საქართველოს წყალბურთი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზეა
საქართველოს წყალბურთი ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზეა
15.01.2026
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზეა. რეალურად ჯგუფში, სადაც ბერძენი სპეციალისტის საკის კეჩაგიასის გუნდს მოუხდა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა, ურთულესი იყო - სლოვენიის ნაკრების გარდა, რომელიც დღეს, რამდენიმე წუთის წინ გადამწყვეტ ბრძოლაში 11-22 დავამარცხეთ, ქართველთა ნაკრებს უძლიერესი საბერძნეთი და ხორვატია ჰყავდა ჯგუფში. ახალი ფორმატი კი, საქართველოს ნაკრებს ძალების სწორად გადანაწილებისა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, სადაც სამი გუნდი აგრძელებდა ასპარეზობას, სწორი გათვლები და აქცენტები სჭირდებოდა.


როგორც ჩანს, ჩვენი ნაკრები გათვლაც სწორედ ეს „მცირე დეტალი" იყო. თუმცა, ბუნებრივია, იგივე გათვლები ექნებოდა სლოვენიის ნაკრებს, რომელიც სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდი იყო. აქ კი, სწორი გათვლა, ჩვენი ნაკრების გამოცდილებაზე უნდა აგებულიყო.


რაღა დაგიმალოთ და პირველი ტაიმი, გვარიანად ვინერვიულეთ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი პერიოდი 3-4 მოვიგეთ, მეორეში კი ჩვენ დავმარცხდით 1 ბურთით, 4-5 და პირველი ტაიმის შემდეგაც საყაიმო ანგარიში იყო 8-8, შეხვედრის ამ მონაკვეთში იყო დაძაბული თამაში და ბევრი შეცდომა, რომელიც ბერძენი სპეციალისტის საქართველოს ნაკრებს მეორე ტაიმში ჰქონდა გამოსასწორებელი. აქვე გეტყვით, რომ პირველი ტაიმის პირველ მეოთხედში, ქართველთა გუნდიდან გოლები დუშან ვასიჩმა, სანდრო ადეიშვილმა და ნიკა შუშიაშვილმა  გაიტანეს. სწორედ, ნიკას გოლით მოახერხეს ჩვენებმა ამ შეხვედრაში დაწინაურება. მეორე ტაიმში კი, ვატო დადვანის გოლის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობითაც დაწინაურდა თუმცა, სლოვენიელებმა მალევე მოახერხეს გათანაბრება და თამაში ბურთი-ბურთში წავიდა. ჩვენ ვერ ვახერხებდით, სლოვენიელთაგან იაშა კადივეცის შეკავებას. ამ მონაკვეთში დადვანის გარდა გოლები ტანკოვიჩმა, შუშიაშვილმა და კვლავ დადვანმა გაიტანეს.


მესამე პერიოდში გოლების ათვლა ჩვენი გუნდის სასარგებლოდ ვლაჰოვიჩმა დაიწყო. გამოცდილი მაგრაქველიძის წყალობით, სხვაობა მალე კვლავ ორ ბურთამდე გაიზარდა, ამის შემდეგ საბა ტყეშელაშვილის გოლის წყალობით პირველად დავწინაურდით 3 გოლით და რეალურად შეიძლება პირველად, მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა იგრძნო, რომ მათ რწმენა დაიბრუნეს. შეხვედრის ამ მონაკვეთში გაიტანა პიეშივაცმა, ვასიჩმა, ტანკოვიჩმა დუბლი გაიფორმა. ჩვენმა ნაკრებმა კი, მონაკვეთი ოთხი ბურთის სხვაობით, 2-6 მოიგო. საერთო ანგარიშში კი, 10-14 დაწინაურდა.


ბუნებრივია, ბოლო მონაკვეთში ამოქმედდა „გამოცდილება" და საქართველოს ნაკრებმა, როგორც დაგეგმილი იყო, ევროპის ჩემპიონატზე, პირველი დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. თუმცა, ალბათ აქ, უფრო სასიამოვნო ის მომენტია, რომ ჩვენმა გუნდმა, რომელიც თამაშის წინ, ფურცელზე ფავორიტად ითვლებოდა, ეს უპირატესობა „წყალშიც" დაამტკიცა და ბოლო მონაკვეთში მეტოქეს 7 ბურთით 1-8 მოიგო. საბოლოოდ, კი, სლოვენიისა და საქართველოს ნაკრებების თამაში 11-22 (იხილეთ თამაშის ტექნიკური ჩანაწერი) დასრულდა.


ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს იტალიის, რუმინეთისა და თურქეთის ნაკრებებთან უწევთ თამაში. ორი გამარჯვების შემთხვევაში კი, ჩვენი გუნდი, ავტომატურად ევროპის 8 უძლიერეს გუნდში მოხვდება.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობების ფედერაცი / თამუნა ყულუმბეგაშვილი