ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა
ფუტსალის ნაკრებმა ლატვიაში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა
17.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს დიდი სტუმრიანობა ჰქონდა. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფუტსალის ნაკრები მომავალ ევროპის ჩემპიონატზე ქვეყნის პრემიერ მინისტრმა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გააცილეს. ავთანდილ ასათიანის გუნდმა, ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე თბილისში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.


„ვფიქრობ, მზად ვართ ევროპის ჩემპიონატისთვის. თბილისში დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ ლატვიაში გავემგზავრებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას ვგრძნობთ, რაც ასეთ დროს ფეხბურთელებს დამატებით მოტივაციას აძლევს. მჯერა, რომ ყველას შეგვიძლია მინიმუმ ის წარმატება გავიმეოროთ, რაც წინა ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ყველას ვპირდებით თავდადებას. ვამაყობთ იმით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას ასეთ მაღალ დონეზე, რასაც ევროპის ჩემპიონატი ჰქვია", - ამბობს ავთანდილ ასათიანი, მედიასთან კომენტარისას.


საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა აღნიშნა, რომ გუნდში არის მიკრო-ტრავმები. მაგალითად, დღეს თანაგუნდელების ვარჯიშს, მხოლოდ თვალს ადევნებდა შოთა თოფურია. თუმცა, ფეხბურთელი ლატვიაში გუნდთან ერთად გაემგზავრება. 19 იანვარს კი, საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი, იმ 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტში ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით ემზადება - მეკარეები: თორნიკე ბუკია, ბექა ტყემალაძე, ალი ასლანი, ლუკა ხარშილაძე;  წინა ხაზის მოთამაშეები: გიორგი ჩიმაკაძე, ვახტანგ კეკელია, არჩილ სებისკვერაძე, ირაკლი თოდუა, ვახტანგ ჯვარაშვილი, ჯანო კვარაცხელია, ნიკოლოზ გაბრიჩიძე, ნუკრი ჭუმბურიძე, საბა ტყეშელაშვილი, ლევან სვანიძე, ჯანიკო გიორგაია, ნიკა ხარატიშვილი, გიორგი ღავთაძე, შოთა თოფურია.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა, ზედიზედ მეორედ მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ლატვიაში გამგზავრებამდე, რაც მედიასთან ფეხბურთელებმაც და სფფ-ის პრეზიდენტმაც აღნიშნეს, რომ განსხვავებით პირველი ევროსგან, როდესაც ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ბევრი ნატურალიზებული ფეხბურთელი იყო, ამჯერად, ასათიანის გუნდმა ქართველი ფეხბურთელები, ძირითადად, ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშეებით მოახერხა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა. ბუნებრივია, ეს სფფ-ის მიერ სწორად დაგეგმილი გრძელი მოსამზადებელი ციკლი იყო. ასათიანის გუნდს, შეიძლება ითქვას, სპარინგის გარეშე თვე არ ჩაუგდია.


„გვიხარია და ვამაყობთ, რომ ფუტსალის ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. იმედიანად ვართ და გვჯერა, რომ სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის მსგავსად, ახლაც წარმატებით ვიასპარეზებთ. ძალიან კარგი და მოტივირებული გუნდი გვყავს. მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო, კიდევ ერთხელ მივულოცო ევროპის ჩემპიონატზე გასვლა და წარმატებები ვუსურვო,"- ამბობს ლევან კობიაშვილი.


საქართველოს ფუტსალის ნაკრები ხვალ, 18 იანვარს ლატვიაში გაემგზავრება. ევროპის ჩემპიონატში კი, 21 იანვარს, მასპინძელ ლატვიასთან თამაშით გახსნის.


21 იანვარი / ლატვია - საქართველო (რიგა, ლატვია)

25 იანვარი / ხორვატია - საქართველო (რიგა, ლატვია)

28 იანვარი / საქართველო - საფრანგეთი (კაუნასი, ლიეტუვა)



სფფ-ს ფოტო