რაზმაძის „სეივებმა“ და ვასიჩის „პენტატრიკმა“ საქართველოს ნაკრებს ვერ უშველა
რაზმაძის „სეივებმა“ და ვასიჩის „პენტატრიკმა“ საქართველოს ნაკრებს ვერ უშველა
19.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

წყალბურთში, ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის მეორე სათამაშო დღე მძიმე გამოდგა ქართული გუნდისთვის. თამაში, რომელიც რეალურად ქართველთა ნაკრებს, ევროპის საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრის შანსს აძლევდა, დღეს ჩააგდო და ეს, გარემოება საწყენად და გასაბუტად კი არა, გასაძლიერებლად უნდა გამოიყენოს. როგორც ჩანს, ჩვენმა ნაკრებმა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებებში სასწორი ქართველთა სასარგებლოდ არ იყო, ამასთან გვაკლდა ორი წამყვანი მოთამაშე, ნიკა შუშიაშვილი და ვატო დადვანი, ჩვენებმა გადამეტებული მოლოდინი შეიქმნეს. და ალბათ, გამომდინარე იქიდან, რომ აპრიორში ვიცოდით, მეორე ჯგუფურ ეტაპზე, რეალურად რუმინეთზე და თურქეთზე უნდა გაგვეთვალა, იტალიას თავი შევაკალით. არა, ცუდი არ იყო და ღირდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც შუშიაშვილი გაგვიწითლეს, შეგვეძლო ძალები დაგვეზოგა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა.


ანგარიში კი 5-მეტრიანით რუმინელებმა გახსნეს. თუმცა, პირველივე შეტევაში, სტეფან პიეშივაცმა მოახერხა გათანაბრება 1-1, ამასთან ეს ჩვენი წყალბურთელის მერვე გოლი აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონატში.  როგორც აღვნიშნეთ, მატჩის ხასიათიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, ორივე გუნდს ემჩნეოდა დაძაბულობა. ნერვული ფონის გამოც ალბათ, ჩვენს გუნდს ამ მონაკვეთშიც და ზოგადად მატჩშიც, ჰქონდა ბევრი შეცდომა, ძირითადად სიჩქარე შეტევისას, როდესაც ალბათ, უფრო გააზრებული და მომზადებული ქმედებები იქნებოდა შედეგიანი. თუმცა, ეს, ისევ და ისევ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებაა. ბევრი გარჯა უწევდა ამ მონაკვეთშიც და შემდგომაც, ჩვენი გუნდის მეკარეს ირაკლი რაზმაძეს. თუმცა, მას შემდეგ, რაც საბა ტყეშელაშვილმა 6-მეტრაინი ზონიდან უძლიერესი დარტყმით, წინ გაგვიყვანა (2-1), იმედი მოგვეცა. მეოთხედი კი, ფრედ, 2-2 დასრულდა.


იმედი გაძლიერდა მეორე პერიოდის დასაწყისში, როცა დუშან ვასიჩმა პენალტით კიდევ ერთხელ დაგვაწინაურა (3-2), თუმცა, ამის შემდეგ, რუმინელები ორი ბურთით დაწინაურდნენ და საფიქრალი მოგვიმატეს და არც თუ უსაფუძვლოდ. დაცვაში დაშვებულმა შეცდომებმა, მოწინააღმდეგის მიერ ზედიზედ გატანილი 3 გოლი მოიტანა. აი, ამ მომენტში გაჩნდა დღევანდელ შეხვედრაში კიდევ ერთი იმედი - მონაკვეთი ფრედ, 4-4 დასრულდა. დარჩენილ დროში გოლები ვასიჩმა (სამი) და პიეშივაცმა გაიტანეს და მეორე ტაიმის დასაწყისისთვის, ტაბლოზეც საყაიმო ანგარიში იყო. ფრე, ისევე, როგორც სლოვენიელებთან შეხვედრისას.  


მეორე პერიოდის მსგავსად, მესამეს დასაწყისშიც ჩვენ დავწინაურდით, ამჯერად პიეშივაცმა სარიჩის გადაცემით გაიტანა და დაგვაწინაურა 7-6. თუმცა ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ორი ბურთი გაუშვა, შეცდომებს უმატა და ძალიან ბევრი შეტევა გააფუჭა (!). საბოლოოდ, ეს მონაკვეთი 1-2 წავაგეთ და გადამწყვეტი მონაკვეთის წინ, რუმინელებს ერთბურთიანი უპირატესობა მივეცით.


ბოლო მონაკვეთში, რუმინელებმა ნელ-ნელა მოახერხეს უპირატესობის გაზრდა, თუმცა, ძირითადად, სამბურთიანი სხვაობის ირგვლივ ვიტრიალეთ. თავიდანვე ვთქვათ, რომ ეს მონაკვეთი 3-7, შეხვედრა კი, საბოლოოდ, ხუთი ბურთით, 10-15 წავაგეთ (მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი). საქართველოს ნაკრებიდან ამ მონაკვეთში იოან სარიჩმა (8-10), ლუკა ჩიქოვანმა (9-11) და დუშან ვასიჩმა(10-14) გაიტანეს. საბოლოოდ, ჩვენი გუნდიდან ყველაზე მეტი გოლიც, სწორედ ვასიჩის ანგარიშზე - 5. აი, ლუკასთვის კი, დღევანდელი გოლი სადებიუტო იყო მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე.


მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას 21 იანვარს, თბილისის დროით 18:30 წუთზე თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გავმართავთ.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი