 5-ბურთიანი სხვაობა დაგვიფიქსირეს, 15-20.
პირველი ტაიმის შემდეგ, ცხოვრებაძეს 8 გატანილი გოლი ჰქონდა. 4 გოლი იყო, ნიკა კალანდაძის ანგარიშზე, რომელიც ტრავმის გამო გაცდენილი ხანგრძლივი დროის მერე, გუნდს ერთ-ერთ ლიდერად უბრუნდება. რუსტამოვმა, კბილაშვილმა და დიხამინჯიამ მხოლოდ თითო გოლი გაიტანეს. სხვათა შორის თამაშის ბოლო, 6 „სეივი" იყო ზურაბ ცინცაძის ანგარიშზე, თუმცა, ძირითადად დღეს, ჩვენი ნაკრების კარს დავით ნიქაბაძე იცავდა, რომელსაც 4 „სეივი" დაუგროვდა, აქედან ორი - სასწაული, პირველი ტაიმის ბოლო წუთებში.
ზოგადად ამ შეხვედრაში უშეცდომო არც შვედები იყვნენ და ყველაზე ცუდი ისაა, რომ ამ შეცდომებით ჩვენმა გუნდმა ვერ იხეირა. ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ თამაში, თანაც ამ მეტოქის მშობლიურ კედლებში, გადატენილი დარბაზის წინაშე, თავისას შვრებოდა, თუმცა, ერთიც იყო, აპრიორშივე ნათელი, რომ ჯობდა, შვედებისთვის თავი არ შეგვეკლა და ძალები, ნიდერლანდებთან თამაშისთვის შემოგვენახა.
თუმცა, ჩვენს საფიქრალს, მეორე ტაიმში დაემატა კიდევ ერთი - 43-ე წუთზე ერეკლე არსენაშვილი დაგვემტვრა და ის, საკაცით გაიყვანეს. ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ, ეკეს ჯანმრთელობისა და ტრავმის ხარისხსა და სერიოზულობას. თუმცა, ამ ეტაპზე ხელბურთის ფედერაცია არანაირი ინფორმაციას ხელბურთელის ჯამრთელობის შესახებ არ ავრცელებს.
მეორე ტაიმში, შვედებმა სათამაშო ტემპსაც მოუმატეს, ეს კი, საქართველოს ნაკრებისთვის, რომელშიც დატვირთვა, არსენაშვილის ჩათვლით ძირითადად, რამდენიმე ხელბურთელზე „გადადიოდა", ცოტა რთული აღმოჩნდა ტემპში აყოლა. ამის ფონზე კი, იმატა შეცდომებმა. შვედებმა ანგარიშში სხვაობა ათ ბურთამდეც გაზარდეს, თუმცა, საბოლოოდ, თამაში, 9 ბურთიანი სხვაობით, 29-38 (თამაშის სტატისტიკური ჩანაწერი) დასრულდა. სხვათა შორის, თუ წინა ევროპის ჩეპიონატს გავიხსენებთ, სადაც შვედეთი ასვე ჩვენს ჯგუფში იყო, მაშინ კი, 26-42 დავმარცხდით, ორი წლის შემდეგ, ეს შედეგი ოდნავ გავაუმჯობესეთ.
ახლა, ორი სათამაშო ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ჯგუფში თანაბარი ქულებით ნიდერლანდებთან, ბოლო ადგილზეა. ჯგუფში ჩვენი ბოლო მეტოქეც, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთით ნაკლები გაშვებული გოლის ხარჯზეა სატურნირო ცხრილში ჩვენზე წინ, მესამე ადგილზე. სხვათა შორის, ევრო 2024-ზე, ნიდერლანდებიც ჩვენს ჯგუფში იყო, მაშინ საქართველოს ნაკრები, სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში, ნარინჯისფერებთან 34-29 დამარცხდა. ასე რომ რევანში ასაღები გვაქვს და წინა ევროსგან განსხვავებით, ახლა, უფრო გამოცდილი შემადგენლობითაც ვართ.
დღევანდელ შეხვედრაში კი, ქართული გუნდიდან, თუმცა, ორივე ნაკრებიდან ყველაზე მეტი 11 გოლი გიორგი ცხოვრებაძემ გაიტანა. 5 გოლით დაასრულა თამაში ნიკა კალანდაძემ, 4 გოლი ირაკლი კბილაშვილის, 3-3 გოლი ხაზეინ რუსტამოვისა და გიორგი დიხამინჯიას ანგარიშზეა. თითო გოლი კი, გიორგი ლაპიაშვილმა, გიორგი არეშიძემ და მირიან გავაშელიშვილმა გაიტანეს.
ფოტო: სპორტის სამინისტრო / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










