
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს მალმოში, ევროპის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრა გამართა და ცოტა არ იყოს, მომავალი მეტოქეც, მასპინძელი შვედეთის ნაკრებიც შეაფიქრიანა, რადგან ტიტე კალანდაძის გუნდი მსოფლიო ხელბურთის ერთ-ერთ ძლიერ ნაკრებს, ხორვატიას მხოლოდ, შეხვედრის ბოლო 2-3 წუთში „დანებდა". ჩვენმა გუნდმა, წააგო თამაში, რომელშიც რამდენჯერმე ლიდერობდა კიდეც- მაგალითად, პირველი ტაიმის დასაწყისში, როდესაც საქართველოს ნაკრებმა 6 ბურთით მოახერხა დაწინაურება და ანგარიშშიც 6-12 წაიყვანა. თუმცა, გამოცდილ ხორვატთა მიერ აღებულ წუთ-შესვენებას, ლოგიკური გაგრძელება მოჰყვა და ჩვენმა მეტოქემ, ჯერ, შეხვედრის 26-ე წუთზე გაგვითანაბრა, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხა, 13-12.
სამწუხაროდ, აქ, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, თავი სასტარტო მღელვარებამ იჩინა, მითუმეტეს, რომ ალბათ, თავად ჩვენი ხელბურთელებიც არ მოელოდნენ ძლიერ მეტოქესთან მსგავს სტარტს. ასევე სამწუხაროდ, რადგან ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მითუმეტეს, თუ „საქმე მიგვდის" და დღეს, ნამდვილად ასე იყო, ჩვენს ნაკრებს, მას შემდეგ, რაც მე-12 გოლი გავიტანეთ, ჰქონდა 10-წუთიანი „მშრალი" მონაკვეთი, რომელსაც წერტილი ხაზეინ რუსტამოვმა დაუსვა. პირველ ტაიმში, რუსტამოვს 100%-იანი შედეგი ჰქონდა, სამი დარტყმიდან 3 გოლი.
ერთი საინტერესო სტატისტიკა, პირველი ტაიმის შემდეგ, 100%-იანი შედეგი 3/3 ჰქონდა მირიან გავაშელიშვილსაც. 6 შესაძლებლობიდან 3 გოლი გიორგი ცხოვრებაძის, 4-დან 3-ი ნიკა კალანდაძის ანგარიშზე იყო. კიდევ ორი გოლი გიორგი დიხამინჯიამ გაიტანა. სხვათა შორის, ამ ტაიმშიც და შემდგომ მეორეშიც, ქართველ ხელბურთელებს საკმაოდ ლამაზი კომბინაციების შემდეგ გაჰქონდათ და მოგვიანებით ეს გოლები, ტურნირის ორგანიზატორების ჰედლაინებშიც დამსახურებულად მოხვდა. პირველი ტაიმი კი, ერთი ბურთის სხვაობით, 15-14 წავაგეთ.

მეორე ტაიმში ლიდერი რამდენიმეჯერ შეიცვალა. თამაში კი, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ალბათ, პატარა შეხლა-შემოხლაც, თამაშის ბოლოს, გამოცდილმა მეტოქემ, იმიტომ წამოიწყო, რომ ქართველთა გუნდის ნაპერწკალი ჩაექრო, რაც რეალურად გამოუვიდათ კიდეც. ქართულ გუნდი, რომელიც მხოლოდ მეორედ ასპარეზობს ევროპის ჩემპიონატზე და რეალურად, დღეს მეოთხე თამაშს ატარებდა მსგავს ფორუმზე, მეტოქის ანკესზე წამოეგო და მაშინ, როცა შეგვეძლო ანგარიშის გათანაბრება სამი გოლი გავუშვით. თუმცა, ამ შეხვედრაში წერტილი გიორგი დიხამინჯიამ დასვა და საბოლოო ანგარიში 32-29 (იხილეთ ტექნიკური ჩანაწერი) დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ 36-ე წუთზე ირაკლი კბილაშვილმა მოახერხა გათანაბრება, 18-18. ორ წუთში კი, დიხამინჯიას გოლით წინაც გავედით 19-20. საკალათბურთო ტერმინი, რომ გამოვიყენოთ, თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა, ერთ მომენტში, ჩვენ ორი გოლითაც გავედით წინ. აი, სწორედ აქედან, დაიწყო „ნერვების თამაში" და გამოცდილებამ მსგავს ტურნირებზე, თავისი გააკეთა. თუმცა, ალბათ, კალანდაძის შეგირდებმა, აქედანაც უნდა სწორი დასკვნა გააკეთონ და უკვე მეორე ტურის შეხვედრისთვის პრაქტიკაში გამოიყენონ. მომდევნო თამაშს კი, ჩვენი ნაკრები 19 იანვარს, შვედეთის წინააღმდეგ გამართავს.
დღევანდელი თამაშის ბოლოს კი, საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე მეტი 7 გოლი, გიორგი ცხოვრებაძეს ჰქონდა გატანილი. 6 გოლი დაუგროვდა გიორგი დიხამიჯიას. 5-5 გოლი გაიტანეს ხაზეინ რუსტამოვმა და ნიკოლოზ კალანდაძემ. 4 გოლი მირიან გავაშელიშვილის ანგარიშზეა. 2 გოლიც ირაკლი კბილაშვილმა გაიტანა. აღსანიშნავია ჩვენი გუნდის მეკარისა და კაპიტნის, ზურაბ ცინცაძის 9 მოგერიება, საიდანაც ერთი პენალტი იყო.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებ E ჯგუფში, მასპინძელი შვედეთი, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.
ფოტო: სპორტის სამინისტრო / ხატია ჯიჯეიშვილი





ჩვენ










