
24 მონაწილეს შორის ყინულზე მე-14 ნომრად გამოსული ანასტასია გუბანოვა, შეფილდის ყინულის სასახლეში ბოლო გამომსვლელის, ესტონელი ნიინა პეტროკინას გამოსვლამდე თავისუფალი პროგრამის ლიდერი იყო. შესაბამისად, საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრმა, თავისუფალ პროგრამაში მეორე ადგილი და მცირე ვერცხლის მედალიც მოიგო, თუმცა, სამწუხაროდ, ორი პროგრამის ჯამში, საპრიზო ადგილამდე, მხოლოდ 2.51 ქულა დაგვაკლდა. ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას დავაფიქსირებ, ფიგურულ ციგურაობაში, სადაც ხშირად (წლების მანძილზე) სპორტსმენის შეფასებისას მსაჯთა პირადი სიმპათიები პრიორიტეტშია, ალბათ, ნასტიას, მოკლე პროგრამაში უფრო მაღალი საფეხურის დაკავების შემთხვევაში, დღეს, საქართველოს წარმომადგენელი, უფრო მაღალ ქულებსაც გამოკრავდა ხელს.
მოკლე პროგრამის შემდეგ დაკავებული მე-11 ადგილის გამო, დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, ოქროს თუ არა მედლების ერთ-ერთ კანდიდატს, ანასტასია გუბანოვას, თავისუფალ პროგრამაში, როგორც უკვე გითხარით მე-14-ს მოუწია გამოსვლა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ყველა მისი მთავარი კონკურენტი მის შემდეგ იასპარეზებდა. მათ შორის, ჩვენი გოგოსთვის, ასე ვთქვათ, პერსონალურმა კონკურენტმა ბელგიელმა ლეონა ჰენდრიქსმა, რომელმაც საქართველოს წარმომადგენელთან თავისუფალი პროგრამა წააგო.
საქართველოს გუნდის წარმომადგენელი 2025-2026 წლის სეზონზე მოგეხსენებათ, თავისუფალ პროგრამას, გასული საუკუნის 90-იანებში პოპულარული ამერიკული მხატვრული ფილმის „მოჩვენებას" საუნდ-ტრეკებზე (Unchained Melody, The Love Inside) ასრულებს და კოსტიუმიც, თემატიკასთან სრულად შერწყმულია. თავისუფალ პროგრამაში გუბანოვას საუკეთესო შედეგი 2025 წლის 19 აპრილს, ISU World Team Trophy-ზე აქვს დაფიქსირებული, 141.39 ქულა, ხოლო 2025-2026 წლების სეზონზე, თავისუფალ პროგრამაში, მისი საუკეთესო შედეგი 138.15 ქულა იყო, რის წყალობითაც ჩვენიანმა, ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიგო.
ანასტასია გუბანოვა დღეს, განსხვავებით, პირველი საასპარეზო დღიდან, უფრო მშვიდი და მობილიზებული იყო, რაც მის გამოსვლასაც დაეტყო. ბუნებრივია, იყო „მოკვდავის" თვალით დაუნახავი ხარვეზებიც, თუმცა, რაზეც თუნდაც, ლეონას გამოსვლისას „თვალს დახუჭავენ" მსაჯები, იქ როგორ წესი გუბანოვას არ პატიობენ. ამიტომ ოლიმპიური თამაშებისთვის ჩვენი გუნდის წარმომადგენელს, მაქსიმალურად ცივი გონებით სჭირდება გამოსვლა. დღეს კი, თავისუფალ პროგრამაში 128.19 (63.55/64.64) ქულით, მეორე შედეგი აჩვენა. ორი პროგრამის ჯამში კი, 184.36 ქულით, მე-5 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.
რა თქმა უნდა, ანასტასიას და ჩვენც უფრო მეტი გვინდოდა, მაგრამ დღევანდელი გამოსვლა იმედს გვიტოვებს, რომ მილანში ქართულ ოლიმპიურ გუნდს, ქალთა შორის მედალი ექნება.
ხვალ კი, შეფილდში მედლების ბოლო, მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს ნიკა ეგაძე, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ ლიდერია. სპორტულ ცეკვებში კი, რაც შეიძლება მაღალი საფეხურის დაკავებას დიანა დევისი და გლებ სმოლკინი შეეცდებიან, რომლებიც დღევანდელი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მე-6 ადგილზე არიან. ჩვენი გუნდიდან, ყინულზე ბოლოს, სწორედ ისინი იასპარეზებენ.





ჩვენ










