
შეფილდში ქართული საახალწლო ზღაპარი გრძელდება. ქართული სპორტის მოყვარულებისთვის, წლების წინ წარმოუდგენელი ამბები ხდება - ქართველი ნიკა ეგაძე, ფიგურულ ციგურაობაში მამაკაცთა შორის ევროპის ჩემპიონია. თან, თბილისში დაბადებული 23 წლის ქართველი ამას ისე აკეთებს, რომ ორი პროგრამის ჯამში 273 ქულას აგროვებს და მეორე ადგილზე გასულ იტალიელ მატეო რიზოს 16.63 ქულით უსწრებს. ამავდროულად, ნიკა აუმჯობესებს პირად რეკორდს 266.90 ქულას, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში დენის ტენის მემორიალზე (ჩელენჯერის ეტაპი) დაამყარა და რაც ამავდროულად მისი სეზონის საუკეთესო შედეგი იყო (!). ოლიმპიური თამაშების წინ, კარგი განაცხადია, თუმცა, როგორც ასპარეზობის დასრულების შემდეგ ნიკა თავად თქვა, ახლა სჭირდება დასვენება, პირველ რიგში ფსიქოლოგიურად და შემდეგ, მილანისთვის მომზადება.
თუმცა, მოდით დავიწყოთ თავიდან - ნიკამ, არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ევროპის 2026 წლის ჩემპიონატი მოკლე პროგრამის შემდეგ მოიგო, რადგან ის ყინულზე ყველაზე ბოლო გამოვიდა, გამოვიდა მაშინ, როცა იცოდა ყველა მეტოქის შედეგი და ასეთ დროს, ყველაზე მთავარი ცივი გონებით და ფსიქოლოგიურად მყარი გამოსვლა სჭირდებოდა. ქართველმა, გენეტიკური ემოციურობის მიუხედავად ეს მოახერხა (!).
როდესაც დავიწყე პროგრამა ვგრძნობდი, რომ ცოტას ვნერვიულობდი, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რაც მწვრთნელებმა მითხრეს და მოვახერხე ჩემი თავი წარმომედგინაო და ეს, ნიკა ეგაძემ მოახერხა, კვლავ ბოლომ ყინულზე, როცა ყველას შედეგი იცოდა, ქართველმა თავისუფალ პროგრამაში, 181.72 (100.86 / 80.86) ქულა მიიღო და იმას გარდა, რომ კვლავ მოახერხა პირადი რეკორდის (179.32) გაუმჯობესება, მოკლე პროგრამის მსგავსად, თავისუფალ პროგრამაშიც პირველი ადგილი აიღო, თან, მეორე ადგილზე გასულ რიზოს 13.35 ქულით აჯობა.
ალბათ, აქვე უნდა ვთქვათ, რომ მამაკაცთა შორის ასპარეზობდა 2025 წლის ევროპის ჩემპიონი ლუკაჩ ბრიჩკი, რომელიც საბოლოოდ 236.90 ქულით, მხოლოდ მე-4 ადგილზე გავიდა.
ასე და ამრიგად, დიდ ბრიტანეთში ქართულმა გუნდმა მეორე ოქროს მედალი მოიგო!
შეფილდ არენაზე გასათამაშებელი მედლების ერთი კომპლექტი დარჩა - სპორტულ ცეკვებში, სადაც ქართული წყვილი, დიანა დევისი და გლებ სმოლკინი რიტმული ცეკვების შემდეგ, მე-6 ადგილზე არიან.





ჩვენ










